დავით მხეიძის ღირებული მოგონებები ლუქსემბურგში სწავლის პერიოდზე
თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი დავით მხეიძე გაცვლითი პროგრამით ლუქსემბურგში, ლუქსემბურგის უნივერსიტეტში იმყოფებოდა, სადაც ევროპული მმართველობის პროგრამაზე სწავლობდა და სამშობლოში შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნდა.
„საზღვარგარეთ ერთი სემესტრით სწავლამ მართლაც უზარმაზარი გამოცდილება შემძინა. ეს პერიოდი იმითაც იყო გამორჩეული, რომ გავხდი უფრო მეტად თავდაჯერებული და დამოუკიდებელი. როდესაც, სრულიად მარტოს, უცხო გარემოში გიწევს საცხოვრებლად რამდენიმე თვით გადასვლა და უამრავ სირთულეს ხვდები, ამ დროს გრძნობ, რომ აკადემიური გამოწვევები რეალურად არაფერი არ არის ყოველდღიურ სირთულეებთან შედარებით, რომლებსაც მარტო უნდა გაუმკლავდე. ლუქსემბურგში არაერთი ძალიან კარგი მეგობარი შევიძინე სხვადასხვა ქვეყნიდან, საშუალება მომეცა უკეთესად გამეცნო სხვადასხვა კულტურა და დასავლეთ ევროპული უნივერსიტეტის სპეციფიკა. ამ გამოცდილებამ, ასევე, მომცა შესაძლებლობა – მემოგზაურა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და მენახა ლუქსემბურგის გარდა კიდევ ხუთი სახელმწიფო, რაც, დარწმუნებული ვარ, რომ ცხოვრების ბოლომდე ძალიან ღირებულ მოგონებად გამყვება“, – ამბობს დავითი.
რაც შეეხება თსუ-ში სწავლას, დავით მხეიძისთვის ეს ის ადგილია, სადაც სტუდენტს შესაძლებლობა აქვს აიმაღლოს სწავლის დონე, გამოიმუშაოს დისციპლინა და გახდეს კარგი პროფესიონალი. „თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს უნივერსიტეტში გატარებული ექვსი წელი ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემთვის. დღეს ვთვლი, რომ სწორედ აქ მიღებული განათლების წყალობით ვარ საკმაოდ მაღალკვალიფიციური კადრი როგორც საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, ისე ევროპისმცოდნეობის, რის გამოც თითოეულ პროფესორ-მასწავლებელს ვუხდი მადლობას. მათ გარჯას შეძლებისდაგვარად ყოველთვის დავაფასებ საკუთარი ცოდნის წარმოჩენით“, – აღნიშნავს მადლიერი სტუდენტი.
სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, ბაკალავრიატი კი – წითელ დიპლომზე. როგორც დავითი ამბობს, ამ ყველაფრის უკან უამრავი გათენებული ღამე თუ გადატანილი ნერვიულობა დგას: ,,ბაკალავრიატში სწავლის დროს გახლდით სახელმწიფოს რამდენიმეგზის სტიპენდიატი, ამჯერად კი გახლავართ თბილისის მერიის სტიპენდიის მფლობელი. სკოლის მოსწავლეობიდან მოყოლებული ვცდილობდი ნებისმიერი შესაძლებლობა ცოდნის გასაღრმავებლად გამომეყენებინა, რაც საკმაოდ დამღლელი, თუმცა, ამასთანავე, სასიამოვნო იყო. ამ ყველაფრის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა ოჯახის წევრებისა თუ მეგობრების გარეშე, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მამხნევებენ დღემდე და იზიარებენ ჩემს ყოველ სიხარულსა თუ იმედგაცრუებას“.
