დიმიტრი ბერიტაშვილი ქართული ღირებულებათა სისტემისა და კანონმდებლობის ურთიერთმიმართების ერთგვარ „რუკას“ შეადგენს

თარიღი: 2026-04-01 20:25:38

თსუ-ს კულტურის კვლევების სამაგისტრო პროგრამის მე-2 კურსის სტუდენტმა დიმიტრი ბერიტაშვილმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი მოიპოვა. პროექტი სახელწოდებით – „ღირებულებათა სისტემის და კანონმდებლობის ურთიერთმიმართება პოსტ-საბჭოთა საქართველოში (1991-2026)“ – მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დაფინანსების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. როგორც ახალგაზრდა მკვლევარი აღნიშნავს, იდეა ჯერ კიდევ საბაკალავრო საფეხურზე მუშაობისას გაუჩნდა, როდესაც ის დამოუკიდებელ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების პროცესებს იკვლევდა.

„ჩემი მიზანია ავხსნა, თუ რის საფუძველზე მიიღებოდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სერიოზული საკანონმდებლო გადაწყვეტილებები და რა შემთხვევაში აღასრულებდნენ ან ვერ აღასრულებდნენ ამ კანონებს. ეს სამოქალაქო საზოგადოების მიერ წამოყენებული ყველაზე დიდი პრობლემების გადასაჭრელად შეიძლება იყოს სასარგებლო“,  – გვიყვება დიმიტრი ბერიტაშვილი.

კვლევითი პროექტის მთავარი ამოცანაა – შეადგინოს ქართული ღირებულებათა სისტემისა და კანონმდებლობის ურთიერთმიმართების ერთგვარი „რუკა“. ამისთვის ავტორი კომპლექსურ მეთოდოლოგიას იყენებს: როგორც თვისებრივს (ისტორიული წყაროების, საერთაშორისო დოკუმენტებისა და საქართველოს კონსტიტუციის ანალიზი), ისე რაოდენობრივს (სოციოლოგიური მონაცემების, კერძოდ, რონალდ ინგლეჰარტის მიერ შემუშავებული მსოფლიო ღირებულებათა კითხვარი).

შეიძლება ითქვას, რომ დღეს კანონმდებლობასა და ღირებულებათა სისტემის დიდ ნაწილს შორის ქრონიკული აცდენა არსებობს. იმის ასახსნელად, თუ რატომ ვერ ახერხებს კანონმდებლობა საზოგადოებრივი ღირებულებების გარდაქმნას, ავტორი ინსტიტუტების სისუსტესა და მათ წინაშე არსებულ საფრთხეზე ამახვილებს ყურადღებას: „უმჯობესი იქნებოდა – საზოგადოების კონსოლიდაცია და ღირებულებების გარდაქმნა კანონმდებლობას ეტვირთა, მაგრამ ქართულ ინსტიტუციებს ამის ძალა არ ჰყოფნით. თუმცა, რომც წარმოვიდგინოთ, რომ მათ საკმარისი ძალა აქვთ, კანონის უზენაესობისა და პასუხისმგებლიანი ხელისუფლების გარეშე მოქმედი ძლიერი ინსტიტუტები ავტოკრატიის ფორმულაა და არა ღირებულებებსა და კანონმდებლობას შორის მოწესრიგებული ურთიერთმიმართების“, – განმარტავს დიმიტრი.

როგორც მაგისტრანტი აღნიშნავს, რუსთაველის ეროვნული ფონდის გრანტის მოპოვება მისთვის არჩეული საკვლევი თემის მნიშვნელობის ხაზგასმა და დიდი სტიმულია, რომელიც მომავალ აკადემიურ კარიერაში კომპეტენციის მყარი დასტური იქნება.

დიმიტრი ბერიტაშვილი პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგებს კულტურის კვლევების ინსტიტუტის ყოველწლიურ კონფერენციაზე – „კულტურა, პოლიტიკა, იდენტობა“ – წარმოადგენს და ასევე მოამზადებს სტატიას სამეცნიერო ჟურნალში – „ცივილიზაციური ძიებები“  – გამოსაქვეყნებლად.

Facebook
Twitter
LinkedIn