იტალიურენოვან წყაროში დაფიქსირებული ერთი ცნობა, რომელიც დღემდე ყურადღების მიღმა დარჩა
იტალიელ დომინიკელ მისიონერს პაოლო მარია ჩიტადინი და ფაენცას საქართველოში (კახეთის სამეფოში) 1616 წლის ივნის-ივლისში უმოგზაურია, რის შედეგადაც მას 1621 წელს რომში გამოუქვეყნებია 4–გვერდიანი ბროშურა – „გულწრფელი მოხსენება საქართველოს სამეფოების შესახებ“.
ბროშურაში აღწერილ ტენდენციებზე გვესაუბრება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მურმან პაპაშვილი:
ისტორიული მეხსიერების შერჩევითი ხასიათი განსაკუთრებულ ფენომენს წარმოადგენს. სრულიად მართებულია აზრი, რომ ისტორიულ მეხსიერებას შეუძლია ზოგიერთი რეალური ამბავი მითებში გაახვიოს და პირიქით, იმთავითვე არარსებული შემთხვევა, ანუ მითი, რეალურ მოვლენად აქციოს. უფრო მეტიც, ზოგჯერ ისტორიული მეხსიერებიდან სრულიად ქრება ნამდვილი ამბავი, ან ბუნდოვნად შემორჩება ისტორიულ წყაროებს. რამდენადაც ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის „დავიწყების“ ან „არდავიწყების“ მდგომარეობა არ არის სტატიკური, ისტორიულ მეხსიერებაში რაღაც აღსდგება, ანდა, პირიქით – გადის მისგან.
ეს მსჯელობა მოვიხმეთ იმისათვის, რომ ისტორიული მახსოვრობის მუდმივას კონტექსტში გვსურს წარმოვადგინოთ იტალიურენოვან წყაროში დაფიქსირებული ერთი ცნობა, რომელიც დღემდე ყურადღების მიღმა დარჩა. იგი ეკუთვნის იტალიელ დომინიკელ მისიონერს პაოლო მარია ჩიტადინი და ფაენცას, რომელიც საქართველოში (კახეთის სამეფოში) იმყოფებოდა 1616 წლის ივნის-ივლისში. ამის შედეგად ავტორმა 1621 წელს რომში გამოაქვეყნა 4-გვერდიანი ბროშურა – „გულწრფელი მოხსენება საქართველოს სამეფოების შესახებ“, რომელიც ამ სახის პირველი ნაბეჭდი ნაშრომი იყო დასავლეთში. აქვე სამართლიანობა მოითხოვს იმის თქმას, რომ დასახელებული წყარო პირველად ქართველ საზოგადოებას თავის ფუნდამენტურ ნაშრომში გააცნო მიხეილ თამარაშვილმა, ხოლო შემდეგ, მის კვალდაკვალ – პროფესორმა ი. ტაბაღუამ. ჩვენც ხელთ გვაქვს ამ ნაშრომის დედნის ასლი, რომლის ჩვენეულ თარგმანს ვეყრდნობით მეტი სიზუსტის დაცვის მიზნით.
მკითხველს, ალბათ, საინტერესოდ დაურჩება – ცოტა რამეს თუ ვიტყვით, მაგალითად, როგორ აღმოჩნდა პაოლო მარია ჩიტადინი და ფაენცა საქართველოში. მოვლენებს შორის ლოგიკური კავშირის დამყარების მიზნით გავიხსენებთ შემდეგ ისტორიულ ფაქტს: სომხეთის ტერიტორიაზე 1318 წელს დაარსებული კათოლიკური ეპარქია შემდეგში ნახჭევანის კათოლიკურ ეპარქიად გადაიქცა და 1356 წელს დაექვემდებარა დომინიკელთა ორდენის გენერალს. რომის პაპმა ინოკენტი VI-მ მას მიანიჭა შემდეგი სახელი – „წმ. გრიგოლ განმანათლებლის ორდენის ძმათა გაერთიანება“ („Ordo Fratrum unitorum S. Gregorii Illuminatoris“). მართალია, „გაერთიანებულმა ბერებმა“ უარი თქვეს ლიტურგიაში სომხურ ენაზე, დაემორჩილნენ დომინიკელთა ორდენის გენერალს, მაგრამ ორასი წლის მანძილზე ისინი ამ ორდენის თითქმის დამოუკიდებელ შტოდ რჩებოდნენ. ამდენად, სომხური სამოციქულო ეკლესიის რომის ეკლესიასთან უნია მიუღწეველი აღმოჩნდა. XVII საუკუნის პირველ და მეორე ათწლეულში ენერგიულად ცდილობდნენ ამ საკითხის განხილვას, რასაც წინააღმდეგობას უწევდა სომეხი სამღვდელოება და, შედეგად, დაძაბულობამაც იმძლავრა. ასეთ ვითარებაში წმინდა ტახტმა გადაწყვიტა 1614 წელს დომინიკელი მისიონერი პაოლო მარია ჩიტადინი და ფაენცა დაენიშნა ნახჭევანის პროვინციაში ვიზიტატორად. მან, როგორც ენერგიულმა და ორთოდოქსული კათოლიკური მოძღვრებით შეიარაღებულმა პირმა, შეძლო ეპარქიაში არსებული ვითარების განმუხტვა და „ამ ქრისტიანული ვენახის ყველა დაბნეულობისაგან განწმენდა“. მიღწეული შედეგებით კმაყოფილმა ჩიტადინიმ 1616 წელს დატოვა ნახჭევანის საარქიეპისკოპოსო და საქართველოში შაჰ აბასის სამხედრო კამპანიას გაჰყვა. მისიონერი ინდოეთსა და სპარსეთში მოგზაურობის შემდეგ 1620 წელს იტალიაში დაბრუნდა.
