ღირსეული მამების კვალზე  – შალვა  წერეთლისა და დემეტრე აბესაძის სტუდენტობის პირველი წელი

თარიღი: 2022-09-18 18:24:12

მაღალრეიტინგიანი პირველკურსელები  – შალვა  წერეთელი და დემეტრე აბესაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხვდნენ.  ორივე ღირსეული მამის კვალს გაჰყვა: შალვა წერეთელი ცნობილი მეცნიერის, ეკონომიკის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორის, ღირსების ორდენის კავალერის, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გიორგი წერეთლის შვილია,   დემეტრე აბესაძე  კი  თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ რამაზ აბესაძის ვაჟია. 

 შალვა წერეთელს ყველაზე დიდი ცოდნა და გამოცდილება კომაროვის სკოლამ მისცა.  სწორედ ამ სკოლის დამსახურებაა, რომ ყოველგვარი მომზადების გარეშე მათემატიკის ეროვნულ გამოცდაზე უმაღლესი ქულა მიიღო: 51/51. ასევე მაქსიმალური შეფასება ჰქონდა ინგლისურში 80/80, ხოლო ქართულში  – 59.67/60.

 შალვამ არჩევანი  ISET-ის საერთაშორისო სკოლაზე შეაჩერა. ეს სკოლა დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდებში და  ძალიან მოთხოვნადია.  ISET-ში,  რესპუბლიკის მასშტაბით,  ყველაზე გამორჩეული და მაღალრეიტინგიანი სტუდენტები სწავლობენ. წელს  ISET-ის საბაკალავრო პროგრამაზე 150 სტუდენტი მიიღეს საქართველოდან და 7 სტუდენტი სხვა ქვეყნებიდან. უკვე ზედიზედ, მესამე წელია, ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა  N1-ია საქართველოს ყველა უნივერსიტეტის ბიზნესის, ეკონომიკის და ფინანსების პროგრამებს შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდების  საკონკურსო ქულების მიხედვით.  წელს, საქართველოდან  მიღებული 150 სტუდენტიდან 149 სტუდენტს  სახელმწიფო გრანტი აქვს მიღებული.  შალვა ამ სტუდენტებში გამორჩეულია –  ეროვნულ გამოცდებზე მან ყველა საგანში უმაღლესი შეფასება მიიღო.

„მათემატიკა ბავშვობიდანვე გამორჩეულად მიყვარდა. მინდოდა, რომ ჩემი პროფესია მათემატიკასთან დამეკავშირებინა, ამიტომ ვიფიქრე, რომ სწავლას ეკონომიკის ან პროგრამირების მიმართულებით გავაგრძელებდი. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე მაინც ოჯახური ტრადიციის გაგრძელების სურვილმა იმოქმედა. მამა  ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იყო, შესაბამისად, მეც მისი გზა ავირჩიე“, – აცხადებს შალვა წერეთელი, რომელიც თვლის, რომ სწორი არჩევანი გააკეთა. პარალელურად პროგრამირებაშიც აპირებს ცოდნის გაღრმავებას, რადგან საკმაოდ საინტერესო სფეროდ მიაჩნია.

„მამა ოთხი წლის ასაკში გარდამეცვალა. ძირითადად, დედას მოუწია მთელი პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება და ვფიქრობ, ცოტა ზედმეტად განიცდიდა იმას, რომ  „შესაძლებლობის მაქსიმუმს“ არ ვაკეთებდი. ამ დროს   თვითონაც საკმაოდ გააზრებული მქონდა, რომ თუ რამეს არ შევასრულებდი, მხოლოდ საკუთარ თავს დავაზიანებდი. სტუდენტობისას შევეცდები კონცენტრირებული ვიყო საქმეზე,  გავაკეთო მაქსიმუმი, რათა მომავალში ჩემს სფეროში წარმატებას მივაღწიო“, – აღნიშნა შალვამ, რომელიც ფიქრობს, რომ ISET-ის სასწავლო პროცესი საკმაოდ საინტერესო, დატვირთული და სიახლეებით სავსე იქნება.  

 მაღალრეიტინგული პირველკურსელის სამომავლო გეგმები უცხოეთში სწავლის გაგრძელებას უკავშირდება. „პროფესიული ცოდნის გაღრმავება, დამოუკიდებლობა, უცხო ენის დონის გაუმჯობესება,  განსხვავებული გამოცდილების  და შეხედულებების მქონე ადამიანებთან შეხვედრა, ჩემი აზრით, პიროვნული და კარიერული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – აცხადებს  შალვა, რომლის ყველაზე დიდი სურვილია მიღებული ცოდნა სამშობლოს კეთილდღეობას მოახმაროს. 

რაც შეეხება ჩვენი სტატიის მეორე რჩეულს – დემეტრე აბესაძეს, სკოლაში მიღწეული მისი წარმატებების შესახებ მამისგან ხშირად ესმოდათ უნივერსიტეტის თანამშრომლებს.   სხვადასხვა ოლიმპიადებსა და კონკურსებში გამარჯვებულს მუსიკალური ნიჭიც აქვს, თუმცა  პროფესიად ექიმობა აირჩია და  თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.  

 წელს თსუ-ის სამედიცინო ფაკულტეტზე  დიდი კონკურსი იყო.  დემეტრემ ბრწყინვალედ ჩააბარა მისაღები გამოცდები და 100%-იანი სასწავლო გრანტი მოიპოვა.   როგორც თავად ამბობს, ყველაფერს გააკეთებს, რომ  პროფესიონალი ექიმი გახდეს. „სკოლაში სწავლის დროს განსაკუთრებით დავინტერესდი ბიოლოგიით. ბიოლოგიისა და მედიცინის უშუალო კავშირმა და შესაბამისმა მოტივაციამ განაპირობა ჩემი არჩევანი. ექიმებს ხომ ადამიანთა სიცოცხლე აბარია… ამიტომ სიღრმისეულად  შევისწავლი  ყველა საგანს, დამატებით გავეცნობი  უახლეს ლიტერატურას, ავითვისებ პრაქტიკას, რათა მაღალი კვალიფიკაციის ექიმი გავხდე. დღეისათვის საქართველოში   ახალი სამედიცინო ტექნოლოგიები და მკურნალობის ახალი მეთოდები ინერგება. ეს ტენდენცია  მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. ბუნებრივია, უნდა ამაღლდეს ექიმთა კვალიფიკაციის დონეც. ვიმედოვნებ, რომ  საქართველოში ეკონომიკის განვითარების კვალდაკვალ  უფასო ჯანდაცვა ჩამოყალიბდება“, – ასე ფიქრობს  მომავალი ექიმი დემეტრე აბესაძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ დედაუნივერსიტეტი მას სწავლების მაღალ სტანდარტებს შესთავაზებს. დემეტრემ იცის, რომ მიზნის მისაღწევად  დიდი შრომაც საჭიროა.

შალვა და დემეტრე ბავშვობიდან მეგობრობენ, ერთმანეთის წარმატება უხარიათ და  იმედია,  უნივერსიტეტის კედლებშიც  ისეთივე  წარმატებით და ღირსეულად ივლიან, როგორც  მათი მშობლები დადიოდნენ და დადიან…

Facebook
Twitter
LinkedIn