გამორჩეული პირველსემესტრელი მედიცინის ფაკულტეტიდან

თარიღი: 2025-09-23 15:55:29

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მაია ბიწკინაშვილი და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ლუკა ტაბიძე მედიცინის ფაკულტეტის პირველსემესტრელ სტუდენტებს შეხვდნენ და სწავლის დაწყება მიულოცეს. შეხვედრაზე თსუ-ს რექტორმა და ფაკულტეტის დეკანმა დააჯილდოვეს 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მედიცინის ფაკულტეტზე ჩარიცხული ყველაზე მაღალქულიანი პირველსემესტრელი სტუდენტი დავით ჩადუნელი.

,,პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ ჩემთვის დიდი პატივია – ვიყო ერთ-ერთი წარმატებული პირველსემესტრელი. ჩემი აზრით, ეს  ჩემი თავდაუზოგავი შრომისა და მიღწეული შედეგის დამსახურებაა“, – ამბობს დავით ჩადუნელი.

როგორც ყველა აბიტურიენტს, თავიდან მასაც გაუჭირდა არჩევანის გაკეთება – თუ რომელ უნივერსიტეტში გააგრძელებდა სწავლას. როგორც ამბობს, ბევრჯერ შეიცვალა აზრი, თუმცა საბოლოოდ თსუ აირჩია. ,,ეს უნივერსიტეტი იყენებს  სწავლების იმ მეთოდებს, რომელიც ჩემთვის ყველაზე მოსახერხებელია და, ამავდროულად, გვაძლევს შანსს  – გამოვცადოთ საუკეთესო სტუდენტური ცხოვრება“, – ასეთი მოლოდინები აქვს დავითს, რომელსაც უნივერსიტეტში შემობიჯებისთანავე გაუმართლეს იმედები. ,,უნდა აღვნიშნო, რომ  მაღალკურსელები ყველა პირველკურსელს შეგვხვდნენ კეთილგანწყობით. სწავლის დაწყებამდე ყოველდღე გვაძლევდნენ რჩევებს სწავლასთან დაკავშირებით და ყველანაირად ცდილობდნენ ჩვენში გაენელებინათ ის შიში, რომელიც ყველა პირველკურსელს აქვს სწავლის დასაწყისში“, – ამბობს დავითი.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას დავით ჩადუნელი აღნიშნავს: ,,ჯერჯერობით გეგმაში მაქვს ბაკალავრიატის პროგრამის საქართველოში დამთავრება. რა თქმა უნდა, თუ შანსი მომეცემა, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას გაცვლით პროგრამაში, თუმცა მინდა, რომ რეზიდენტურა არა საქართველოში, არამედ გერმანიაში გავიარო და დავეუფლო სასურველ მიმართულებას“.

Facebook
Twitter
LinkedIn