დემეტრე აბესაძე: მზად ვარ გავხდე ჩემი ფაკულტეტის სტუდენტთა ინტერესების გამხმოვანებელი

თარიღი: 2023-10-23 16:18:31

თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი დემეტრე აბესაძე  სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარედ აირჩიეს. იგი სტუდენტური თვითმმართველობით პირველივე კურსიდან დაინტერესდა, მსგავსი აქტივობებით კი სკოლის პერიოდიდანვე იყო გატაცებული. მისი აზრით, სტუდენტურ თვითმმართველობას შეუძლია სტუდენტური ცხოვრება, სწავლასთან ერთად, სხვადასხვა კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული, საქველმოქმედო თუ გასართობი ღონისძიებით მეტად მრავალფეროვანი გახადოს. დემეტრე აბესაძისათვის სტუდენტური თვითმმართველობა დაფუძნებულია სტუდენტებს შორის მეგობრობაზე. იგი, თავდაპირველად, სწორედ განსაკუთრებულად თბილმა და დადებითმა დამოკიდებულებამ მოხიბლა, რომელიც თვითმმართველობის წარმომადგენლებისაგან მიიღო. დემეტრე აბესაძე მიიჩნევს, რომ სტუდენტური თვითმმართველობის ერთ-ერთ მთავარ მიზანს სტუდენტთა უფლებების დაცვა წარმოადგენს; იგი კი იზრუნებს, რომ ეს მნიშვნელოვანი ამოცანა პირნათლად შეასრულოს, სტუდენტებისადმი წაყენებული ვალდებულებების ფარგლებში.

დემეტრე აბესაძე  მზად არის ფაკულტეტის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობისათვის. ,,მზად ვარ, დავაყენო ის საკითხები, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა სწავლის ხარისხისა და შედეგების ამაღლებას, მოვიძიო სტუდენტების ყოველდღიური გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. მზად ვარ, გავხდე ჩემი ფაკულტეტის სტუდენტთა ინტერესების გამხმოვანებელი, სხვებთან გუნდური მუშაობის საშუალებით დავგეგმო და ჩავატარო სხვადასხვა სახის ღონისძიება”, – ამბობს დემეტრე აბესაძე.

დემეტრე აბესაძის ცხოვრებაში თსუ-ს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, მას ბავშვობიდანვე საქართველოში პირველ უნივერსიტეტად მიიჩნევდა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა აქ სწავლა. ,,თსუ ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი, რადგანაც მამაჩემი არის ლექტორი და თსუ-ში არსებული ინსტიტუტის დირექტორი, დედაჩემიც უნივერსიტეტის თანამშრომელი იყო. ბავშვობიდანვე უნივერსიტეტს აღვიქვამდი, როგორც საქართველოში უპირველესს”, – ამბობს დემეტრე აბესაძე. რაც შეეხება პროფესიას, მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ არჩეული სფერო ურთულეს გამოწვევებთან თუ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული, მან მაინც გადადგა ეს ნაბიჯი და აირჩია მედიცინა, ვინაიდან სიძნელეების გადალახვით მედიკოსს სხივისი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, ეს კი დემეტრე აბესაძეს განსაკუთრებულად ძვირფას ღირებულებად მიაჩნია. მომავალი პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათი ბედნიერებით მიღებული სიამოვნება მას ყველა დაბრკოლებას დააძლევინებს.

იგი მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტში მაღალკვალიფიციურ კადრთა მოსამზადებლად ყველა პირობაა შექმნილი. თუმცა ფიქრობს, რომ წინსვლა ყოველთვის საჭიროა. მისი აზრით, კარგი იქნება, თუ ჩვენი სტუდენტების კავშირები სხვა ქვეყნების უნივერსიტეტების შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტებთან გაძლიერდება.

მარიამ (მარიკო) გაფრინდაშვილი

თსუ-ს სოციოლოგიის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი

Facebook
Twitter
LinkedIn