„DAMAST“-ის შედეგები და რეგიონული კვლევის საერთაშორისო ცენტრის შექმნის  პერსპექტივები საქართველოში

თარიღი: 2022-09-21 20:21:13

ენგურჰესზე განხორციელებულმა დაკ­ვირ­ვე­ბებმა, რომელიც ხმელეთიდან, წყლიდან და ასევე კოსმოსიდან უწყვეტ რეჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, აჩვენა, რომ კავკასიაში ყველაზე მაღალი კაშხალი, რომელიც ქვეყნის ენერგრომომარაგების 40%-ს შეადგენს, დაახლოებით, 30 წელიწადში ფუნქციონირებას ვეღარ შეძლებს. შესაბამისად, აუცილებელია ენგურჰესის რეაბილიტაციის გეგმის შემუშავება, რაც კაშხალს სიცოცხლისუნარიანობას გაუხანგრძლივებს – ამის თაობაზე ქართველმა და გერმანელმა გეოფიზიკოსებმა სამეცნიერო კვლევითი პროექტის – „DAMAST“-ის შედეგების შეჯამებისას ისაუბრეს. 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – ,,მონიტორინგი მაღალი კაშხლის სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებისთვის: წყლისა და ელექტროენერგიის საიმედო მიწოდება დეკარბონიზაციისათვის”, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა, სამეცნიერო მოხსენებების მოსმენა-შეფასებას და ველზე ჩატარებული სამუშაოების დათვალიერებას – კონკრეტულად, ენგურჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული უახლესი სეისმური და გეოდეზიური ტექნიკის სამუშაო პროცესში შეფასებას ითვალისწინებდა.

გერმანიის განათლებისა და მეცნიერების ფედერალურმა სამინისტრომ DAMAST-ის ფარგლებში 3 პროექტი დააფინანსა. სამივე პროექტის საერთო ბიუჯეტი 7.5 მლნ. ევროზე მეტს შეადგენს:

  • DAMAST – მონიტორინგის ტექნოლოგია ჰიდროელექტროსადგურების უსაფრთხო და ეფექტიანი მუშაობისთვის 2019 -2022
  • DAMAST – transfer  სეისმური მონიტორინგი ჭუბერის ხეობის უსაფრთხოებისთვის 2022 – 2024
  • DAAD-SDG / Caucasus-SDG(sustainable development goal) თსუ-სა და სტუ-ს სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერების გაცვლითი პროგრამები დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებებისთვის  2022 -2025.

კვლევების პროცესში ჩართულია საქართველოდან 2 უმაღლესი სასწავლებლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრების წარმომადგენლობით, ხოლო პირველ ორ პროექტში სომხეთიც მონაწილეობდა.

პროექტი „DAMAST“ ბოლო 5 წელია ხორციელდება. ამ დროის განმავლობაში მეცნიერებმა ჰიდ­რო­ელ­ექ­ტრო­სად­გუ­რე­ბის უს­აფ­რთხო და ეფ­ექ­ტიანი  მუშაობისთვის მონიტო­რინ­გის უახ­ლე­სი სის­ტე­მა შეიმუშავეს.

 „ენგურჰესის ტერიტორიაზე არსებული სეიმური აქტივობა უკვე გამოიკვეთა.  კვლევებმა აჩვენა, კაშხალს ორი აქტიური რღვევა კვეთს. ლოკალურად განთავსებულმა ქსელმა ბოლო 20 თვის მანძილზე 320 მცირე მიწისძვრა დააფიქსირა ენგურჰესის ირგვლივ 30 კმ რადიუსში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სამომავლო სურათის პროგნოზირების საშუალებას გვაძლევს. უფრო დეტალური სურათის მისაღებად საჭიროა დაკვირვების მეტი დრო, ამიტომაც სეისმური მონიტორინგი გაგრძელდება.

ამ ეტაპზე, პარალელურად მიმდინარეობს გეოდეზიური კვლევებიც. ლოკალური ტექტონიკური გადაადგილებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დამატებით მინიმუმ 2-3 წელია საჭირო. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ სეისმური რისკის ზუსტ მოდელირებას.

ჩატარდა ჯვარის წყალსაცავის დეტალური კვლევაც, რომლის შედეგადაც გამოიკვეთა ადგილები, სადაც დალექილი სედიმენტის მოცულობა ძალიან დიდია. ასევე გაითვალა მათი გადაადგილების სიჩქარე  კაშხლის კედლისკენ. კვლევებში არ არის გათვალისწინებული  კლიმატის ცვლილება. მიღებული შედეგებით, ენგურჰესის სიცოცხლისუნარიანობის ვადა საშუალოდ 30 წელია, კერძოდ ექსპლუატაციის დარჩენილი ვადა მინიმუმ 28 და მაქსიმუმ 32 წლით განისაზღვრა“, – განმარტა თსუ გეოფიზიკის ინსტიტუტის სეისმოლოგმა ნინო წერეთელმა.

