დედამიწის სიღრმეებიდან მთვარის მღვიმეებამდე და ამერიკულ კვლევით პროექტებამდე
რა აკავშირებს ერთმანეთთან ბავშვობის ენციკლოპედიებს, შავი ზღვის ნავთობის საბადოებს, მთვარის მღვიმეების რობოტულ კვლევებსა და ტეხასის უნივერსიტეტის ლაბორატორიებს? პასუხი ერთია – გეოლოგიისადმი უშრეტი ინტერესი და სწრაფვა – ამოიკითხო დედამიწისა თუ სამყაროს ისტორია.
ეროვნულ გამოცდებზე ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ქულის მფლობელმა, დღეს უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა, დემურ მერკვილაძემ უკვე მოასწრო ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლა, საერთაშორისო ექსპედიციების ხელმძღვანელობა და, თსუ-სა და ტეხასის უნივერსიტეტის ერთობლივი ორთვიანი ინტენსიური გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ამერიკელ მეცნიერებთან ერთობლივი კვლევების დაგეგმვა.
დემურ მერკვილაძის ინტერესი დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებებისადმი ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში დაიბადა, როდესაც რობერ შუმანის ევროპული სასწავლებლის მოსწავლე ბუნებრივი მოვლენებითა და ლაშქრობებით დაინტერესდა. ახლა იხსენებს, რომ დედამიწა ბავშვობიდან აინტერესებდა და ცოდნის იმ ლაბირინთებში დაძვრებოდა, რომელიც მეტ ინფორმაციას მიაწვდიდა: „ბავშვობიდანვე დედამიწა მაინტერესებდა – ენციკლოპედიებში ვულკანებზე, მიწისძვრებზე, მზის სისტემასა და გადაშენებულ სახეობებზე კითხვაში ბევრ დროს ვატარებდი. ამასთან, მიზიდავდა ლაშქრობა და სპელეოლოგია. პროფესიად გეოლოგია იმიტომ ავირჩიე, რომ სწორედ ამ დარგში იყრიდა თავს ეს ინტერესები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კი ამ დარგში ცოდნის მიღებისთვის საქართველოში საუკეთესო დაწესებულებაა“, – ამბობს იგი.
უნივერსიტეტში სწავლის დაწყებიდანვე ახალგაზრდა მკვლევარმა აქტიური აკადემიური ცხოვრება დაიწყო. ბაკალავრიატის პერიოდში მან ორი სემესტრი ჩეხეთში, პალაცკის უნივერსიტეტში გაატარა ერაზმუსის გაცვლითი პროგრამით, უხელმძღვანელა სტუდენტურ ექსპედიციას თსუ-ის დაფინანსებით და პროფესიული სტაჟირება გაიარა OMV Petrom-ის სათაო ოფისში (ბუქარესტი), სადაც შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების პროცესში იყო ჩართული.
ბაკალავრიატის წარმატებით დასრულების შემდეგ დემურმა არჩევანი შეაჩერა ერაზმუს მუნდუსის სრულად დაფინანსებულ ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე – GeoPlaNet-ზე, რომელიც პლანეტარულ გეომეცნიერებებს ეძღვნებოდა. პროგრამის პირველი ნაკადის 16 რჩეულ სტუდენტს შორის მოხვედრამ გზა გაუხსნა ევროპის 4 წამყვან უნივერსიტეტში სწავლას (კოიმბრა, პესკარა-კიეტი, ნანტი და პადუა).
კვლევის მთავარ თემად მთვარის ათვისების პერსპექტივები იქცა: „სამაგისტრო ნაშრომი მთვარის მღვიმეების გეოლოგიასა და მათი კვლევებისთვის რობოტული მისიის დაგეგმვას შეეხებოდა; შედეგები ევროპის მთვარის სიმპოზიუმზე, გერმანიაში წარვადგინე და მალე სამეცნიერო სტატიის სახითაც გამოვაქვეყნებ“, – გვიხსნის დემური.
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მკვლევარს საზღვარგარეთ დოქტორანტურის გაგრძელების შემოთავაზება ჰქონდა, მან სამშობლოში დაბრუნება და სადოქტორო საფეხურზე სწავლის თსუ-ში გაგრძელება არჩია. დღეს იგი მუშაობს თემაზე: „რიონის ფორლანდური აუზის ტექტონიკური ევოლუცია და სტრუქტურული არქიტექტურა“, პარალელურად კი ჩართულია კავკასიონის მთავარ ქედზე ოქრო-ანთიმონიტის საბადოს (ზოფხიტო) კვლევის პროექტში.
კვლევით საქმიანობაში მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა თსუ-სა და ტეხასის უნივერსიტეტის ერთობლივი ორთვიანი ინტენსიური გადამზადების პროგრამა. კონკურსისა და გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ, იგი შერჩეულ ექვს ქართველ სტუდენტს შორის მოხვდა. როგორც დემური ამბობს, დალასის უნივერსიტეტში ვიზიტმა და მენტორთან – გეოლოგიის პროფესორ ზაქარი სიკმანთან თანამშრომლობამ ახალი იმპულსი მისცა სადოქტორო ნაშრომს: „კავკასიის ტექტონიკურ და სედიმენტოლოგიურ პროცესებზე მასთან მსჯელობა ჩემი სადოქტორო თემისთვის ძალიან გამოსადეგი აღმოჩნდა. სხვა პროფესორებთან რიონისა და მტკვრის აუზების დაძირვის მოდელირება განვიხილეთ – აფრიკა-არაბეთისა და ევრაზიის ფილების კოლიზიის ფარგლებში; ვგეგმავ მათთან თანამშრომლობის გაგრძელებასა და ერთობლივი სტატიის გამოქვეყნებას. ამ მასშტაბის მეცნიერების ჩართვა კავკასიის კომპლექსური გეოლოგიის შესწავლაში ნამდვილად მნიშვნელოვანია“, – ამბობს დემური.
გეოლოგია მხოლოდ წარსულის შესწავლა არ არის. ის მომავლის უსაფრთხოებისა და განვითარების გარანტიაა. ახალგაზრდა მეცნიერი გეგმავს, საკუთარი ცოდნა ქვეყნისა და დარგის განვითარებას მოახმაროს: „ჩემი მიზანია, გეომეცნიერებებში თანამედროვე ტექნოლოგიები დავნერგო როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე. გეოლოგია დედამიწის ისტორიის ამოკითხვით საშუალებას გვაძლევს, მზად შევხვდეთ ბუნებრივ კატასტროფებს და მოვიპოვოთ საჭირო წიაღისეული; შესაბამისად, ის გადამწყვეტ როლს ასრულებს ცივილიზაციის არსებობასა და განვითარებაში. ვისურვებდი, მეცნიერება საქართველოშიც ასევე პრიორიტეტული გახდეს და ამ სფეროთი მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს. საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას მათ სიამოვნებით გავუზიარებ“, – გვიზიარებს მომავლის ხედვას დემური.
