დავიდ აშოტიანი: ,,გერმანია ჩემთვის იყო ოცნება, რომელიც რეალობად იქცა“
დავიდ აშოტიანი, რომელიც თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET) სწავლობს, ერთი სემესტრი იმყოფებოდა გერმანიაში, ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში. დავიდს სურს, რომ თავისი გამოცდილება ბევრ სტუდენტს გაუზიაროს.
,,უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ყოველთვის წარმომედგინა საკუთარი თავი საერთაშორისო გარემოში. სკოლის პერიოდიდანვე გამორჩეულად მიზიდავდა ინგლისური ენა, მათემატიკა და ფინანსებისა თუ ეკონომიკის სფერო, რამაც საბოლოოდ გადამაწყვეტინა ჩამებარებინა რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროგრამაზე, ISET-ში. ISET-ის მაღალი აკადემიური სტანდარტები და პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების მიდგომა კიდევ უფრო მეტად დავინახე მას შემდეგ, რაც ერთი სემესტრით ვისწავლე გერმანიაში, ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში.
გაცვლითი პროგრამა არ იყო მხოლოდ სწავლა – ეს იყო გამოცდილება, რომელმაც დამანახა საკუთარი შესაძლებლობები სრულიად სხვა კულტურულ და საგანმანათლებლო გარემოში. დიახ, არსებობდა სირთულეები, მაგრამ დღეს მათ „სირთულეებს“ კი არა, ცხოვრებისეულ გაკვეთილებსა და პიროვნულ ზრდას ვუწოდებ. გერმანიაში ყოფნისას უკეთ გავაცნობიერე – რა მიზნები მაქვს, რა მომწონს და როგორი ადამიანი მინდა ვიყო მომავალში. სწორედ იქ მივხვდი, რომ საერთაშორისო განათლება არ არის მხოლოდ ცოდნის მიღება – ეს არის თავისუფლების, დამოუკიდებლობის და კრიტიკული აზროვნების სკოლა.
გერმანია ჩემთვის იყო ოცნება, რომელიც რეალობად იქცა. გერმანიის შერჩევა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო. სკოლის ასაკიდან მინდოდა გერმანული ენის შესწავლა, ამიტომ, ISET-ის მესამე სემესტრში საბოლოოდ გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო გაცვლით პროგრამაში და წარმატებით გავიარე კონკურსი. დღეს ეს გამოცდილება ჩემთვის მხოლოდ მოგონება კი არა, პიროვნული და პროფესიული ზრდის სიმბოლოა, რომელმაც გამხადა უფრო დამოუკიდებელი, პასუხისმგებლიანი და მიზანდასახული ადამიანი.
უნივერსიტეტში და მის გარეთ მუდმივად ვცდილობ ვიყო აქტიური. გარდა აკადემიური მიღწევებისა, ვმოხალისეობ და ვმუშაობ ახალგაზრდებთან, რათა გავუზიარო ის შესაძლებლობები, რომლებმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. მჯერა, რომ ყველა ახალგაზრდის მოვალეობაა გამოიყენოს უნივერსიტეტისა და საზოგადოების მიერ შეთავაზებული ყველა რესურსი, რათა შექმნას საკუთარი წარმატების ისტორია. გაცვლითი პროგრამის პერიოდში აქტიურად ვიყავი ჩართული საერთაშორისო კომპანიების ვიზიტებსა და პროფესიულ ღონისძიებებში. შანსი მომეცა მომენახულებინა ისეთი წამყვანი ევროპული კომპანიები, როგორიცაა Accenture, PwC, N26 და სხვ. ეს შეხვედრები ჩემთვის მხოლოდ ინფორმაციული არ ყოფილა, ისინი წარმოადგენდა რეალურ შესაძლებლობას – გამეცნო გლობალური ბიზნესისა და ფინანსების პრაქტიკული მხარე, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩემი მომავალი კარიერული მიზნებისთვის. აღსანიშნავია, რომ მსგავს ღონისძიებებში ხშირად ვიყავი ერთადერთი ,,ერასმუს +“-ის სტუდენტი, მონაწილეებს შორის უმეტესად იყვნენ უნივერსიტეტის მაღალი კურსის სტუდენტები, კურსდამთავრებულები ან მაგისტრანტები. ეს ფაქტი ჩემთვის არა მხოლოდ პროფესიული, არამედ პიროვნული გამოწვევაც იყო, რომელმაც მეტი თავდაჯერება, დამოუკიდებლობა და მიზანდასახულობა შემძინა.
გერმანიის გარდა შესაძლებლობა მქონდა მომენახულებინა მრავალი ევროპული ქვეყანა – ესპანეთი, ჰოლანდია, ავსტრია, იტალია, პოლონეთი და სხვები. ამ მოგზაურობებმა უფრო ღრმად დამანახა ევროკავშირის ერთიანი სისტემის იდეა -მრავალფეროვნება, რომელიც ერთიანობაში ქმნის ძლიერ იდენტობას. თუმცა ყველა ქალაქზე მეტად ჩემთვის განსაკუთრებულია ჩემი ერასმუსის ქალაქი – ფრანკფურტ ოდერი და არაოფიციალურად – ბერლინი, რომელიც დღესაც ჩემი მეორე სახლია. ეს ქალაქები მხოლოდ ცხოვრების ეტაპად არ დარჩენილა – ისინი გახდა ადგილი, სადაც გავხდი უფრო დამოუკიდებელი, თვითშეფასებული და მომავალი მიზნების მიმართ მტკიცედ ორიენტირებული. ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას – ვიყო ჩემი თაობის „ერასმუსის ელჩი“, თანასწორ-განმანათლებელი, რომელიც სხვებს გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას და დაეხმარება მათ, გადადგან პირველი ნაბიჯი საერთაშორისო განათლებისკენ“, – გვწერს დავიდ აშოტიანი, რომელმაც ამჯერად გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ საშუალებით გადაწყვიტა სტუდენტებისთვის გაეზიარებინა თავისი შთაბეჭდილებები.