პროექტი „DAMAST“-ის მიზნობრივი დანიშნულება მხოლოდ ერთი კაშხლის შესწავლა-მონიტორინგით არ შემოიფარგლება. DAMAST-Transfer-ის პროექტის ფარგლებში, რომელიც „DAMAST“-ის გაგრძელებაა და ამჟამად მიმდინარეობს, მდინარე ნენსკრას (სადაც კავკასიაში ერთ-ერთი დიდი კაშხლის აშენება იგეგმება) მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის ზაფხულში, 5 სეისმური ლოკალური სადგური დამონტაჟდა.  მიღებული სეისმურობის დეტალური სურათი უნიკალური მასალა იქნება მომავალში ჰესის უსაფრთხო მშენებლობისთვის. ნენსკრა მდინარე ენგურის მარჯვენა შენაკადია და აქ დამონტაჟებული სადგურები  მეტ მონაცემებს მისცემს მეცნიერებს, რომ კიდევ უფრო ზუსტად დაადგინონ ენგურჰესისა და ჭუბერის მიდამოებში ლოკალური აქტიური სტრუქტურები.

ზოგადად, ნაციონალურ  და საერთაშორისო სეისმურ ქსელთან შედარებით, ენგურჰესისა და ნენსკრას ხეობაში განთავსებული ლოკალური სეისმური ქსელი მეცნიერებს ბევრად უფრო ვრცელ და საფუძვლიან ინფორმაციას აძლევს რეგიონის სეისმოაქტივობისა და ლოკალური ტექტონიკური პროცესის შესახებ. ფაქტობრივად, ეს არის ახალი მონაცემები რეგიონის შესახებ, რაც აქამდე არ დაკვირვებულა.

„ლოკალური სეისმური ქსელის განვითარება მანამდე, სანამ კაშხლის აშენება დაიწყება, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უკვე გვეცოდინება ლოკალური აქტიური სტრუქტურები, მათი ბუნება. DAMAST-Transfer-ის ფარგლებში გადაწყდა წინასწარი დაკვირვება გაგვეკეთებინა მდინარე ნენსკრას ხეობაში, სადაც მომავალში მაღალი კაშხლის აშენება იგეგმება. თუმცა  იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჰესი არ აშენდა, მიღებული ცოდნა ლოკალურ სეისმურობაზე მნიშვნელოვანია ჭუბერის თემის უსაფრთხოებისთვის, რადგან ეს რაიონი მეწყერსაშიში ზონებით ხასიათდება, რომლის ინიცირებას ზოგჯერ  მიწისძვრაც იწვევს“, – ამბობს თსუ გეოფიზიკის ინსტიტუტის სეისმოლოგიის, სეისმური საშიშროებისა და რისკის სექტორის ხელმძღვანელი ნინო წერეთელი.

საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ჩამოყალიბების პერსპექტივა

საქართველოში არსებული ჰიდრორესურსების პოტენციალიდან გამომდინარე და პროექტების ფარგლებში ჩატარებული კვლევების საფუძველზე,  აქტიურად განიხილება საქართველოში საერთაშორისო ცენტრის ჩამოყალიბება, რომელიც ენგურჰესის მაგალითზე მიღებულ შედეგებს, წყალსაცავში მიმდინარე პროცესებისა და უსაფრთხოების შესაბამის პარამეტრებს, ასევე, შემუშავებულ მონიტორინგული სისტემების კონცეფციას  მსგავს პირობებში არსებულ სხვა კაშხლებსაც მოარგებს. გარდა ამისა, ცენტრი გააერთიანებს კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხების კვლევების სხვადასხვა მიმართულებებს.

საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ჩამოყალიბების პერსპექტივა პირდაპირ კავშირშია გერმანულ მხარესთან თანამშრომლობის სტაბილურობაზე. პროექტში ჩართული მეცნიერები ამბობენ, რომ  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე – “მონიტორინგი მაღალი კაშხლის სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებისთვის: წყლისა და ელექტროენერგიის საიმედო მიწოდება დეკარბონიზაციისათვის” –  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და საქართველოს სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან გამოხატულმა მხარდაჭერამ აღნიშნული სტაბილურობისთვის პირველი ნაბიჯი გადადგა.

„ეს პროექტი  ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ენგურჰესის მონიტორინგის შედეგები არ არის ოპტიმისტური და საქართველომ უნდა იფიქროს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, რომ „DAMAST“-ის  პროექტები ჩვენი ქვეყნისა და მთლიანად კავკასიის რეგიონის მდგრადი და სტრატეგიული ენერგოგანვითარების საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

„კარგად ვიცით  – თუ რა მნიშვნელობა აქვს ჰესების სექტორის განვითარებას საქართველოს ენერგომომარაგებისთვის. „DAMAST“-ის  პროექტის კვლევებით ჩვენ უფრო კარგად შეგვიძლია დავინახოთ, რა პრობლემები არსებობს და  როგორ შეიძლება მათი გადაჭრა. ეს ყველაფერი საჭიროა მომავალი თაობებისთვის და რეგიონული საერთაშორისო კვლევითი ცენტრი მნიშვნელოვანი იქნება არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთლიანად კავკასიის რეგიონისთვის“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თორნიკე ყაზარაშვილმა.

საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის ინტერესები

მტკნარი წყლის მართვისა და საზოგადოებისთვის სუფთა, მდგრადი და ხელმისაწვდომი ელექტროენერგიის მიწოდების საკითხში საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის საკუთარ ინტერესებზე ისაუბრეს გერმანიის განათლებისა და მეცნიერების ფედერალური სამინისტროს დელეგაციის წარმომადგენლებმა და საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა.

„DAMAST“-ის   პროექტი გერმანიისთვის საინჟინრო მეცნიერული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევები ერთმანეთს ავსებდა და საერთო სარგებელს ქმნიდა. პროექტი პასუხობს ჩვენი სამინისტროსა და, ზოგადად, ევროპის ინტერესებს საქართველოში. თქვენს ქვეყანასთან მეგობრული ურთიერთობის გაძლიერების თვალსაზრისით, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის ფონზე, ჩვენი პროექტის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება“, – განაცხადა გერმანიის განათლებისა და მეცნიერების ფედერალური სამინისტროს დელეგაციის ხელმძღვანელმა გაბრიელე ჰერმანიმ.

„პროექტი არა მარტო ეკოლოგიური და ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობისაც არის. ენგურის კაშხალი გიგანტური და ძველია, მას ესაჭიროება ზრუნვა. ჰესი საქართველოს ელექტროენერგიის 40%-ს გამოიმუშავებს და ესაზღვრება რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონს. ამასთანავე, ჩვენ ვცხოვრობთ კლიმატის ცვლილების ეპოქაში. საქართველოს გაუმართლა, რადგან მას ბევრი ჰიდრორესურსი აქვს, რაც არ გააჩნია გერმანიას და გვიწევს მთლიანად განახლებად ენერგიაზე გადასვლა. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ჩვენი საუკეთესო მომავლისა და საერთო სარგებლის მიღებისთვის. ვიცით, რომ საქართველო მიიღწვის ევროკავშირისკენ, რასაც მივესალმებით. თქვენ უკვე ხართ ევროპული ოჯახის წევრი, თუმცა იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრიც გახდეთ, აუცილებელია გქონდეთ რესურსების, უნარ-ჩვევებისა და საკანონმდებლო რეგულაციების იგივე დონე, რაც ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებშია. ვფიქრობ, ამ პროცესში DAMAST“-ის  პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია“, – განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა.

გერმანიის განათლებისა და მეცნიერების ფედერალურმა სამინისტრომ წელსვე დაიწყო DAAD-SDG (sustainable development goal) თსუ-სა და სტუ-ს სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერების გაცვლითი პროგრამები, რომელიც დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით ხორციელდება. პროექტი 4 წლიანია. ქართველ ახალგაზრდა მეცნიერთა პირველი ჯგუფი  კვლევითი ვიზიტით გერმანიაში უკვე იმყოფებოდა.

„კარლსრუეს ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ჩემი ვიზიტის მიზანი ენრგურჰესის ირგვლივ დამონტაჟებული სადგურებიდან მონაცემების მიღება-დამუშავება იყო. პროექტის ფარგლებში შევისწავლე უნიკალური ტექნოლოგიები, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ ლოკალური სეისმური ივენთების დეტექტირება და მიღებული ინფორმაციის დამუშავება. გაცვლითი პროგრამა ერთთვიანი იყო. საქართველოში არსებული ბაზა საშუალებას გვაძლევს ეს კვლევები აქაც განვახორციელოთ და საბოლოოდ, ენგურჰესის მდგომარეობა შევაფასოთ“, – გვითხრა თსუ გეოფიზიკის ინსტიტუტის სპეციალისტმა და თსუ-ის ფიზიკის მიმართულების მაგისტრანტმა ნაზი ტუღუშმა. 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – ,,მონიტორინგი მაღალი კაშხლის სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებისთვის: წყლისა და ელექტროენერგიის საიმედო მიწოდება დეკარბონიზაციისათვის” –  15 სექტემბერს გაიხსნა. გერმანელების დელეგაცია „DAMAST“-ის  ფარგლებში მიღებული კვლევების შედეგებსა და ენგურჰესის ირგვლივ დამონტაჟებული სეისმური და გეოდეზიური სადგურების მუშაობას რამდენიმე დღის განმავლობაში ეცნობოდა.

Facebook
Twitter
LinkedIn