დოქტორანტი ალექსანდრე უბირია დემოგრაფიულ ფაქტორებს იკვლევს

თარიღი: 2022-11-02 18:49:38

ალექსანდრე უბირია თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის დოქტორანტია. როგორც თავად ამბობს, ამ ეტაპზე მისი მთავარი ორიენტირია დემოგრაფიული ფაქტორი ისტორიულ პროცესებში და ეკოლოგიური უსაფრთხოება გლობალური სამყაროს კონტექსტში. ჩვენს შეკითხვაზე – თუ რატომ დაინტერესდა ამ თემატიკით, ალექსანდრე გვასუხობს: ,,მოგეხსენებათ, თანამედროვე მსოფლიო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. ძირითად შემთხვევაში ამ გამოწვევების მამოძრავებელი ძალა დემოგრაფიული ფაქტორია, რომელიც თავისთავად მოიცავს ჩვენი სოციუმის თითქმის ყველა სფეროს – ეკონომიკურს, სოციალურს, ეკოლოგიურს, პოლიტიკურს, სასურსათოს და ა.შ. ყველა მათგანის ერთობლიობა კი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისა და კოვიდის პანდემიის  ფონზე გლობალურ უსაფრთხოებას უკავშირდება, რაც, თავისთავად, აქტუალური საკითხია. სწორედ ამან განსაზღვრა ჩემი დაინტერესება ამ პრობლემით, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საქართველოში ამ საკითხით ნაკლებად არიან დაინტერესებული“.

                               რას ნიშნავსდემოგრაფიული აფეთქებისფენომენი?    

 ,,დემოგრაფიული აფეთქების ფენომენის კვლევა დღესდღეობით ინტენსიურად მიმდინარეობს როგორც დასავლეთის ქვეყნებში, ისე პოსტსაბჭოთა სივრცეში.  მათში განხილულია შობადობის, სიკვდილიანობის და მოსახლეობის აღწარმოების ისტორიული ტიპები. „დემოგრაფიული გადასვლა“ და „დემოგრაფიული რევოლუცია“ ერთი და იგივე პროცესს აღნიშნავს. ტერმინი „რევოლუცია“ გამოყენებულია დიალექტიკურ-მატერიალისტური მნიშვნელობით, თუმცა ტერმინი მაინც აღნიშნავს, რომ დემოგრაფიულ პროცესებში ხდება უეცარი ცვლილებები, ანუ ყალიბდება ერთგვარი ქრონოლოგია: დემოგრაფიული გადასვლა, დემოგრაფიული რევოლუცია, დემოგრაფიული აფეთქება. ეს უკანასკნელი დემოგრაფიული გადასვლის და დემოგრაფიული რევოლუციის არასინქრონულობის შედეგია, რაც იწვევს მოსახლეობის სწრაფ ზრდას“.

                                 რა იგულისხმევა „დემოგრაფიულ კატასტროფაში“?      

 ,,დემოგრაფიული კატასტროფა არის როგორც მოსახლეობის სწრაფი ზრდა (დემოგრაფიული აფეთქება), ასევე, მოსახლეობის დაბერება და დეპოპულაცია, რომელიც საკმაოდ მასშტაბურ ხასიათს იღებს მაშინ, როცა მოსახლეობაში ახალგაზრდების რაოდენობის მკვეთრად შემცირება ხდება, რასაც ე.წ.  „ტვინების გადინებაც“ ემატება.

საქართველოში, ბოლო ორი წლის განმავლობაში, დეპოპულაცია მიმდინარეობს.  ამ ეტაპზე დემოგრაფიული აფეთქების საშიშროება არ არის, თუმცა, დეპოპულაციამ თუ სისტემატური სახე მიიღო, ქვეყანა სხვა საფრთხეების წინაშე აღმოჩნდება, რასაც მიგრაციის პროცესები მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავენ. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ამ მიმართულებით კვლევას კვლავ გავაგრძელებ. ეს იქნება ჩემი სადოქტორო კვლევის შემადგენელი ნაწილი“, – აღნიშნავს ალექსანდრე უბირია.

Facebook
Twitter
LinkedIn