ტრენინგები ადრეული გაფრთხილების სისტემების გაუმჯობესებაზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით
დიდ კაშხლებზე ადრეული გაფრთხილების სისტემების გაუმჯობესების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ გერმანიის კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერები თსუ-ში ტრენინგებს ატარებენ. ვორქშოპები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის კარლსრუეს ინსტიტუტის საერთაშორისო პროექტის „DAMAST Transfer “ ფარგლებში მიმდინარეობს და მას დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების, მათემატიკის, გეოლოგიის, გარემოს დაცვის მიმართულებების ქართველი სტუდენტები და მეცნიერები ესწრებიან.
„ჩვენი ვორქშოპის თემა მნიშვნელოვანია როგორც სტუდენტებისა და სამეცნიერო წრეების, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის.
საკითხი ეხება ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ადრეული გაფრთხილების გაუმჯობესებული სისტემის ფორმირებას, რომელიც ახალი სიტყვაა თანამედროვე მეცნიერებაში, რადგან ხელოვნური ინტელექტის ჩართულობით საშუალება გვაქვს მოკლე დროში გადავამუშაოთ დიდი მოცულობის მონაცემები.
აღნიშნული სისტემები უმნიშვნელოვანესია ექსპლუატაციაში შესული დიდი კაშხლების უსაფრთხოებისთვის, რადგან შეგვიძლია წინასწარ განვსაზღვროთ კაშხლის მდგომარეობა, რისკები, მივიღოთ დროული, მტკიცე და ადეკვატური გადაწყვეტილებები ისეთი კატასტროფული შემთხვევების თავიდან ასარიდებლად, როგორიც, მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ ლიბიაში მოხდა და რომელმაც ათასობით ადამიანი შეიწირა“, – განაცხადა კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარმა, მათემატიკოსმა სადიბ სიმონ ოტენბურგერმა.
სადიბ სიმონ ოტენბურგერთან ერთად ქართველი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის ვორქშოპებს კარლსრუეს ინსტიტუტის მეცნიერები დმიტრო ტრიბუშნი და რაფაელ დუჟარდენიც ატარებენ, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დიდ კაშხლებზე რისკების იდენტიფიცირებისა და ადრეული გაფრთხილების სისტემების შექმნაზე მუშაობენ.
„გერმანელი მკვლევრების მათემატიკური მოდელები შესაძლებლობას იძლევა, რომ დიდი კატასტროფების მოლოდინებთან დაკავშირებული წინასწარი შეტყობინების სისტემები გაუმჯობესდეს, რაც მათ მიერ შექმნილი საერთაშორისო მონიტორინგის ქსელიდან მიღებული ინფორმაციის ხელოვნური ინტელექტის მიერ გადამუშავების საფუძველზე შეიქმნა (მათ შორის ენგურის კაშხალზე დამონტაჟებული სადგურებიდანაც), – განმარტავს თსუ-ს მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი თენგიზ ქირია – „ვორქშოპის ფარგლებში სწორედ აღნიშნულ მოდელებს განვიხილავთ. ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია თანამედროვე მეცნიერებაში, რადგან ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია მონაცემების ისეთი სწრაფი და ღრმა ანალიზი, კაშხლებზე ისეთი ცვლილებების დაფიქსირება, რასაც ადამიანი გაცილებით მეტ დროსა და რესურსს მოანდომებდა“.
ტრენინგები „ადრეული გაფრთხილების სისტემები და ხელოვნური ინტელექტი“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამი დღის განმავლობაში ჩატარდა. უკვე 7 ოქტომბრიდან, ასევე პროექტ „DAMAST Transfer “-ის ფარგლებში, ქართველი მეცნიერებისთვის განკუთვნილი სპეციალური ტრენინგები კარლსრუეს ტექნოლოგიურ ინსტიტუტში გაგრძელდება.
DAMAST Transfer – Dams and induced seismicity საერთაშორისო პროექტს კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი ფრანკ შილინგი ხელმძღვანელობს. საქართველოს მხრიდან პროექტს კოორდინირებას ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი ნინო წერეთელი უწევს.