ახალი სამაგისტრო პროგრამა – „ეროვნული უსაფრთხოება, დემოგრაფიული პოლიტიკა და მიგრაციები“ – პირდაპირ ეხმიანება პარლამენტის დადგენილებას
თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ამოქმედდა ახალი სამაგისტრო პროგრამა – „ეროვნული უსაფრთხოება, დემოგრაფიული პოლიტიკა და მიგრაციები“. მსგავსი პროგრამა უნივერსიტეტში აქამდე არ გვქონია. მისი შექმნა განაპირობა მსოფლიოში არსებულმა დემოგრაფიულმა პრობლემამ, რომელიც გლობალურ საფრთხედაა გამოცხადებული, რადგან კატასტროფულად იზრდება მსოფლიო მოსახლეობის რიცხვი. ბოლო მონაცემებით, დედამიწის მოსახლეობა წელიწადში, დაახლოებით, ასი მილიონი ადამიანით იზრდება. არის გათვლები და რეალური პროგნოზები, რომ, თუ ასე გაგრძელდა, სადღაც 2050-იანი წლებისთვის პლანეტის მოსახლეობა, შესაძლოა, 12, 14, ზოგიერთი დაანგარიშებით კი, 15 მილიარდი გახდეს. ეს, ცხადია, გამოიწვევს პრობლემებს – შეცვლის აგრო სექტორს, შეცვლის საფინანსო სექტორს, საბანკო სექტორს და მთელ ეკონომიკას.
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ვაჟა ლორთქიფანიძის თქმით, მოსახლეობის ზრდის ასეთი მაჩვენებელი პოლიტიკასაც შეეხება. ბოლო მონაცემებით, რომელსაც ბატონი ვაჟა გვიზიარებს, შობადობის ზრდის მაჩვენებლის მხოლოდ 3% მოდის განვითარებულ ქვეყნებზე, დანარჩენი 97% კი – განვითარებადზე. მომავალში ეს გამოიწვევს იმას, რომ ზოგიერთი სახელმწიფო შთაინთქმება სხვა სახელმწიფოს მიერ, ზოგიერთი შეიძლება მთლიანად გაქრეს ან, სულაც, ახალი სახელმწიფო შეიქმნას და ეს მსოფლიო გეოპოლიტიკას მთლიანად შეცვლის. „აი, ასეთი დიდი პრობლემების წინაშე ვდგავართ, რადგან ეს ყველაფერი საქართველოსაც შეეხება, ოღონდ ცოტა განსხვავებული კუთხით – ჩვენს ყოფას და დემოგრაფიულ პრობლემებს ამწვავებს ის, რომ აქ საპირისპირო პრობლემა დგას – შობადობის და მოსახლეობის რაოდენობის შემცირება. 1989 წლის მონაცემებით, 5,4 მილიონი ვიყავით, ახლა თითქმის 30%-ით ნაკლებნი ვართ. ეს გამოიწვია ძირითადად მიგრაციულმა პროცესებმა, თუმცა, უნდა გითხრათ, რომ ეს არ მომხდარა ეროვნებით ქართველი მოსახლეობის ხარჯზე – მიგრაციულ მაჩვენებელში სულ მხოლოდ 13 პროცენტია ეროვნებით ქართველი. პრობლემას ისიც ამწვავებს, რომ საქართველოში შობადობა ძალიან დაბალია და წლიდან წლამდე ქართველთა რაოდენობაც იკლებს“, – ამბობს იგი.
სამაგისტრო პროგრამის არსებობის აუცილებლობას ვაჟა ლორთქიფანიძე იმითაც ასაბუთებს, რომ დემოგრაფიული პრობლემა პირდაპირ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს. „ყველაზე მარტივი ზოგადი განმარტება ეროვნული უსაფრთხოებისა გახლავთ ქვეყნის მოსახლეობის არსებობასა და განვითარებასთან დაკავშირებული რისკების შემცირება ან საერთოდ ამ რისკების მოხსნა. დანარჩენი – იქნება ეს ომის საშიშროება, ეკოლოგიური თუ სხვა, საბოლოო ჯამში უკავშირდება მოსახლეობას, ადამიანს, რაც ყველა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ხაზგასმულადაა ასახული. ცალკეა გამოყოფილი დემოგრაფიული უსაფრთხოება. ამიტომ, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, 2016 წელს, ჩვენი ინიციატივით და აქტიური მონაწილეობით, ასევე საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „დემოგრაფიული უსაფრთხოების ეროვნული კონცეფცია“. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელშიც მთელი რიგი საკითხებია მიმართული იმისკენ, რომ დემოგრაფიული ვითარება გაუმჯობესდეს საქართველოში“, – გვითხრა ვაჟა ლორთქიფანიძემ.
