გამოიცა დიმიტრი შველიძის მონოგრაფია „საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია“

თარიღი: 2025-05-02 16:09:34

ცოტა ხნის წინ გამოვიდა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის დიმიტრი შველიძის მონოგრაფია „საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია (წარმოქმნიდან ლიკვიდაციამდე (1895-1923))“.

მონოგრაფია დასრულებული ფორმაა ნაშრომთა სერიისა, რომელიც ფედერალისტური პარტიის საქმიანობის სხვადასხვა ეპიზოდს მოიცავს (სერიის რედაქტორია მაია ღამბაშიძე; რედაქტორი – ერეკლე ასტახიშვილი).

მონოგრაფიის პირველი ნაკვეთი ეყრდნობა 1993 წელს გამოცემულ ნაშრომს, რომელშიც გაანალიზებული იყო პარტიის საქმიანობა 1895-1907 წლებში. ახლანდელ გამოცემაში მოცემულია ამ ნაშრომის განახლებული და დამატებითი ინფორმაციით გამდიდრებული ვერსია. მეორე ნაკვეთის საფუძველია ავტორის სადოქტორო დისერტაცია (1998). მასში შესწავლილი იყო ფედერალისტური პარტიის საქმიანობა ე.წ. რევოლუციის ლიკვიდაციის პერიოდში (1907-1910), ასევე პარტიის ისტორიის საკითხები 1910-1914 წლებში,  პარტიის მთავარი იდეოლოგების ნააზრევი, არჩილ ჯორჯაძის, გრიგოლ რცხილაძის, თევდორე ღლონტის, ვარლამ ჩერქეზიშვილის, კიტა აბაშიძისა და სხვათა პუბლიკაციები.

მონოგრაფიის მესამე ნაკვეთი მოიცავს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ისტორიის დამამთავრებელ პერიოდს – 1917 წლიდან 1923 წლამდე (როცა პარტიის ლიკვიდაცია მოხდა).  გამოცემაში თავმოყრილია დამატებითი მასალა, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში შეგროვდა.

პროფესორი დიმიტრი შველიძე გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტს“ მონოგრაფიის გამოცემის იდეასა და მნიშვნელობაზე ესაუბრა:

ღიმილისმომგვრელიც კი შეიძლება იყოს, მაგრამ ფაქტიაამ პარტიის შესახებ მუშაობა სტუდენტობის წლებში დავიწყე. მაშინ, 1972 წელს, ბოლშევიკების გარდა სხვა პარტიებზე წერა თითქმის არ შეიძლებოდა. ამისთვის არ გადაგასახლებდნენ, მაგრამ არც დაგიბეჭდავდნენ. იმიტომ იყო, რომ 1980-იანი წლების მეორე ნახევრამდე მხოლოდ 2-3 სტატია მქონდა გამოქვეყნებული.

სოციალისტფედერალისტების ისტორიას იმან უშველა, რომ საქართველოს ისტორიის კათედრა ეროვნულად განწყობილი პროფესურისაგან შედგებოდა. ამ კათედრამ დამიმტკიცა სადისერტაციო თემა. ახლაც ხელთა მაქვს ოქმი სხდომისა, რომელმაც სოციალისტფედერალისტების სადისერტაციო თემის დაცვის უფლება დაამტკიცა და რომელსაც ესწრებოდნენ: მარიამ ლორთქიფანიძე, ნათელა ვაჩნაძე, აბელ კიკვიძე, როინ მეტრეველი, ვახტანგ ჯანჯღავა, ნუკრი შოშიაშვილი და სხვანი.

1980-იანი წლების მეორე ნახევარში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. პრესაში გამოქვეყნდა ჩემი სტატიების სერიალები 1900-იანი წლების ყველა პოლიტიკური პარტიის შესახებ, რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია მკითხველ საზოგადოებაში. თემა გახდა უაღრესად პოპულარული. ამ წერილებითა და მონოგრაფიით დაინტერესებამ შესაძლებელი გახადა, რომ ჩვენს უნივერსიტეტში პირველად გაჩნდა ახალი სასწავლო საგანი: „საქართველოს პოლიტიკური პარტიების ისტორია“. ეს საგანი ახლაც იკითხება ჩვენი ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის მიმართულების მაგისტრატურაში.

რატომ დავინტერესდი ფედერალისტური პარტიის საქმიანობით? ეს იყო პირველი ეროვნული მიმართულების პოლიტიკური პარტია საქართველოში. მის რიგებში ქართული მეცნიერებისა და კულტურის მრავალი ბრწყინვალე წარმომადგენელი იყო გაერთიანებული: კიტა აბაშიძე, კონსტანტინე გამსახურდია, აკაკი შანიძე, გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, გერონტი ქიქოძე, ქრისტეფორე რაჭველიშვილი, მათ შორის ჩვენი უნივერსიტეტის რექტორი 1926-1928 წლებში თედო ღლონტი და მრავალი სხვა.

უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლშევიკები ჭკვიანი დამპყრობლები იყვნენ. მათ იცოდნენ, რომ, თუ გინდა დაპყრობილი ხალხი დათრგუნო, პირველ რიგში საკუთარი ისტორია უნდა დაავიწყო. 80-იან წლებშიც კი ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ თითქმის აღარაფერი იცოდა ისეთი დიდი ქართველი მოღვაწეების შესახებ, რომელთა სახელები ახლა საყოველთაოდ ცნობილია: არჩილ ჯორჯაძე, ვარლამ ჩერქეზიშვილი, გიორგი ლასხიშვილი და სხვანი. სოციალისტფედერალისტებმა დიდი როლი შეასრულეს ქართველი ხალხის ეროვნულსახელმწიფოებრივი ცნობიერების ფორმირებაში. მათი დამსახურება დიდი იყო აგრეთვე იმაშიც, რომ ქართველი სოციალდემოკრატები, ბოლოს და ბოლოს, ეროვნულ ნიადაგზე დადგნენ. ყოველივე ამის შედეგი კი იყო საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკა. ამ პარტიის მთავარ დამსახურებად არ უნდა დავივიწყოთ, რომ ფედერალისტები მუდამ პარტიათა ურთიერთთანამშრომლობის ნიადაგზე იდგნენ და სხვებსაც ამას უქადაგებდნენ.

მონოგრაფია – „საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია“ –  დააინტერესებს როგორც მკითხველ საზოგადოებას, ასევე პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულ ადამიანებს. მასში ამოიკითხავთ ერთი პარტიის გამოცდილებას – დაწყებულს მისი წარმოქმნით, მიზნებით, პროპაგანდის საშუალებებითა და ბრძოლის მეთოდებით, დასრულებულს  სხვა პარტიებთან დამოკიდებულებითა და ლიკვიდაციის მიზეზებით.

Facebook
Twitter
LinkedIn