ქეთევან წულუკიძე: „არ უნდა დანებდე, გზა სულ არის!“

თარიღი: 2024-02-28 14:29:51

ქეთევან წულუკიძემ 2022 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა და ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, რომ მაგისტრატურაზე მანამ არ უნდა ჩაებარებინა, სანამ ზუსტად არ ეცოდინებოდა – რა მიმართულებით უნდოდა სწავლის გაგრძელება.

ერთწლიანი პაუზა თვითგამორკვევისთვის დასჭირდა, თუმცა სანამ გადაწყვეტილებამდე მივიდოდა,  დრო არ დაუკარგავს  –  ჯერ სამოქალაქო განათლების მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდა ჩააბარა, მერე კი ისევ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა მასწავლებლის 60 კრედიტიანი პროგრამა, რომელიც ზუსტად ერთწლიანია. „ეს ერთი წელი ფიქრისთვის გამოყოფილ დროში ზუსტად ჯდებოდა. ასე არც დანაშაულის გრძნობა მაწუხებდა, რომ ამ ერთ წელს ფუჭად ვფლანგავდი და თანაც ჩემს ცოდნას ახალ მიმართულებას ვძენდი“, – ამბობს ქეთევანი.

მალევე ჩამოყალიბდა, რომ მაგისტრატურაზე ჩაბარება საზღვარგარეთ სურდა. ,,იმ დროისათვის ჩემი ეს სურვილი ძალიან რთული და საკმაოდ შორი პერსპექტივა იყო, თუმცა საკუთარი თავის იმედი არ დამიკარგავს და მასწავლებლის პროგრამაზე სწავლის პარალელურად დავიწყე მოძიება უნივერსიტეტებისა და დაფინანსებებისა“, – გვითხრა მან.

დღეს ქეთევან წულუკიძე ლიეტუვის მიკოლას რომერის უნივერსიტეტის მაგისტრანტია და აპირებს – ევროპული განათლება საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობას მოახმაროს. თუმცა მისი გეგმები ამითაც არ იწურება. როგორ მივიდა იგი ჯერ ლიეტუვამდე და რას გეგმავს სამომავლოდ, ქეთევანი თავად მოგვიყვება:

 – ამბავი, რაშიც ძალიან გამიმართლა, არის ის, რომ აჭარიდან ვარ, აჭარის განათლების სამინისტროს კი აქვს პროგრამა ,,სწავლა საზღვარგარეთ“, რომლის ფარგლებშიც, კონკურსის მეშვეობით, ყოველ წელს რამდენიმე სტუდენტს საზღვარგარეთ სწავლა უფინანსდება. შევარჩიე უნივერსიტეტი, რომელიც მაქსიმალურად იყო ჩემს მოთხოვნებს მორგებული და დავიწყე აპლიკაციის შევსების პროცესი. ეს ეტაპი საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა. აქ საჭირო იყო გამეხსენებინა და ამომექექა ყველა ჩემი აქტივობა: შემოქმედება, კონფერენცია, სამეცნიერო ნაშრომი… საბედნიეროდ, ყოველთვის აქტიური ახალგაზრდა ვიყავი, შესაბამისად, აპლიკაციაში შესატანი ამბებიც მრავლად მქონდა ჩამოსათვლელი.

კიდევ ერთი თავსატეხი იყო სამოტივაციო წერილი, რომლითაც თავი უნდა მოაწონო ადამიანებს, რომლებსაც შენ შესახებ არასოდეს სმენიათ და უნდა დაარწმუნო, რომ უსათუოდ იმსახურებ სწორედ ამ უნივერსიტეტში სწავლას.