ახალი სამაგისტრო პროგრამა – „ეროვნული უსაფრთხოება, დემოგრაფიული პოლიტიკა და მიგრაციები“ – პირდაპირ ეხმიანება პარლამენტის ამ დადგენილებას. შეიძლება ამიტომაც, ამ პროგრამას ძლიერი სახელმწიფო მხარდაჭერა აქვს. კონკრეტულად, სპეციალურად გაფორმებული მემორანდუმით, პროგრამას მხარს უჭერს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო – მათ ევალებათ მთავრობაში ამ საკითხების კურირება. „ჩვენი მხარდამჭერია, ასევე, შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტი, რომლის თავმჯდომარემ და თსუ-ს რექტორმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმი, გარდა მხარდაჭერისა, უფრო ფართო მიზნებსაც მოიცავს. კერძოდ, მის ფარგლებში საპარლამენტო კომიტეტი და ჯანდაცვის სამინისტრო იღებენ ვალდებულებას, რომ ჩვენი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს აქტიურად ჩართავენ ამ პრობლემატიკის შესწავლასა და ანალიზში. ეს ჩვენი სტუდენტებისთვის ძალიან კარგი პრაქტიკა იქნება“, – აცხადებს პროგრამის ხელმძღვანელი.
სამაგისტრო პროგრამა წელს გაიხსნა და ამიტომაც ჯერ ცოტა – სულ 8 სტუდენტი შეუდგა სწავლას. პროგრამის მესვეურთა თქმით, დასაწყისისთვის ეს სრულიად საკმარისია.
ამავე პროგრამაზე 2017 წლიდან არსებობს დოქტორანტურაც. დემოგრაფიას და მის პრობლემატიკას აქ უკვე 8 დოქტორანტი იკვლევს. მათ შორის რამდენიმე უცხოეთში აგრძელებს საქმიანობას და კარგი შესაძლებლობები აქვთ – კვლევები განახორციელონ. პროგრამას კონტაქტები აქვს ევროპის არაერთ ქვეყანასთან, მათ შორის, ბალტიისპირეთთან, საფრანგეთთან და ბელგიასთან, რომელმაც მაგისტრატურის ორი სტუდენტი დააჯილდოვა სტიპენდიით. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დემოგრაფიის სამაგისტრო პროგრამის 4 სტუდენტი იღებს სტიპენდიას თვეში 200 ლარის ოდენობით. ხელმძღვანელის თქმით, მომავალში ასეთი მატერიალური მხარდაჭერა კვლავ გაგრძელდება.
„დემოგრაფია (დემოლოგია – როგორც ჩვენ ვეძახით) არის ინტერდისციპლინური და ძალიან სწრაფად მზარდი მეცნიერება და ამის გამო მას კლასიფიკაციათა ჩარჩოში ცალკე ადგილი უჭირავს ისე, როგორც, სოციოლოგებს, პოლიტიკურ მეცნიერებებს. ამ სპეციალობით სხვადასხვა მიმართულების კურსდამთავრებულები ინტერესდებიან, რადგან პერსპექტიული დარგია. ეჭვიც არ მეპარება, რომ, მსგავსად სოციოლოგიისა, რომელიც გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დამკვიდრდა ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში, დემოგრაფიაც ძალიან მოთხოვნადი და საჭირო სპეციალობა გახდება. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო საგნები და გვყავს შესანიშნავი პროფესორები. ჩვენ გვინდა, რომ ამ დარგში მაღალი დონის სპეციალისტები მოვამზადოთ, რის შესაძლებლობასაც იძლევა წარმატებით აკრედიტებული ჩვენი სამაგისტრო პროგრამა“, – აცხადებს ვაჟა ლორთქიფანიძე.