თსუ-ს წარმომადგენლები გრანადის უნივერსიტეტის სლავისტების საერთაშორისო კონფერენციაზე

თარიღი: 2025-06-20 17:43:11

2-4 ივნისს გრანადის უნივერსიტეტში (ესპანეთი) გაიმართა სლავისტიკის მე-6 საერთაშორისო კონფერენცია „GranaSlavic2025“, რომელსაც მასპინძლობდა გრანადის უნივერსიტეტის სლავისტიკის დეპარტამენტი და სლავური კულტურის ცენტრი. ფორუმმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოიზიდა 250-მდე მკვლევარი, მეცნიერი და აკადემიური წრეების წარმომადგენელი, რომლებიც სლავური სამყაროს მრავალმხრივმა განხილვამ ერთ სივრცეში გააერთიანა.

საქართველოდან კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს თსუ-ს რუსეთის ისტორიის კათედრის ხელმძღვანელმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა დალი კანდელაკმა და თსუ-ს სლავისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის – „რუსეთისმცოდნეობა“ – დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტმა მარიამ ჯიბაშვილმა. აღსანიშნავია, რომ მარიამმა წარადგინა მოხსენება, რომელიც მისი სამაგისტრო ნაშრომის მნიშვნელოვანი ნაწილია (სამეცნიერო ხელმძღვანელობას დალი კანდელაკი  უწევს).

მოხსენება – „რევოლუციასა და შუღლს შორის: ევროპელი მოგზაურების თვალსაზრისი 1905 წლის კავკასიაზე“ – დალი კანდელაკმა რუსულ ენაზე წარადგინა სექციის – „რუსეთის ისტორია და საერთაშორისო ურთიერთობები“ – ფარგლებში, რადგან დამსწრე საზოგადოებას უმეტესად რუსულენოვანი მეცნიერები წარმოადგენდნენ. მოხსენებაში მან განიხილა ორი ევროპელი ავტორის მიერ 1906 წელს გამოქვეყნებული მოგზაურობის ქრონიკები, რომლებიც 1905 წლის პირველ რუსულ რევოლუციასთან დაკავშირებულ არეულობებსა თუ შიდა დაპირისპირებებს ასახავს. იმდროინდელ გამოძახილს რეგიონის დღევანდელ ვითარებაშიც ვხვდებით. საუბარი იყო ფრანგი მწერლისა და მოგზაურის – ჟან შოპფერის (ლიტ. ფსევდონიმი – კლოდ ანე) ნაწარმოებზე – „ისფაჰანის ვარდები. ავტომობილით სპარსეთში, რუსეთისა და კავკასიის გავლით“ და იტალიელი დიპლომატის, ჟურნალისტისა და მკვლევრის ლუიჯი ვილარის წიგნზე – „ცეცხლი და მახვილი კავკასიაში“, რომელიც უნიკალური წყაროა იმდროინდელი სამხრეთ კავკასიის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ კლოდ ანეს ნაწარმოების სრული თარგმანი ჯერ არ გამოცემულა ქართულ და რუსულ ენაზე, ხოლო ვილარის წიგნი ქართულ და რუსულენოვანი მკითხველისთვის 2024 წლიდანაა ხელმისაწვდომი, ისინი კონფერენციის აუდიტორიისთვის უცნობი აღმოჩნდა.

,,ორივე ავტორმა იმოგზაურა იმ რეგიონებში, რომლებიც 1905 წლის რევოლუციის ერთ-ერთი ძირითადი კერები იყო – პოლიტიკურად მღელვარე და მრავალეთნიკური. ისინი პირადად გაესაუბრნენ სხვადასხვა სოციალური ფენის, ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენლებს და თავიანთ ჩანაწერებში დეტალურად ასახეს სომხურ-თათრული დაპირისპირებების ფონზე წარმოქმნილი კონფლიქტების სიღრმე. სწორედ მათი თვალსაჩინო პოზიციები იძლევა ამ ტექსტების განხილვის საშუალებას, როგორც უნიკალური ისტორიულ-ანალიტიკური წყაროებისა სამხრეთ კავკასიის რეალობის ასახვისთვის“, – აღნიშნა დალი კანდელაკმა.

მაგისტრანტმა მარიამ ჯიბაშვილმა მოხსენება – „1930-იანი წლების საბჭოთა კავშირი: სახელმწიფო კონტროლი და კულტურული რევოლუცია უცხოელი ავტორების აღქმაში“ – ინგლისურ ენაზე წარადგინა სექციის – „კულტურათაშორისი შეხვედრები“ – ფარგლებში. მოხსენება მიეძღვნა უცხოელი მწერლების – ანდრე ჟიდისა და ლიონ ფოიხტვანგერის – საბჭოთა კავშირში მოგზაურობის და იქ მიღებული შთაბეჭდილებების ანალიზს. ეს თემა მისი სამაგისტრო ნაშრომის ცენტრალურ ხაზს წარმოადგენს და კარგად ეხმიანებოდა კონფერენციის საერთო დისკურსს.

,,ლიონ ფოიხტვანგერი ნაწარმოებში – „მოსკოვი 1937“ – განსაკუთრებულ აქცენტს  სოციალისტური სისტემის წარმატებებზე და სტალინის პერსონაზე აკეთებს. მისი თხრობა ეფუძნება ოფიციალურ სტატისტიკას და საბჭოთა კავშირის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე მიღებულ შთაბეჭდილებებს. ტექსტში წარმოდგენილია საბჭოთა რეალობის იდეალიზებული სურათი, რომელიც ხშირად ეწინააღმდეგება იმდროინდელი რეალობის კრიტიკულ აღქმას. სხვა ვითარებაა ფრანგი მწერლის ანდრე ჟიდის შემთხვევაში, რომელმაც საბჭოთა კავშირში 1936 წელს იმოგზაურა. მისმა წიგნმა – „დაბრუნება სსრკ-დან“ – მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა დასავლურ საზოგადოებრივ აზრზე. ჟიდი თავდაპირველად პოზიტიურად იყო განწყობილი საბჭოთა კავშირის მიმართ, თუმცა მისი შთაბეჭდილებები თანდათანობით იმედგაცრუებად გარდაიქმნა. ტექსტში ის აღწერს ტოტალურ კონტროლს, მოლოდინისგან განსხვავებულ სოციალურ რეალობას, შიშით სავსე ყოველდღიურ ცხოვრებას, სიცივესა და უნდობლობას ადამიანებს შორის. ჟიდის ტექსტი ერთ-ერთი პირველი ინტელექტუალური პროტესტი იყო, რომელიც სისტემურ რეპრესიებსა და იდეოლოგიურ ტოტალიტარიზმს ეხებოდა. ორივე ტექსტი უნიკალური ისტორიულ-ანალიტიკური წყაროა: ერთი წარმოადგენს რეჟიმის პოზიტიურ ასახვას ოფიციალურ მექანიზმებზე დაყრდნობით, ხოლო მეორე – კრიტიკულ ნარატივს საკუთარი თვალით დანახული რეალობის საფუძველზე“, – განაცხადა დალი კანდელაკმა.

ამ ეტაპზე, დალი კანდელაკი და მარიამი ჯიბაშვილი, მათი წაკითხული მოხსენების საფუძველზე ამზადებენ სტატიებს, რომლებიც გამოქვეყნდება გრანადის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებულში.

Facebook
Twitter
LinkedIn