ფსიქოანთროპოლოგიის დოქტორი დიმიტრი ჩუბინიძე კვლევას ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში აგრძელებს

თარიღი: 2022-09-19 18:30:09

თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი დიმიტრი ჩუბინიძე სამეცნიერო მუშაობას ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ცოდნის ლაბორატორიაში განაგრძობს.

დიმიტრი ჩუბინიძე, საპატიო მკვლევრის სტატუსით, ბოლო ორი წლის განმავლობაში პოსტსადოქტორო კვლევას ახორციელებს პროექტში – „IN-TOUCH: კომუნიკაცია ციფრული შეხებით“.

ცნობისთვის: პროექტი ციფრულ შეხებას ბევრ განსხვავებულ კონტექსტში სწავლობს. დიმიტრი ჩუბინიძე, პროექტის სხვა მკვლევრებთან ერთად, ციფრულ შეხებას ვირტუალურ რეალობაში იკვლევდა. კვლევის მონაწილეები ახორციელებენ ისეთ აქტივობებს, როგორიცაა კლდეზე ცოცვა და მუზეუმში არტეფაქტებთან შეხება. ვირტუალურ რეალობაში განხორციელებული აქტივობებისას მათ შეხების შეგრძნება უჩნდებათ.

მკვლევრებს აინტერესებდათ – როდის ჩნდება შეხების განცდა? რითი განსხვავდება ვირტუალურ რეალობაში განხორციელებული შეხება „ფიზიკური“ შეხებისგან? როდის კარგავენ კვლევის მონაწილეები შეხების განცდას? რის საშუალებით კომპენსირდება სენსორული დანაკლისი? და ა.შ.. როგორც დიმიტრი ჩუბინიძე ამბობს, კვლევის შედეგებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც აღნიშნული ტექნოლოგიის დასახვეწად, ისე ახალი რეალობის  საკვლევად მეცნიერული მეთოდოლოგიის შექმნისთვის.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში მკვლევარის ვიზიტის ფინანსური უზრუნველყოფა  ევროპული კვლევების საბჭოსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანი ახალგაზრდა მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობაა. სწორედ აღნიშნული გამოცდილება იქცა ახალგაზრდა მეცნიერისთვის სამეცნიერო პროექტში ხელშეკრულების გაგრძელების წინაპირობად.

„ევროპული კვლევების საბჭოს სტიპენდიამ სამეცნიერო კარიერის ახალი ეტაპის დაწყების შესაძლებლობა მომცა. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერებთან თანამშრომლობით გამოცდილება მივიღე ჩემთვის სრულიად ახალ სფეროში, როგორიცაა  ადამიანი-ტექნოლოგიის ურთიერთობა. პროექტი, რომელშიც გახლავართ ჩართული, ციფრული შეხების საკომუნიკაციო ასპექტებს სწავლობს.  ჩემი სამეცნიერო ინტერესის ძალიან ზოგად საგანს წარმოადგენს ფსიქიკისა და კულტურის ურთიერთქმედების პრობლემა, ხსენებულმა სამეცნიერო პროექტმა კი შესაძლებლობა მომცა მეპოვა სივრცე, რომელშიც ფუნდამენტური სამეცნიერო პრობლემების თარგმნას შევძლებდი გამოყენებით სამეცნიერო და ემპირიულ კონტექსტში“, – ამბობს დიმიტრი ჩუბინიძე.

 „IN-TOUCH: კომუნიკაცია ციფრული შეხებით“ ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი სამეცნიერო პროექტია, რომელიც ციფრული შეხების კვლევისთვის მეთოდოლოგიურ ინოვაციებზე მუშაობს და სწავლობს ადამიანთა სოციალურ ცხოვრებაზე უახლესი ტექნოლოგიის გავლენებს. დიმიტრი ჩუბინიძის კვლევა ფსიქიკა-სხეულის ურთიერთობის პრობლემებს მოიცავს.  მისი თანაავტორობით, უკვე გამოქვეყდა ორი სამეცნიერო პუბლიკაცია (Jewitt, C., Chubinidze, D., Price, S., Yiannoutsou, N., & Barker, N. (2021). Making sense of digitally remediated touch in virtual reality experiences. Discourse, Context & Media41, 100483; Price, S., Jewitt, C., Chubinidze, D., Barker, N., & Yiannoutsou, N. (2021). Taking an Extended Embodied Perspective of Touch: Connection-Disconnection in iVR. Frontiers in Virtual Reality2, 642782).

„მეცნიერების არაერთი სფერო სწავლობს ადამიანის ცხოვრებაში ციფრული ტექნოლოგიების შემოჭრასთან დაკავშირებულ  ეთიკის, უსაფრთხოებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ჩვენი პროექტის ფოკუსი უფრო მეთოდოლოგიურია, ტრანსდისციპლინური კოლაბორაციის საფუძველზე ვცდილობთ შევიმუშაოთ კვლევის მეთოდოლოგია, რომელიც შესაძლებელს გახდის ციფრული შეხების ფსიქო-სოციალური და კულტურული ასპექტების შესწავლას, ასევე მასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებას, რათა დაისახოს არსებული ტექნოლოგიის გაუმჯობესების გზები.

აკუსტიკური (სმენითი) და ვიზუალური (მხედველობითი) სტიმულების გაცვლას  ხანგრძლივი ისტორია აქვს, თუმცა ტაქტილური (შეხების) ტექნოლოგია განვითარების პროცესშია. არსებობს უამრავი ინოვაციური ხელსაწყო, რომელიც შეხების სიმულაციას თუ გადაცემას უზრუნველყოფს (მაგ., ვირტუალური რეალობა, რობოტიკა, ბიოტექნოლოგია და სხვ). მიუხედავად იმისა, რომ ნაწილი ამ ტექნოლოგიისა თანდათანობით ინერგება, უმრავლესობა ექსპერიმენტული დამუშავების პროცესშია. ჩვენ გვაინტერებს, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ტექნოლოგია წარმატებით დაინერგოს. ამისთვის კი ვსწავლობთ ტექნოლოგიის გამოცდის პროცესთან დაკავშირებულ სამეცნიერო პრობლემებს.

მიმდინარე კვლევითი პროექტის ფარგლებში საკმაოდ ბევრი ქეისია. საილუსტრაციოდ შემიძლია გავიხსენო ელექტროწინდა, რომელიც ახალშობილისთვის შეიქმნა და დედის შეხების იმიტაციას ქმნის. კვლევის ფარგლებში ამ პროცესის ეთნოგრაფია განხორციელდა, შევისწავლეთ – თუ როგორ ხდება ამ ელექტროწინდის ინტეგრაცია ადამიანების ცხოვრებაში და  რა ნაკლოვანება ან პოზიტიური მხარეები აქვს მას.

ტაქტილური უკუკავშირი გამოიყენება ტექნოლოგიის დახმარებით მიმდინარე ფსიქოლოგიური თერაპიის პროცესშიც, რაც საკუთარი თავის მართვის უნარებს აუმჯობესებს“, – განმარტავს დიმიტრი ჩუბინიძე.

დიმიტრი ჩუბინიძე თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო სამსახურს ბოლო 8 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. პარალელურად,  ჯერ როგორც დოქტორანტი, შემდეგ კი როგორც პოსტდოქტორანტი აქტიურად იყო ჩართული სამეცნიერო-კვლევით პროცესში. 8 წლიანი ადმინისტრაციული საქმიანობის შეჯამებისას ამბობს, რომ აკადემიური პერსონალის კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობისთვის სიახლეები დაინერგა, თუმცა დღემდე არსებობს გამოწვევები: „ამ პოზიციაზე მაშინ დავინიშნე, როდესაც ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი დაარსდა, რაც საუნივერსიტეტო ტრადიციის აღდგენაცაა. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ძველი და, ამავე დროს, ყველაზე ახალგაზრდა ფაკულტეტი.  მოგეხსენებათ, ეს ფაკულტეტი დიმიტრი უზნაძის სკოლის მემკვიდრეა და უდიდესი ტრადიციები გააჩნია. მიხარია, რომ სწორედ ამ პერიოდში მომიწია მუშაობა. ნამდვილად პატივი იყო ჩემთვის ახალი ფაკულტეტის გუნდის წევრობა.  ბევრი სირთულე იყო გადასალახი. რაც უფრო დიდი ტრადიცია აქვს დაწესებულებას, მით უფრო რთულია ხოლმე სიახლეების დანერგვა.  თუმცა, მგონია, რომ ფაკულტეტის გუნდმა წარმატებით გაართვა თავი ამ გამოწვევებს და დღეს ის უნივერსიტეტის ერთ-ერთი ნოვატორული სივრცეა. პრობლემებზე უფრო ბევრი საუბარი შემიძლია, თუმცა მაინც მინდა გავიხსენო რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხელს უწყობს სამეცნიერო საქმიანობას. უკვე მეოთხე წელია ფუნქციონირებს ორენოვანი საერთაშორისო ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი; არსებობს აკადემიური პერსონალის სამეცნიერო პროდუქტიულობის ხელშემწყობი პროგრამა, რომელის წყალობითაც ჩვენი პერსონალის სამეცნიერო მიღწევების სტატისტიკა მზარდია; ამასთანავე, დოქტორანტების საკონფერენციო გრანტები ხელს უწყობს მათი საერთაშორისო ცნობადობის გაზრდასა და მათ სამეცნიერო ინტეგრაციას; ფაკულტეტზე დაინერგა სამეცნიერო მუშაობისთვის საჭირო არაერთი კულტურული პრაქტიკა, რომელიც მათ კოლაბორაციის და საერთო სამეცნიერო დისკუსიაში ჩართვის შესაძლებლობებს ქმნის.  ფაკულტეტს აქვს ძალიან კარგი სამეცნიერო პოტენციალი. პირველ რიგში, მხედველობაში მაქვს აკადემიური პერსონალი. დარწმუნებული ვარ არსებული გუნდი განაგრძობს ამ პოტენციალის რეალიზაციაზე ზრუნვას“, – აღნიშნა დიმიტრი ჩუბინიძემ.

დიდ ბრიტანეთში გამგზავრების პარალელურად, დიმიტრი ჩუბინიძე  ახალ სამეცნიერო კვლევით პროექტზე მუშაობს, რომლის განხორციელებასაც რამდენიმე ქართულ უმაღლეს სასწავლებელთან კოლაბორაციით გეგმავს.

Facebook
Twitter
LinkedIn