დემურ ჯალაღონიას უნივერსიტეტის ოქროს მედალი გადაეცა
,,უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოება კიდევ მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს“ – ამ განცდით იღებს ჯილდოს თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი დემურ ჯალაღონია, რომელსაც უნივერსიტეტის ოქროს მედალი ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობისთვის გადაეცა. კონფერენციაზე, რომელიც თსუ-ს დაარსების 108-ე წლისთავს მიეძღვნა, ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ ისაუბრა დემურ ჯალაღონიას ღვაწლზე და მეცნიერს მომდევნო აღიარება მიულოცა. დღემდე იგი დაჯილდოებულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნუცუბიძის სახელობის პრემიით (2024); გამშვენებული ჯვრით რიმნიკუს მიტროპოლია, რუმინეთი (2023); წმინდა ანთიმოზ ივერიელის მედლით, ბუქარესტის მიტროპოლია, წმინდა ანთიმოზის მონასტერი (2016) და წმინდა ილია მართლის მედლით (წმინდა ილია მართლის ტაძრის ქტიტორობისთვის), თბილისი, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია II მიერ (2015).
პროფესორ დემურ ჯალაღონიას თაოსნობით წარმატებით მიმდინარეობს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო გრანტის – „ანთიმოზ ივერიელი – ევროპული სააზროვნო სივრცის ნაწილი“ და ,,ანთიმოზ ივერიელი -ქართულ-ევროპული დიალოგი” ფარგლებში განხორციელებული ფუნდამენტური კვლევები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. როგორც პროფესორი რისმაგ გორდეზიანი აღნიშნავდა, საქართველოში სწორედ ამ პროექტების განხორციელებით ჩაეყარა საფუძველი ახალ დარგს – „ანთიმოლოგიას“.

დემურ ჯალაღონიას პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობის 45 წლის სტაჟი აქვს. იგი ოთხი მონოგრაფიისა და შვიდი სახელმძღვანელოს ავტორია. გამოქვეყნებული აქვს 130-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი ინგლისურ, გერმანულ, რუმინულ, უკრაინულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. აღსანიშნავია მისი მონოგრაფიები: ,,ადამიანი და დისკურსი”, ,,პოლიტიკური ფილოსოფია’’, პოლიტიკური ფილოსოფიის შესავალი, ,,ანთიმოლოგიური შტუდიები’’, ,,ანთიმოზ ივერიელი, თხზულებები” ტომი 2 (კრებულის კომენტარები და სამეცნიერო რედაქცია. თანაავტორობით)’’ და სხვ. იგი წარმატებით კითხულობს საბაკალავრო და სამაგისტრო კურსებს: ,,პოლიტიკური ფილოსოფია“, ,,ფილოსოფიის საფუძვლები“, ,,ფილოსოფიის შესავალი“, ,,პოლიტიკური იდეოლოგიების ფილოსოფიური საფუძვლები“ და სხვ.
დემურ ჯალაღონია ფილოსოფიის ინსტიტუტს 2015 წლიდან ხელმძღვანელობს. მისი ურთიერთობა სტუდენტებთან მხოლოდ ლექცია-სემინარებით არ ამოიწურება. წლების განმავლობაში იგი აქტიურად ხელმძღვანელობდა ფილოსოფოს სტუდენტთა სამეცნიერო და ნორჩ ფილოსოფოსთა წრეს.
შეხვედრაზე, რომელზეც დაჯილდოვდა, დემურ ჯალაღონიამ თავისი ემოციები გაუზიარა დამსწრე საზოგადოებას: „უნივერსიტეტს გააჩნია თავისი ეთოსი. ის ცოდნის ტაძარია. ტაძარს მოწიწება შვენის. შემოაბიჯებ თუ არა, გრძნობ რაღაც დიადს და უცნაურს. ეს ჩვენი დიდი მოძღვართ-მოძღვრების სიბრძნის და სიწმინდის განცდაა. სიბრძნის ტაძარი მატარებელია ქართული გენის სიდიადის. ეს განცდა დღემდე დაგვყვება ყველა ჩვენთაგანს, ვინც უნივერსიტეტელია. აქ მარადიულად ტრიალებს მისი დამფუძნებლების სული. არ დაგვავიწყდეს, ისინი აქვე, ეზოში განისვენებენ. მე მეამაყება, როგორც ფილოსოფოსს, რომ უნივერსიტეტის დამფუძნებლებიდან შალვა ნუცუბიძე და დიმიტრი უზნაძე ფილოსოფოსები იყვნენ. ჩვენ, ქართველებს, გაგვაჩნია ორი დიდი ტაძარი – დედა ეკლესია, როგორც მართლმადიდებლური რწმენის ტაძარი და ჩვენი უნივერსიტეტი – ალმა მატერი, როგორც ცოდნის ტაძარი. დიდმა მეფემ და წმინდანმა დავით აღმაშენებელმა აღაშენა გელათის ტაძარი, როგორც ,,სხუა ათინად და მეორე იერუსალიმად’’. სწორედ გელათური აზროვნება იყო ქართული სახელმწიფოებრიობის საფუძველთსაფუძველი. ჩვენი უნივერსიტეტი ამ ტრადიციების გამგრძელებელია. უნივერსიტეტი ჩემთვის ეს სიდიადეა“.
