დამანა მელიქიშვილის ძველი ნაშრომის ხელახლა დაბადება
„ეძღვნება ჩემს მასწავლებლებს, რომლებმაც გამიკვალეს გზა და სტუდენტებს – რომლებმაც გააგრძელეს ეს გზა“, – ასე იწყება წიგნი – „იოანე პეტრიწის ენა და სტილი – იოანე პეტრიწი და ქართული სამეცნიერო-მწიგნობრული ენის განვითარების გზები“, რომლის პრეზენტაცია 26 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
ფილოლოგიის მეცნირებათა დოქტორის, პროფესორ დამანა მელიქიშვილის ეს ნაშრომი თავდაპირველად 1975 წელს გამოვიდა, წელს კი მისი განახლებული ვერსია გამოიცა.
წიგნი – „იოანე პეტრიწის ენა და სტილი – იოანე პეტრიწი და ქართული სამეცნიერო-მწიგნობრული ენის განვითარების გზები“ გამოიცა „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით. წიგნი შეეხება XII საუკუნის ფილოსოფოსის, ცნობილი მთარგმნელისა და მწერლის, იოანე პეტრიწის ფილოსოფიურ-თეოლოგიური თხზულებების ენასა და სტილს, ასევე, ინტელექტუალურ-ენობრივ კონტექსტს, რომელშიც ეს თხზულებები შეიქმნა.
წიგნის რედაქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ანა ხარანაული განახლებული ვერსიის გამოცემის საჭიროებაზე საუბრობს: „ეს წიგნი ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც ძველ ქართულ ენაზე დაწერილი ტექსტების კითხვა და კვლევა ძნელად ეჩვენება. მათ უნდა წაიკითხონ ეს წიგნი, რომ ნახონ, როგორ არის სტრუქტურირებული ძველი ქართული ენა, რამდენად გამჭვირვალეა მისი ყალიბები და დარწმუნდებიან, რომ ის სულაც არ არის რთული“.
ანა ხარანაულის თქმით, წიგნი დაეხმარება ახალგაზრდებს, რომლებიც ძველი ქართველი ავტორების შესახებ წერენ გამოკვლევას. ასევე, ხელს შეუწყობს ახალი სამეცნიერო თუ ტექნიკური ტერმინოლოგიის შექმნას. „ეს წიგნი თვალსაჩინოდ წარმოადგენს იოანე პეტრიწის მაღალგანვითარებულ სამეცნიერო ენას და ტერმინთშემოქმედებითი მოდელების აღწერით თანამედროვე, გლობალისტურ სამყაროში ქართული ენის განვითარების შესაძლებლობებსაც გამოავლენს“.
იოანე პეტრიწი გახლდათ XI-XII საუკუნეების ქართველი ფილოსოფოსი – ნეოპლატონიკოსი. როგორც დამანა მელიქიშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, დავით აღმაშენებელმა 1114 წელს გელათში დააარსა ,,სასწავლებელი ყრმათათვის”, რომელშიც ისწავლებოდა ბიზანტიური აკადემიის ძირითადი კურსი – პროკლე დიადოხოსის ,,თეოლოგიის საფუძვლები” იოანე პეტრიწის თარგმანითა და განმარტებებით”. ეს კურსი იკითხებოდა ბიზანტიის სასწავლებლებშიც. იოანე პეტრიწის სახელთან არის დაკავშირებული ქართული სამეცნიერო-ფილოსოფიური ტერმინოლოგიის ჩამოყალიბება.
როგორც ჩანს, ვეფხისტყაოსნის ავტორს მოსმენილი ჰქონდა იოანე პეტრიწის ლექციების კურსი, რაც კარგად ჩანს იმ ცნობილი დიალოგიდან, რომელშიც სასოწარკვეთილი ტარიელი მიმართავს ავთანდილს, რომელსაც სურს, რომ ძმადნაფიცი გამოიყვანოს ამ მძიმე მდგომარეობიდან: ,,დამშლიან ჩემნი კავშირნი, შევრთვივარ სულთა სირასა-ო”: ,,კავშირნი” იოანე პეტრიწის ტერმინია: მატერიალური საწყისები, საფუძვლების კავშირს ნიშნავს (ოთხი ელემენტია – მიწა, წყალი, ცეცხლი და ჰაერი ), ,,სირა” კი სეირა კი (= ბიზანტიური წარმოთქმით) ბერძნული “სეირაა” – სერია, რიგი, მწკრივია). აქაც და სხვა შემთხვევებშიც ,,ვეფხისტყაოსნის” ავტორი პეტრიწის ენით მეტყველებს”, – გვითხრა დამანა მელიქიშვილმა.
ლილე სამუშია
თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი