,,უკვდავება – განსხეულებული მის საქმეებში, უნივერსიტეტსა და გამოფენაზე წარმოდგენილ ნაშრომებში“

თარიღი: 2026-05-03 15:03:47

უნივერსიტეტის მთავარი კორპუსის ფოიეში გაიხსნა გამოფენა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის იუბილისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა. შემოქმედებითი ჩანაფიქრი იყო, ალბათ, თსუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის გადაწყვეტილება – ფოიეს ცენტრში საგანგებოდ წარმოედგინათ რამდენიმე ექსპონატი, რომელთაც ისტორიული აზრი უნივერსიტეტის დამაარსებლისა და დიდი მეცნიერის გარდაცვალების შემდეგ შეიძინეს. ,,აქ წარმოდგენილია ჯიბის საათი, რომელსაც უკანასკნელად დახედა ლექციის კითხვისას ივანე ჯავახიშვილმა და დაასრულა კიდეც მიწიერი არსებობა… ამის მერე დაიწყო უკვდავება – განსხეულებული მის საქმეებში, უნივერსიტეტსა და აქ გამოფენილ ნაშრომებში, რომლებსაც დღესაც არ დაუკარგავთ მეცნიერული ღირებულება“, – აღნიშნა ღონისძიებაზე თსუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა. გამოფენა, რომელიც თსუ-ს ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა, ივანე ჯავახიშვილის მდიდარი სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენას ისახავდა მიზნად დიდ სივრცეში წარმოდგენილი ფოტოების, წიგნებისა და ნივთების ,,კონცეფციური განლაგებით“.

,,თსუ-ს ბიბლიოთეკა რუდუნებით ინახავს დიდი ივანეს ნაშრომებს. აქ წარმოდგენილია რარიტეტებად ქცეული ყველა პუბლიკაცია, რომელიც ივანე ჯავახიშვილის ახალგაზრდობის დროიდან იბეჭდებოდა პრესასა თუ სამეცნიერო გამოცემებში“, – დასძენს გამოფენის ორგანიზატორი ზურაბ გაიპარაშვილი.

დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ეხილათ ივანე ჯავახიშვილის ძირითადი ნაშრომები – საქართველოს ისტორიის, სამართლის, ეკონომიკისა და კულტურის საკითხებზე შესრულებული ფუნდამენტური კვლევები… ღონისძიებაზე გამოიფინა მეცნიერის მიერ 1899 წელს დაბეჭდილი პირველი სამეცნიერო სტატია –  ,,Мудрость Балавара. Перевод Записки Восточнаго отделения Императорскаго Русскаго археологическаго Об-ва: т. XI.- СПб.-1899“ და 100-მდე გამოცემა ქართულ თუ უცხო ენებზე.

ცნობილია, რომ ივანე ჯავახიშვილი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა ქართული არქიტექტურული ძეგლებისადმი, ტაძრებისა და ისტორიული ნაგებობებისადმი, რომელთაც ფოტოფირზე აღბეჭდავდა. შესაბამისად, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მეცნიერის მიერ გადაღებული უნიკალური ფოტოები, რომლებიც დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, მემკვიდრეების საოჯახო არქივებში და მნიშვნელოვან ისტორიულ-დოკუმენტურ მასალას წარმოადგენს.

გამოფენა, რომელიც თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ივანე ჯავახიშვილის პიროვნულ და მოქალაქეობრივ ღირსებებზე საუბრით გახსნა, დამთვალიერებელს დღემდე ვერ იტევდა. თუმცა, საიუბილეო კვირეული დასრულდა და ივანე ჯავახიშვილზე ჩვენი ,,ბოლოთქმის“ დროც დადგა.

 რატომ მივაკუთვნეთ ,,ბოლო აკორდის აღება“ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს?

ილია ჭავჭავაძის იდეების ხორცშემსხმელ ივანე ჯავახიშვილს უნივერსიტეტის გახსნამდე ასეთი სიტყვა უთქვამს: ,,საქართველო ძველად კულტურით იმდენად ძლიერი იყო, რომ მეზობელ დაწინაურებულ დიდ სახელმწიფოებსა და ერებსა, ბერძენ-ბიზანტიელებსა, სპარსელებსა და არაბებს განათლებითა და შემოქმედებითი სამწერლობო მოღვაწეობით კვალდაკვალ მისდევდა… ქართული კულტურა აღმოსავლეთსაც ეკუთვნის და დასავლეთსაც, ქრისტიანულსაც და მაჰმადიანურსაც. ამით ქართველობამ მაშინდელ მსოფლიო კულტურის შეერთება შეძლო“. ეს მისია ჰქონდა სწორედ გააზრებული ,,ქართველი ერის ისტორიის“ ავტორს, ივანე ჯავახიშვილს, როდესაც მან უნივერსიტეტის დაარსებისთვის ბრძოლა წამოიწყო.  დიდი ბრძოლის შემდეგ ივანე ჯავახიშვილის თანამოაზრეებმა და, მათ შორის, პეტერბურგსა თუ მოსკოვში განათლებამიღებულმა ქართველმა პატრიოტებმა გაიმარჯვეს. უნივერსიტეტი საგანგებოდ გაიხსნა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, 26 იანვარს. დიდ ივანეს უნივერსიტეტის დაფუძნება იმთავითვე საქართველოში მეცნიერების განსავითარებლად ჰქონდა გააზრებული და მის მიერ შეკრებილმა ქართველ მეცნიერთა ჯგუფმა ის თამასა ასწია, რამაც იმ დროს საქართველოს  მსოფლიო აღიარება სწორედ მეცნიერებით მოუტანა.