პირველი ეტაპის წარმატებით გადალახვაზე მალევე მივიღე შეტყობინება, რომელშიც ეწერა გასაუბრების თარიღი. ეს გასაუბრება ორმაგად საპასუხისმგებლო იყო, რადგან გარდა ჩემი პასუხებისა, ისინი აკვირდებოდნენ, თუ როგორ ვფლობდი ინგლისურ ენას, მათი ქვეყნის, უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაციას და ა.შ. გასაუბრებიდან რამდენიმე დღეში მომივიდა უნივერსიტეტისგან თანხმობა და ახლა ჯერი დაფინანსებაზე იყო.

მალევე გამოცხადდა აჭარის მთავრობის კონკურსი და დავიწყე ამ კონკურსისათვის საჭირო საბუთების შეგროვება. ამჯერად ჩემი რეგიონი უნდა დამერწმუნებინა, რომ ამ ინვესტიციის ჩემში დაბანდება სამომავლოდ სარგებელს ისევ და ისევ ჩემს სამშობლოს მოუტანდა. ამ შემთხვევაშიც მალევე მომივიდა შეტყობინება, რომ პირველი ეტაპი წარმატებით გავიარე და დამიბარეს გასაუბრებაზე. აქაც მივენდე ჩემს თავს და უბრალოდ გულწრფელობას.

რამდენიმე კვირაში მომივიდა პასუხი იმის შესახებ, რომ კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული ვიყავი. მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მთავარია წარმატება გულით გსურდეს.

ახლა ლიეტუვის რესპუბლიკაში ვსწავლობ მაგისტრატურის ინგლისურენოვან პროგრამაზე. აქ ორი წლის განმავლობაში საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტს ვისწავლი სრული დაფინანსებით.

ცოტა ხნის წინ დავასრულე პირველი სემესტრი და რამდენიმე დღის წინ მივიღე შეტყობინება, რომ მოვიპოვე უნივერსიტეტის სტიპენდია მაღალი აკადემიური მოსწრებისათვის. ეს ჩემთვის კიდევ ერთი მოტივაცია იყო. მომდევნო სემესტრს იტალიაში, მილანის უნივერსიტეტში გავატარებ გაცვლითი პროგრამით. ეს უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო ას უნივერსიტეტს შორისაა და ძალიან მიხარია, რომ მსგავსი შესაძლებლობა მეძლევა.

რთულია შეადარო ქართული და უცხოური სწავლების მეთოდები ერთმანეთს, თუმცა არა იმიტომ, რომ რომელიმე უკეთესია, არამედ იმიტომ, რომ ისინი სხვა მიდგომებსა და გამოცდილებებზეა აგებული. ერთი რამ, რაც აშკარად შესამჩნევია, არის ის, რომ საქართველოში სწავლისას პროფესორ/მასწავლებლები თეორიული საკითხის ზღვა მასალას გვაწვდიდნენ იმისათვის, რომ ესა თუ ის საკითხი კარგად აგვეთვისებინა, აქ კი ძირითადად პრეზენტაციაზე დატანილი მასალა მოაქვთ სტუდენტებამდე და დანარჩენი ლექტორისგან უნდა მოისმინო.

ჩემი დაკვირვებით, ევროპული სწავლების მეთოდები მეტად პრაქტიკულ სწავლებაზეა ორიენტირებული. ერთი რამ ეჭვგარეშეა, რომ გზა საზღვარგარეთ სწავლებამდე და მთელი ეს პროცესი გხდის დამოუკიდებელსა და მეტად თავდაჯერებულს.

საუკეთესო ძალა, რომელსაც ჩემი ყველა წარმატების საწინდრად მივიჩნევ, არის ყველა მარცხის ახალ საწყისად აღქმის უნარი. ეს უნარი რომ არ მქონდეს, აქამდე ბევრჯერ დავყრიდი ფარ-ხმალს, თუმცა მარცხებს არ ვუშინდები, პირიქით, ვთვლი, რომ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მარცხი აუცილებელია. მთავარია იპოვო ძალა, რომლითაც მარცხს ახალ საწყისად გარდაქმნი. არ უნდა დანებდე, გზა სულ არის!

Facebook
Twitter
LinkedIn