დაჩა მარაინი – ქალი, რომელმაც სიჩუმე სიტყვად აქცია
დაჩა მარაინი – ეს სახელი იტალიურ ლიტერატურაში უკვე დიდი ხანია ნიშნავს ქალს, რომელიც თავისუფლების სახელით წერს!
საყოველთაოდ აღიარებული იტალიელი პროზაიკოსის, პოეტის, დრამატურგის, რეჟისორის, სცენარისტის, პუბლიცისტის, კინოდოკუმენტალისტის, ჟურნალისტისა და მთარგმნელის დაჩა მარაინის მრავალრიცხოვანი რომანი, პიესა, ლექსი თუ ესეისტური ნაშრომი მსოფლიოს 25 ენაზეა თარგმნილი და არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო პრესტიჟული ლიტერატურული პრემია აქვს მოპოვებული; მას მინიჭებული აქვს რამდენიმე იტალიური და უცხოური უნივერსიტეტის დოქტორის საპატიო წოდება, წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე.
2024 წელს ქართველ მკითხველს მიეცა შესაძლებლობა – მშობლიურ ენაზე გაცნობოდა დაჩა მარაინის 2002 წელს გამოცემულ წიგნს „წერის სიყვარული“, რომელიც მისივე საავტორო სატელევიზიო გადაცემის – „მე ვწერ, შენ წერ“ – მასალების საფუძველზე დაიბადა და რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ ავტორის ნებართვით გამოსცა.
დაჩა მარაინი დაიბადა 1936 წელს ფლორენციის პროვინციის ქალაქ ფიეზოლეში. დედა – ტოპაზია, პროფესიით მხატვარი და სიცილიური არისტოკრატული გვარის ალიატა სალაპარუტას ჩამომავალი იყო, მამა – ფოსკო მარაინი – ნახევრად ინგლისელი, ცნობილი მწერალი და ანთროპოლოგი გახლდათ, მრავალი ნაშრომისა და ფოტოგრაფიული ალბომის ავტორი ტიბეტისა და იაპონიის შესახებ. წლების შემდეგ დაჩა იტყვის, რომ მასზე, როგორც მწერალზე, გავლენა მისმა ოჯახმა და მამამ იქონია, აქვე იმასაც დასძენს, რომ მოგზაურობის სიყვარულიც ოჯახიდან მოჰყვება.
1938 წელს ფოსკო მარაინი მთელი ოჯახით იაპონიაში, კერძოდ, ჰოკაიდოში, გადაშენების გზაზე მყოფი ქერა და ცისფერთვალება ტომის – ჰაინუს (სავარაუდოდ, კავკასიიდან წასული ტომის) შესასწავლად გაემგზავრა. 1943 წელს იტალიასა და გერმანიასთან ალიანსში მყოფმა იაპონიის მთავრობამ ცოლ-ქმარ მარაინებს მოსთხოვა – ხელი მოეწერათ სალოს ფაშისტური რესპუბლიკის მხარდამჭერთა პაქტზე და, სასტიკი უარის გამო, ანტიფაშისტი ცოლ-ქმარი, სამ მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად, ნაგოიას საკონცენტრაციო ბანაკში გაამწესა, სადაც მათ უკიდურესი შიმშილის, სიცივისა და დამცირების ორწლიანი ტყვეობა ელოდათ. მიუხედავად მცირე ასაკისა, დაჩა მარაინის მეხსიერებამ უამრავი ემოცია შემოინახა, რაც მოგვიანებით აღიწერა კიდეც მის ბოლო წიგნში „ცხოვრება ჩემი“.
ომის შემდეგ ოჯახი იტალიაში დაბრუნდა. ახალგაზრდა მარაინი სწავლობდა ფლორენციასა და რომში, სადაც თანდათან ჩამოყალიბდა როგორც მწერალი და როგორც ქალი, რომელიც მზად იყო ხმამაღლა ეთქვა ის, რასაც სხვები ჩუმად ფიქრობდნენ.
1960-იან წლებში გამოქვეყნდა მისი პირველი რომანი „La vacanza“ („არდადეგები“) – ამბავი ქალზე, რომელიც ცდილობს საკუთარ ცხოვრებასა და გრძნობებში წესრიგის დამყარებას იმ ეპოქაში, როცა ქალის ხმაც კი რეგლამენტირებული იყო. რომანის წინასიტყვაობა ეკუთვნის ცნობილ მწერალს ალბერტო მორავიას, რომელმაც ახალგაზრდა ქალის გაუწაფავ სტრიქონებში მომავალი დიდი მწერალი დაინახა. მალევე გამოვიდა წიგნი – „L’età del malessere“ („უქეიფობის ასაკი“), რომლითაც მარაინი ფართო საზოგადოებამ შეამჩნია.