უნივერსიტეტის დაფუძნების მნიშვნელობაზე ყველა თავისი გადმოსახედიდად საუბრობს და ყველას თავისი შემუშავებული ,,ეპითეტი“ მოჰყავს ივანე ჯავახიშვილის ღვაწლის შესამკობად. თუმცა უნივერსიტეტის წიაღში გამოვარჩევთ თსუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს ზურაბ გაიპარაშვილს, რომელსაც უნივერსიტეტზე და მის დამაარსებლებზე შთამბეჭდავი პუბლიკაციები აქვს გამოქვეყნებული და რომელიც ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილისთვის არაერთი საინტერესო ღონისძიების ორგანიზატორად კვლავ მოგვევლინა. ამ და სხვა დამსახურებისთვის ,,ბოლო აკორდის აღება“ მას ნამდვილად ეკუთვნის საიუბილეო კვირეულის დასრულებისას.

…  

,,უნივერსიტეტის გარეშე, უბრალოდ, ზურაბ გაიპარაშვილი წარმოუდგენელია. მიწებებული ვარ მასთან, მისი ერთი პატარა უჯრედი ვარ, ერთი პატარა აგური ვარ ამ დიდი, საოცარი ფენომენისა, რასაც თსუ ჰქვია. ზოგადად, ნებისმიერი უნივერსიტეტის მისია ქვეყნის განვითარების საქმეში განუსაზღვრელია – იგი განსაზღვრავს ეროვნულ თვითმყოფადობას. რატომ გადაწყვიტა ივანე ჯავახიშვილმა, რომ დაეფუძნებინა უნივერსიტეტი და არა ინსტიტუტი? ნიკო ნიკოლაძე, პეტრე მელიქიშვილიც კი მოუწოდებნენ მას საპირისპიროსაკენ – ამბობდნენ, რომ საქართველოს სჭირდება ინჟინერი, ექიმი, სპეციალისტები. დიდი ივანე სხვა ჰორიზონტის, თვალთახედვისა იყო. იგი ამბობდა, რომ ერი არ შეიძლება ერად იწოდებოდეს, თუ მას არ აქვს მეცნიერება. …და მეცნიერება იქმნება კიდეც უნივერსიტეტში. არასოდეს არ შეიძლება ითქვას ჩვენს უნივერსიტეტზე, რომ ის იყო მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება, თუმცა სამეცნიერო და კულტურული დაწესებულება ნამდვილად იყო. ანუ უნივერსიტეტის დაფუძნებით ივანე ჯავახიშვილი ჩვენი ერის თვითმყოფადობას განამტკიცებდა.  როდესაც ეწინააღმდეგებოდნენ უნივერსიტეტის დაარსების იდეას, ეუბნებოდნენ, რომ ნაღები საზოგადოება ქართულად არ ლაპარაკობდა, ქართული სამეცნიერო ტერმინები არ გვქნოდა… მაგრამ იცოდა ივანემ – საით მიდიოდა და რა უნდა გაკეთებულიყო. ეს იყო ყველაზე დიდი მისია, რომელიც უნდა შეესრულებინა ქართველი ხალხის წინაშე. ამიტომაც ამბობდა აკაკი შანიძე, რომ ივანე ჯავახიშვილმა გააგრძელა ილია ჭავჭავაძის დაწყებული საქმე“, – ასეთი ფრაზებით ასრულებს დღევანდელ დღეს ჩვენთან საუბარში ზურაბ გაიპარაშვილი, რომელიც ხვალ სხვაგვარადაც იტყვის თავის სათქმელს ივანე ჯავახიშვილზე, უნივერსიტეტზე, დამფუძნებელ მამებზე და ერისკაცებზე, რომელთა ისტორიებსაც მუდამ თავს დასტრიალებს… მას ახალი საქმეც გამოუჩნდა – ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ეგულება აქამდე გამოუმზეურებული პორტრეტი ივანე ჯავახიშვილისა და იგი თუნდაც ამ სიახლით შექმნის – ხვალ უკვე – ,,ახალ დღესასწაულს უნივერსიტეტისთვის“…  

Facebook
Twitter
LinkedIn