ახალი პროექტი, რომელიც საქართველოში დემენციის ეროვნული პროგრამის კონცეფციის შექმნას ისახავს მიზნად
,,კიდევ ერთი ნაბიჯი ღირსეული სიბერისკენ” ახალი პროექტია, რომელიც თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორების ინიციატივით ხორციელდება და საქართველოში დემენციის ეროვნული პროგრამის კონცეფციის შექმნას ისახავს მიზნად.
დემენცია სინდრომია, რომელიც, ძირითადად, ასაკოვან ადამიანებში ვლინდება და კოგნიტური ფუნქციების (მეხსიერების, აზროვნების, ქცევის) ეტაპობრივ დაქვეითებას იწვევს იმ ხარისხით, რომ ადამიანს ყოველდღიურ, დამოუკიდებელ ცხოვრებაში უშლის ხელს. დღეს მსოფლიოში ამ დიაგნოზით 57 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და, პროგნოზების მიხედვით, მომდევნო ათწლეულებში ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების შეფასებით, პრობლემა უკვე მწვავედ დგას საქართველოსთვისაც – ქვეყანაში დემენციით, შესაძლოა, 45-დან 65 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდეს.
15 მაისს თსუ-ს ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ზემოხსენებული პროექტის ავტორების მოწვევით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები – ფსიქიატრები, ნევროლოგები, გერონტოლოგიისა და პალიატიური მზრუნველობის სპეციალისტები და სხვა დაინტერესებული ადამიანები ესწრებოდნენ.
სიმბოლურია, რომ შეხვედრა აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის მუზეუმში დაიწყო. როგორც მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა დიმიტრი კორძაიამ აღნიშნა, ამ სივრცის განსაკუთრებულმა ისტორიამ თავისთავად განაწყო მონაწილეები ისეთი დიდი და საპასუხისმგებლო საქმისთვის, როგორიც საქართველოში დემენციის ეროვნული პროგრამის კონცეფციის შემუშავებაა.
შეხვედრის ფარგლებში გამართული დისკუსიის შესახებ გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“ პროექტის ერთ-ერთ ინიციატორს, თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ფსიქიატრიისა და სამედიცინო ფსიქოლოგიის დეპარტამენტის სრულ პროფესორს, ნინო ოკრიბელაშვილს ესაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო მსჯელობის დაწყება და არა უკვე დასრულებული დოკუმენტის პრეზენტაცია:
,,ამ ეტაპზე ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროცესი არ დარჩეს მხოლოდ ერთი პროფესიული ჯგუფის ხედვად. სწორედ ამიტომ დავიწყეთ თანამშრომლობა სხვადასხვა არასამთავრობო და პროფესიულ ორგანიზაციებთანაც. გვინდა მოვისმინოთ განსხვავებული გამოცდილება და მოსაზრებები, რადგან ახლა ჯერ კიდევ კონცეფციის ფორმირების ეტაპზე ვართ და ვფიქრობთ, რომ სწორედ ამ დროს არის ყველაზე მთავარი ფართო პროფესიული და საზოგადოებრივი დიალოგი”.

ამჟამად უკვე ამოქმედებულია პროექტის ვებ-გვერდი, სადაც საერთაშორისო გამოცდილება, რეკომენდაციები და პაციენტზე ზრუნვის სტანდარტები მოიყრის თავს. თუმცა, როგორც პროექტის ავტორები აღნიშნავენ, უცხოურ პრაქტიკასთან ერთად აუცილებელია ქართულ რეალობაზე – იმ ყოველდღიურ გამოწვევებზე საუბარიც, რომლებსაც პაციენტები, მათი ოჯახები და სპეციალისტები აწყდებიან.
სწორედ ამ ყოველდღიური სირთულეების უხილავ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას თსუ-ს ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი, ნევროლოგი დავით გიგინეიშვილი. მისი თქმით, დაავადების სოციალური ტვირთი იმდენად დიდია, რომ ერთი დიაგნოზით საზოგადოება რეალურად მინიმუმ ორ პაციენტს იღებს – უშუალოდ დაავადებულს და მის მომვლელს (ოჯახის წევრს). მომვლელები ხშირად ტოვებენ სამსახურს და განიცდიან მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს. საერთაშორისო საფინანსო კვლევებზე (მაგალითად, აშშ-ისა და ბრიტანეთის მონაცემებზე) დაყრდნობით, პროფესორი აღნიშნავს, რომ ეს პროცესი მძიმე ეკონომიკურ ზარალს აყენებს არა მხოლოდ ოჯახებს, არამედ ქვეყნის ეროვნულ დოვლათსაც.
„ტვირთი იმხელაა, რომ ადამიანს უჭირს მისი მარტო ტარება. ფსიქოლოგიური სტრესი, ეკონომიკური ზარალი და პირადი ცხოვრებისეული პრობლემები – ჩვენ ორი ადამიანის მომავალი გვიფუჭდება. გამოსავალი არის ის, რომ სახელმწიფომ ბიუჯეტიდან უნდა გამოყოს ფინანსები ამ ადამიანების ნაწილობრივ მაინც მხარდასაჭერად“, – აღნიშნავს დავით გიგინეიშვილი.
ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად უმთავრესია პაციენტთა სოციალური ინტეგრაციაც. როგორც ნინო ოკრიბელაშვილი განმარტავს: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დემენციით მცხოვრები ადამიანები არ აღმოჩნდნენ იზოლაციაში და არ „გაქრნენ“ სოციალური ცხოვრებიდან. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ისინი შეძლებენ დარჩნენ საზოგადოების ნაწილად, შეინარჩუნონ ღირსება, სოციალური კავშირები და აქტიურობა იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ არა მხოლოდ მკურნალობაზე, არამედ მხარდაჭერაზე და სათემო სერვისებზე“.
სათემო სერვისებისა და სოციალური მხარდაჭერის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი „მეხსიერების კაფეა“ – სპეციალური უსაფრთხო და მეგობრული სივრცე, რომელიც დემენციის მქონე პირებსა და მათ ოჯახის წევრებს ერთმანეთთან კომუნიკაციისა და განტვირთვის საშუალებას აძლევს. აღსანიშნავია, რომ თსუ-ში გამართულ დისკუსიაში, რომელზეც ამ სერვისების განვითარებაზე იმსჯელეს, „მეხსიერების კაფეს“ წარმომადგენლებთან ერთად მოწვეული სტუმარი იყო საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაციის დამფუძნებელი, ნევროლოგი ნონა მინდიაშვილი.
საბოლოო ჯამში, ეს პროექტი პირველი ნაბიჯია, რომელიც მომავალში მრავალსექტორულ თანამშრომლობასა და ეროვნული სტრატეგიის შექმნას უნდა დაედოს საფუძვლად. პროექტის ინიციატორები თვლიან, რომ დემენციის მქონე პირები და მათი ოჯახები პრობლემის წინაშე მარტო არ უნდა დარჩნენ და მათთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა საჭირო სერვისი საქართველოში.