მიუხედავად არაერთი საინტერესო რომანისა თუ პოეტური კრებულისა, დაჩას ნამდვილი ტრიუმფი მოუტანა 1990 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა „მარიანა უკრიას ხანგრძლივი ცხოვრება“ (წიგნი 75-ჯერ გამოიცა და მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა). ეს არის ისტორია მდუმარე ქალზე, რომელიც ნელ-ნელა სწავლობს, რომ მისი სიჩუმე შეიძლება სიტყვად იქცეს. წიგნმა ავტორს იტალიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრემია – Premio Campiello – მოუტანა და მსოფლიოს მრავალ ენაზე ითარგმნა.
მარაინი არასოდეს შემოიფარგლებოდა მხოლოდ მწერლობით. მან შექმნა ქალთა თეატრი Teatro della Maddalena, რომლის სცენაზეც მისმა არაერთმა პიესამ შეიძინა სასცენო სიცოცხლე. პიესები ეხება სიყვარულს, მარტოობასა და იმ გამბედაობას, რომელიც საჭიროა საკუთარი ხმის მოსაძებნად.
მარაინი ყოველთვის იდგა იქ, სადაც ჩუმად ყოფნა ყველაზე ადვილია, და მაინც, ირჩევდა ლაპარაკს. მისი რომანების მიხედვით იღებდნენ ფილმებს, რომლებშიც თამაშობდნენ მონიკა ვიტი („ქურდი ტერეზა”, 1973), მარჩელო მასტროიანი („პიერას ამბავი”, 1980) და სხვა ვარსკვლავები. ის წლების განმავლობაში წერდა ესეებს, რომლებშიც საუბრობდა ქალთა უფლებებზე, განათლებაზე, მეხსიერების მნიშვნელობაზე და იმაზე, რომ ლიტერატურას შეუძლია შეცვალოს სამყარო. მარიანა უკრია, კიარა დ’ასიზი, კატერინა და სიენა, ვერონიკა ფრანკო, მარია სტიუარტი, მონაზონი ხუანა, დონა ლინორა, მადამ ბოვარი, შემდეგ ტერეზა ნუმა, იზოლინა და მრავალი სხვა – ესენი ხშირად იმედგაცრუებული, გაუპატიურებული, მოკლული, მაგრამ ასევე ძლიერი, მამაცი ქალები არიან, რომლებიც, ფაქტობრივად, მარაინის მთელ შემოქმედებას მოიცავენ და გვასწავლიან – როგორ აქციონ სიჩუმე ხმაურად, დუმილი – სიტყვად…
დაჩა მარაინი დღესაც აგრძელებს წერას. მის შემოქმედებაზე კი იწერება წიგნები და სადიპლომო ნაშრომები. ოთხმოცდაათ წელს მიღწეული მწერალი ისევ ისეთივე მიზანდასახულია, როგორც ახალგაზრდობაში. მისი ყოველი წიგნი, ყოველი სიტყვა გვახსენებს, რომ თავისუფლება იწყება იქ, სადაც ადამიანი საკუთარ ამბავს არ მალავს.

დაჩა მარაინი თსუ-ში
24 ოქტომბერს ალმანახ „პირველი სხივის“ რედაქტორის, პროფესორ გიორგი ლობჟანიძის ინიციატივითა და თსუ-ს მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელის, მარინა სალუქვაძის ძალისხმევით, საქართველოს ეწვია დაჩა მარაინი – ყველაზე ცნობილი თანამედროვე იტალიელი ავტორი იტალიის საზღვრებს გარეთ. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიტორიას თავად წარუდგინა წიგნი „წერის სიყვარული“.
შეხვედრას ესწრებოდნენ თსუ-ს ვიცერექტორი ერეკლე ასტახიშვილი, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო, დაჩა მარაინის მთარგმნელი ნუნუ გელაძე, ქართველი მწერლები, უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.

შეხვედრა გახსნა თსუ-ს ლიტერატურული ალამანახის – „პირველი სხივის“ – რედაქტორმა, პროფესორმა გიორგი ლობჟანიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ დაჩა მარაინი ქართველი მკითხველისთვის ცნობილია, ძირითადად, ქართველი მთარგმნელის ნუნუ გელაძის ძალისხმევით, რადგან ქართულად თარგმნილი ოთხი წიგნიდან სამი („ხმები“, „გოგონა და მესიზმრე კაცი“, „წერის სიყვარული“) სწორედ ქალბატონმა ნუნუმ გააცნო საქართველოს. „ეს არაჩვეულებრივი წიგნი, რომელსაც ჰქვია „წერის სიყვარული“, არის თეორიული კურსი დაჩა მარაინის სატელევიზიო ლექციებისა, რომლის დროსაც ავტორი პასუხობდა შეკითხვებს წერის, როგორც ხელოვნების, შესახებ. წიგნი შესანიშნავი გზამკვლევია ყველასთვის – მათთვის, ვინც ახლა იღებს კალამს და მათთვისაც, ვინც უკვე ეზიარა წერის ხელოვნებას. ეს თეორიული ნაშრომი ისეა აგებული, რომ იკითხება, როგორც კარგი რომანი. წიგნის ნაწილები იბეჭდებოდა ალმანახ „პირველ სხივში“ რუბრიკა „მასტერკლასის“ ქვეშ. სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, რომ ის „პირველი სხივის“ ბიბლიოთეკის ეგიდით გამოგვეცა. ამდენად, „წერის სიყვარული“ არის ამ ბიბლიოთეკის პირველი წიგნი, რომელიც, ვიმედოვნებთ, წარმატებული აღმოჩნდება“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ ქართველი მკითხველისთვის ძვირფასი შენაძენი იქნება დაჩა მარაინის კიდევ ერთი საინტერესო ნაწარმოების – „ძვირფასო პიერ პაოლო“ – თარგმნა (წიგნი მიეძღვნა დაჩა მარაინის უახლოეს მეგობარს, მწერალსა და კინორეჟისორს, პიერ პაოლო პაზოლინის).
