უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო მრავალწლიანი ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმ პედაგოგების აღიარებასა და დაფასებას, რომელთაც ათწლეულების განმავლობაში ფასდაუდებელი წვლილი შეაქვთ სტუდენტების განათლებასა და საუნივერსიტეტო ცხოვრების განვითარებაში. ხელმძღვანელობის მხრიდან ამ ღვაწლის დანახვა და სათანადო აღნიშვნა არა მხოლოდ ტრადიციის პატივისცემა, არამედ იმის დასტურია, რომ უნივერსიტეტი უფრთხილდება თავის ინტელექტუალურ რესურსს და განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს მათ მიმართ, ვინც მთელი ცხოვრება მომავალი თაობების აღზრდას მიუძღვნა.
სწორედ ამ მრავალწლიანი, ერთგული და ნაყოფიერი მოღვაწეობის აღსანიშნავად, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარდგინებითა და რექტორის გადაწყვეტილებით, აღრიცხვის, ანალიზისა და აუდიტის კათედრის უფროსი მასწავლებლები – ანჟელი ხორავა და ზეინაბ გოგრიჭიანი უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოვდნენ. ეს ჯილდო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ ღვაწლს ქართული საგანმანათლებლო სივრცისა და მომავალი თაობების პროფესიული აღზრდის საქმეში.

ქალბატონმა ანჟელი ხორავამ აღნიშნულ აღიარებასთან დაკავშირებით განაცხადა: „მუდამ ვამაყობდი, რომ ვიყავი ამ უნივერსიტეტის სტუდენტი, შემდგომში მასწავლებელი, მაგრამ დღეს უნივერსიტეტის ოქროს მედალი განსაკუთრებული სიამაყით მავსებს. ჩემთვის დიდი პატივი და სტიმულია, გაათკეცებული ენერგიით ვემსახურო ჩემს სტუდენტებსა და უნივერსიტეტს.“

ქალბატონმა ზეინაბ გოგრიჭიანმა თავისი ემოციები შემდეგნაირად გამოხატა: „ჩემთვის მიღებულ ჯილდოს – თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქროს მედლს – უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. ჯილდო მოულოდნელი, მაგრამ ძალიან სასიხარულო იყო, რადგან ამით დაფასდა ის ხანგრძლივი, დაუღალავი შრომა, რაც ჩემს საყვარელ, საპატიო საქმეს – სტუდენტებისათვის ცოდნის გადაცემას მივუძღვენი. მინდა გაზეთის საშუალებით დიდი მადლობა გადაუხადო თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ჯაბა სამუშიას, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანს მერაბ ხოხობაიას და აღრიცხვის, ანალიზისა და აუდიტის კათედრის პროფესორს ლევან საბაურს.“
