როგორ გაუკაფა თსუ-მ ეკა წილოსანს მომავლის გზა

თარიღი: 2026-02-06 17:40:40

თსუ-ს  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის  მესამე კურსის სტუდენტი ეკა წილოსანი თვლის, რომ ადამიანის ცხოვრებაში სტუდენტობა გარდამტეხი ეტაპია,  რადგან იგი მოითხოვს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას, შრომასა და პასუხისმგებლობას.

„თსუ-ში სწავლის პროცესში  უფრო მიზანდასახული გავხდი  და ჩამომიყალიბდა მკაფიო ხედვა ჩემი სამომავლო გეგმების შესახებ. გამართული სასწავლო პროგრამა და აკადემიური გარემო გახდა გარანტი ჩემი პროფესიონალური განვითარების პროცესში –  ყოველი ლექცია ჩემთვის ახალი ცოდნისა და მიმართულების აღმოჩენის შესაძლებლობა იყო. კომპიუტერული მეცნიერება მრავალმხრივი სფეროა და განსაკუთრებით ვაფასებ იმ ფაქტს, რომ ლექტორები ცდილობენ სტუდენტებს მისცენ ფართო და რეალისტური წარმოდგენა სხვადასხვა მიმართულებაზე. მნიშვნელოვანი მოტივაცია იყო ისიც, რომ ჩემი შრომა დაფასდა და გავხდი სახელმწიფო სტიპენდიატი. ამასთან ერთად, გავიაზრე, რომ თსუ-ს სტუდენტობა მხოლოდ პრივილეგია კი არ არის, არამედ დიდი პასუხისმგებლობაცაა, რადგან თსუ-ს მიღმა დიდი ისტორიაა. ყოველთვის ვამაყობდი იმით, რომ ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, რადგან თსუ რეალურ შესაძლებლობას გაძლევს განვითარდე და გახდე წარმატებული პროფესიონალი“, – ამბობს ეკა. 

როგორც ყველა წარმატებულ სტუდენტს, ეკასაც ჰქონდა სურვილი გაცვლით პროგრამაში ჩართულიყო. მან იცოდა, რომ მიზნის მისაღწევად მაღალი აკადემიური მოსწრება უნდა ჰქონოდა ყველა სემესტრში, ამიტომ თავს არ ზოგავდა, რომ კარგად ესწავლა. ბოლოს მან საწადელს მიაღწია. ეკა პოლონეთში, ქალაქ პოზნანში,  ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მოხვდა, როგორც ხელოვნური ინტელექტისა და კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი.

„მიუხედავად იმისა, რომ თსუ-ში ვსწავლობ ინგლისურენოვან პროგრამაზე და ყოველდღიურად მიწევს მულტიკულტურულ გარემოში ყოფნა, საზღვარგარეთ სწავლამ მნიშვნელოვნად გააფართოვა ჩემი მსოფლმხედველობა. გავიცანი სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტები და ლექტორები, მათ შორის ისეთი პროფესიონალები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით კომპიუტერული მეცნიერებისა და ტექნოლოგიური სფეროს განვითარებაში.

მქონდა შესაძლებლობა, უცხოელი მეგობრებისთვის გამეზიარებინა ცოდნა ქართული კულტურისა და ტრადიციების თაობაზე, ამავდროულად, მესწავლა სხვა კულტურების შესახებ. ყოველდღიურმა ცხოვრებამ უცხოენოვან გარემოში მასწავლა ადაპტაცია, დამოუკიდებლობა და პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო დამოუკიდებლად ცხოვრება და იმის სწავლა, თუ როგორ გავუმკლავდე აკადემიურ პროცესთან ერთად ყოველდღიურ გამოწვევებს. ეს ერთი სემესტრი სავსე იყო სიახლეებითა და სირთულეებით, რომლებმაც დამანახა, რომ გაცვლითმა პროგრამამ არა მხოლოდ ჩემს განათლებასა და პროფესიულ განვითარებაზე იმოქმედა, არამედ პიროვნულადაც გამაძლიერა და მეტად თავდაჯერებული გამხადა“, – ამბობს ეკა წილოსანი საკუთარი შთაბეჭდილებების გაზიარებისას.   

როგორც ეკა აღნიშნავს, პოზნანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში იყო ბევრი უცხოელი ლექტორი, რომლებიც მსოფლიოში წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობენ. მათგან მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მისთვის განსაკუთრებით ღირებულია. ,,ლექტორები აქტიურად ინტერესდებიან უცხოელი სტუდენტებით და ხშირად თავადაც ავლებდნენ პარალელებს უნივერსიტეტებს შორის. როდესაც მათ ჩემი უნივერსიტეტი გავაცანი, არაერთხელ გამოთქვეს აღფრთოვანება თსუ-ს ისტორიით, მიღწევებითა და აკადემიური შედეგებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემი მიმღები უნივერსიტეტი თსუ-ს დაარსებიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შეიქმნა, რაც კიდევ უფრო საინტერესო საფუძველს ქმნის შედარებისთვის. როგორც სტუდენტმა, რომელმაც განათლება ორივე უნივერსიტეტში მიიღო, შემიძლია ვთქვა, რომ თსუ გაძლევს ძლიერ და მყარ საფუძველს, რომელიც საშუალებას გაძლევს მსოფლიოს ნებისმიერ უნივერსიტეტში გააგრძელო სწავლა თავდაჯერებულად და წარმატებით“, – ამბობს ეკა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ემადლიერება მომავლის გზის გაკაფვაში.

Facebook
Twitter
LinkedIn