ნიკა და ივიკო მახარობლიშვილების ძმობის სიმფონია
ფილმის ჩვენება დამთავრდა…
ეკრანზე ბოლო კადრებიც ჩამოიშალა – გუსტავ მალერის სიმფონია ჯერ კიდევ ისმოდა, მაგრამ დარბაზი სიჩუმეს მოეცვა, სიჩუმეს – რომელიც მხოლოდ ნამდვილმა ისტორიამ იცის… იმ წუთას, როცა ეკრანი ჩაქრა, აუდიტორია თითქოს სხვა სივრცედ გადაიქცა – სივრცედ, სადაც დრო შეჩერდა…
„ძმები“ – ასე ჰქვია სტუდენტურ ფილმს, რომელმაც ტრაგიკული ისტორია გვიამბო ნიკა და ივიკო მახარობლიშვილების შესახებ. ნიკა თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურმეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი იყო. ის დაუფიქრებლად გადაეშვა წყალში ძმის საშველად და თავადაც შეუერთდა უსასრულობას…
* * *
15 ივლისს თსუ-ში ფილმ ,,ძმების” ჩვენება გაიმართა, რომელიც 3 წლის წინ ტრაგიკულად დაღუპული ნიკა და ივიკო მახარობლიშვილების ხსოვნას მიეძღვნა.
,,ფილმის შემოქმედებითი გუნდის წევრმა ახალგაზრდებმა ნიკა და ივიკო თავიანთი თაობის გმირებად აირჩიეს. ეს თანამედროვე გმირობის მაგალითი სიყვარულს, ერთგულებას, თავგანწირვას გვიჩვენებს, ფასეულობებს, რომელთაც ნებისმიერ ვითარებაში ძალისა და იმედის მოცემა შეუძლიათ”, – ამბობს პროექტის ხელმძღვანელი ნათია რაჭველიშვილი, რომელმაც შემოქმედებითი ჯგუფის წევრები პროფესორ მანანა შამილიშვილთან ერთად შეარჩია. აღსანიშნავია, რომ ფილმი, თსუ-ს სტუდენტურ კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედია ცენტრის ბაზაზე შეიქმნა. კინოჩვენებას ესწრებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, რომელმაც აუდიტორიას ემოციურად მიმართა და ფილმის ავტორებს დიდი მადლობა გადაუხადა.

,,ნიკას რამდენიმე საგანს ვასწავლიდი. ნათელი გონების, განათლებული, ჭკვიანი, პასუხისმგებლიანი და თავმდაბალი სტუდენტი იყო. მისი ეს თავმდაბლობა ყველაზე დიდ პატივისცემას იმსახურებდა ჩემგან. სწორედ ასეთ წესიერ ადამიანებს შეუძლიათ იპოვონ თავიანთ თავში სიმტკიცე და გაიმარჯვონ თვითგადარჩენის უძლიერეს ინსტინქტზე”, – აღნიშნავს თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი სალომე დუნდუა. ფილმი ნიკას შესახებ სწორედ მისი მოგონებებით იწყება.
,,ძმების” შემოქმედებითი გუნდი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის როგორც მოქმედი სტუდენტებისგან, ისე კურსდამთავრებულებისგან შედგებოდა და ფილმზე 6 თვის განმავლობაში მუშაობდა. პირველი ეტაპი სცენარის კონცეფციის შემუშავება იყო. როგორც პროექტის ხელმძღვანელი ჩვენთან საუბარში განმარტავს, მთავარი სირთულე ამ ამბის გადმოცემის ფორმის და მხატვრული ხერხების მოძიება იყო – ერთი მხრივ კორექტულობა უნდა შეენარჩუნებინათ, რადგან ადრესატი ძმების ოჯახის წევრები იყვნენ, მეორე მხრივ კი თავი უნდა აერიდებინათ ყალბი პათოსისთვის. ,,გუნდში განვიხილავდით იდეებს, ვმსჯელობდით. ყველა გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმებით მიიღებოდა და არა ერთპიროვნულად. ჩემთვის, როგორც მენტორისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ერთიანობა დამენახა. აი, მაგალითად, მითების ისტორია ერთ-ერთმა სტუდენტმა მოიფიქრა. ატმოსფერული ვიდეოები ერთად შევკარით. არ გვინდოდა ყოფილიყო მხოლოდ მშრალი ინტერვიუები, მხოლოდ გახსენება. ფილმისთვის გვინდოდა მხატვრული ფორმა მიგვეცა”, – გვითხრა ნათია რაჭველიშვილმა.
ფილმის შექმნაში მონაწილე ყველა სტუდენტს თავისი როლი და ფუნქცია ჰქონდა. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა ერეკლე ფოლადიშვილი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა როგორც ტექნიკური აღჭურვილობით (კამერა, მიკროფონი) და ფილმის გადაღებით, ისე მონტაჟით. მისი თქმით, გადაღებები თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა. მათ ინტერვიუები ჩაწერეს თსუ-ს პროფესორებთან, ძმების სკოლის მასწავლებლებთან და ოჯახთან.