უნივერსიტეტის პრორექტორმა, პროფესორმა ერეკლე ასტახიშვილმა თავის გამოსვლაში მადლობა გადაუხადა მწერალს საქართველოში ვიზიტისთვის და იმისთვის, რომ თსუ-ს გამომცემლობას უსასყიდლოდ მისცა წიგნის გამოცემის უფლება: „ეს წიგნი ძვირფასი საჩუქარია ახალბედა მწერლებისათვის და მათთვის, ვისაც ლიტერატურა უყვარს. წიგნში გადმოცემული კითხვისა და წერის ურთიერთკავშირი, მწერლობის ხერხები, სხვადასხვა ლიტერატურული ნიუანსი თითქოს გვიბიძგებს – კალამს მოვკიდოთ ხელი ან ვისიამოვნოთ კითხვით“, – აღნიშნა მან.
ქართველი მკითხველის მხრიდან პატივისცემის, სიყვარულისა და მადლობის ნიშნად და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან წარმატებული თანამშრომლობისთვის, პრორექტორმა დაჩა მარაინი უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა.

შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა ასევე იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონომ. მან თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოს და იტალიას შორის კულტურული ურთიერთობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტს შესანიშნავი მასპინძლობისთვის. მანვე განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა იმ სტუდენტების მიმართ, რომლებიც თსუ-ში იტალიურ ენას და ლიტერატურას ეუფლებიან და შეხვედრასაც დაესწრნენ. „ეს შეხვედრა იტალიური მსოფლიო კვირეულის ფარგლებში იმართება და კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ვრცელდება იტალიური ენა საზღვრებს გარეთ“, – აღნიშნა მასიმილიანო დ’ანტუონომ.
დაჩა მარაინის მთარგმნელმა ნუნუ გელაძემ მადლობა გადაუხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატს მხარდაჭერისთვის: „მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტს და მის რექტორს, ბატონ ჯაბა სამუშიას მოწვევისა და მასპინძლობისთვის, პროფესორ გიორგი ლობჟანიძეს ამ არაჩვეულებრივი ინიციატივისთვის – რომ არა იგი, ეს წიგნი დღის სინათლეს ვერ იხილავდა; მადლობა თსუ-ს მულტიმედია ცენტრის დირექტორს, ქალბატონ მარინა სალუქვაძეს ამ შეხვედრის ორგანიზებისათვის; უღრმესი მადლობა საქართველოში იტალიის საელჩოს და პირადად მის აღმატებულება მასიმილიანო დ’ანტუონოს მუდმივი მხარდაჭერისთვის, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც შესაძლებელი გახადა ჩემი მრავალწლიანი ოცნების ახდენა, დაჩა მარაინის საქართველოში მოწვევა და მასპინძლობა“, – აღნიშნა ნუნუ გელაძემ, რომელმაც მოკლედ მიმოიხილა იტალიელი მწერლის ბიოგრაფიული პასაჟები და თავად გაუძღვა კითხვა-პასუხს, რომელმაც დარბაზის და, განსაკუთრებით, თსუ-ს სტუდენტების აქტიური ჩართულობით თითქმის ორ საათს გასტანა. მან თქვა: „დაჩა მარაინის ნაწარმოებთა უმეტესობა მასკულისტურ საზოგადოებაში ქალის აუტანელ ყოფას ეხება, თუმცა იგი არა მხოლოდ კალმით იბრძვის ყოველგვარი უსამართლობის წინააღმდეგ, არამედ, სამოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული, ჩაბმულია ფემინისტურ მოძრაობაში და აქტიურად იცავს ქალთა, ლტოლვილთა თუ უმცირესობათა უფლებებს, ებრძვის რასიზმს და ისლამის დემონიზაციას, აღვირახსნილ ფუფუნებასა და ბავშვთა შრომის დაკაბალებას; ეწევა ქველმოქმედებას და უანგაროდ ხელმძღვანელობს ლიტერატურული დაოსტატების კურსებსა თუ ლიტერატურულ ფესტივალებს; ბევრს მოგზაურობს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ახალგაზრდებთან შეხვედრასა და დიალოგს“.
„არ არსებობს თავისუფლება მეხსიერების გარეშე,“ – წერს დაჩა მარაინი – ბავშვი საკონცენტრაციო ბანაკიდან, რომელიც გვასწავლის – როგორ შეიძლება ტკივილი იქცეს სიტყვად და სიტყვა – იმედად.