,,ამ ფილმზე მუშაობისას გაქრა ზღვარი პოლიტიკურად და ნებისმიერი სახით დაპირისპირებულ მხარეებს შორის. ჩვენ მოვახერხეთ გაგვეერთიანებინა ყველა, ვისთვისაც ეს თემა იყო ძვირფასი და მტკივნეული. ყველამ გვერდზე გადადო განსხვავებული შეხედულებები და უმაღლესი ფასეულობისთვის თავისი წილი აგური დადო”, – აღნიშნავს ერეკლე.
ხაზგასასმელია, რომ ფილმის შექმნაში ის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც ნიკა მახარობლიშვილს პირადად არ იცნობდნენ. მაგალითად თინათინ ჭავჭანიძე, რომლის შეფასებითაც ასეთ რთულ თემაზე ფილმის გადაღება ბეწვის ხიდზე გავლას ჰგავს. ,,მე მაშინ ჩავირიცხე უნივერსიტეტში, როცა ნიკას უნდა დაემთავრებინა, ერთმანეთს არ ვიცნობდით. ამის მიუხედავად, იმ წამიდან, როცა ნიკას და ივიკოს ამბავი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, ძალიან განვიცადე და თითქოს ამ ტრაგედიის ნაწილად ვიგრძენი თავი”, – გვითხრა თინათინმა.
ფილმის კიდევ ერთი ღირსება ორიგინალური მუსიკალური გაფორმებაა. თსუ-ს კურსდამთავრებულმა სალომე კვირიკაშვილმა სპეციალურად ამ პროექტისთვის დაწერა მუსიკალური კომპოზიცია. გარდა ამისა, ფილმში გამოყენებულია ნინო ქათამაძის ,,იები” და გუსტავ მალერის სიმფონია N5.
,,ვფიქრობ, შევძელით ხელოვნების მთავარი მიზნის მიღწევა – მაყურებლის კათარზისამდე მიყვანა. დარბაზში არც ერთი ადამიანი არ დარჩენილა გულგრილი”, – აცხადებს ნათია რაჭველიშვილი.
ემოციური იყო ძმების დედის გამოსვლა ფილმის დასრულების შემდეგ: ,,მიუხედავად იმისა, რომ ორივე შვილი ერთდროულად მესვენა სახლში, ერთხელაც არ მიფიქრია, რომ ნიკა ასე არ უნდა მოქცეულიყო… ვიცი, რომ ის სახლში ვერ დაბრუნდებოდა და ვერ მეტყოდა – დედა, ივიკო დავკარგეთო. ამ ქვეყნად ერთი შვილი დამრჩა და ყველაფერს ვიზამ, რომ ისეთივე გაიზარდოს, როგორებიც მისი ძმები იყვნენ“.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა სალომე დუნდუამ ჩვენთან საუბარში მადლიერება გამოხატა ფილმის შექმნაში ჩართული ყველა მხარის მიმართ: „უდიდესი მადლობა ქალბატონებს – ნათია რაჭველიშვილს და მანანა შამილიშვილს ამ ფილმის შექმნაში გაღებული ძალისხმევისთვის, მულტიმედია ცენტრს და არაჩვეულებრივი ახალგაზრდების ჯგუფს შრომისთვის. მადლობა, ასევე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რომლის დახმარების გარეშეც არაფერი გამოვიდოდა”.
„ძმები“ არ არის მხოლოდ ფილმი, ეს არის საგა, რომელიც მოგვითხრობს სიყვარულსა და გმირობაზე იმ ადამიანის შესახებ, რომელიც დაუფიქრებლად გადაეშვა წყალში ძმის გადასარჩენად ისე, რომ თავად ცურვაც არ იცოდა… სამაგიეროდ ფილმის ჩვენებისას დარბაზში მსხდომებმა იცოდნენ – იქ, წყლის მორევში, ძმაც რომ არ ყოფილიყო, ნიკა სხვისთვისაც გაწირავდა სიცოცხლეს…
* * *
ფილმ ,,ძმების” შემოქმედებითი გუნდის წევრების სრული სია: პროექტის ხელმძღვანელი – ნათია რაჭველიშვილი, შემოქმედებითი კონსულტანტი – მანანა შამილიშვილი, კამერა, მონტაჟი – ერეკლე ფოლადიშვილი, მეორე კამერა – ზანდა გედენიძე, ანი ზედელაშვილი, ორიგინალური მუსიკა, ხმის დიზაინი – სალომე კვირიკაშვილი, სასცენარო სარეჟისორო ჯგუფი: თორნიკე ყრუაშვილი, ერეკლე ფოლადიშვილი, ანანო შალამბერიძე, მარიამ ბასილაია, მარიამ გონაშვილი, თორნიკე ელაშვილი, თინათინ ჭავჭანიძე, ვანო კაკაშვილი, ალექსანდრე თვალავაძე, ანი ზედელაშვილი, თაკო მაისურაძე, ანანო ქობულია, გიორგი ნანიტაშვილი, სალომე ნორაკიძე, თორნიკე ჩხეტიანი. პროექტის კოორდინატორი – მარიამ გოგოჭური.
მონაწილეობენ:
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი – სალომე დუნდუა, პროფესორი – მანანა შამილიშვილი, პროფესორი – თამაზ ჯოლოგუა, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი – კონსტანტინე გამსახურდია.
.