საკუთრივ პაოლო ჩიტადინის ცნობით, იგი საქართველოში იმყოფებოდა 1616 წლის ივნის-ივლისში. ირკვევა, რომ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია რომის წმინდა ტახტისადმი ქართველთა დადებით განწყობას, რასაც ამგვარი ექსპრესიით გამოხატავს: „რომის ნეტარი პონტიფექსისადმი უდიდესი პატივისცემა აქვთ და მას ქვეყანაზე ქრისტეს მონაცვლედ აღიარებენ. ამ პატივის ნიშნად მე, როგორც მღვდელს, რომელიც პაპის სახელით რომიდან სპარსეთის შაჰთან ჩავიდა, დამორჩილება გამომიცხადეს. ხელებსა და ფეხებზე მაკოცეს. ჩემს ალერსში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ“.
ამგვარი განწყობისა და მისწრაფების ფონზე სრულიად ბუნებრივად მოსჩანს ქართველ სასულიერო და საერო პირთა დიდი სურვილი, რომ საკუთარი შვილები დასავლური ცოდნით აღეჭურვათ. „ბევრჯერ მითხრეს, – წერს ჩიტადინი, – თუკი მათი მღვდლები მათთან ჩამოვიდოდნენ, ისინი მათ მისცემდნენ ეკლესიებს, სახლებს და სხვა რამეებს; უდიდეს წყალობად ჩათვლიდნენ, თუკი მათ ვასწავლიდით და მათ შვილებს ჩვენი დისციპლინის ქვეშ გავწრთვნიდით“. შეიძლება ყოველივე ეს წმინდა ტახტის მესვეურებს არ დაეჯერებინათ და, ვფიქრობთ, აქედან გამომდინარე, ავტორმა ბროშურას მიზანმიმართულად შეურჩია სათაური – „გულწრფელი მოხსენება საქართველოს სამეფოების შესახებ“ – რითაც ადრესატებსა და იტალიის საზოგადოებას მიანიშნებდა, რომ იგი არაფერს აიდეალებდა, მხოლოდ სიმართლეს წერდა და იგი სარწმუნოდ მიეღოთ. აძლევდა რა მაღალ შეფასებას ქართველ ქრისტიანებს, პაოლო მარია გამოთქვამდა იმედს, რომ საქართველოში კათოლიკობის წინსვლას დიდი მომავალი ჰქონდა. მიღებული შთაბეჭდილების კონტექსტში ამგვარ განწყობას საფუძველი გააჩნდა და ავტორმა, სავარაუდოდ, ორი თვის მანძილზე საქართველოში ყოფნით, რაც ნახა და მოისმინა, ევროპული ცივილიზაციის ნაწილად აღიქვა. სწორედ ამიტომ მოეჩვენა მას რამდენიმე ქართული ანბანი ლათინურის მსგავსად, ხოლო ქართულ და იტალიურ წარმოთქმებს შორის ცოტათი განსხვავება. წყაროში ეს ასე იკითხება: „ქართველებს აქვთ რამდენიმე ჩვენი მსგავსი ასო და მათი წარმოთქმა მომეჩვენა ჩვენი [ენისაგან] ცოტათი განსხვავდება“.
პაოლო მარიას მტკიცებულებების ბაზაზე სინამდვილედ უნდა მივიჩნიოთ მისი შემდეგი ცნობა, რომლის ქართულენოვანი საკონტროლო მასალით შემოწმების საშუალება, ჯერჯერობით, არ გაგვაჩნია. მისიონერი, რომელიც, ძირითადად, ქართველ სასულიერო პირთა წრეში ტრიალებდა, წერს: „მათი მღვდლებისაგან მოვისმინე, რომ მათში არის ერთი წინასწარმეტყველება – რომაელი ქრისტიანები გარკვეულ დროს, რომელსაც ყველა ბედნიერებად მიიჩნევდა, მოვიდოდნენ მათ ქვეყანაში. ეს წინასწარმეტყველება ძველთაგან მათ ქვეყანაში ლექსად იქცა და იგი ბევრჯერ იგალობეს ჩემთან“. ასეთი წინასწარმეტყველების არსებობას ადასტურებს პორტუგალიელი მისიონერი პედრო დუშ სანტუში. ამ უკანასკნელს სომხეთის ეკლესიის უმაღლესი ხელმძღვანელი, შემდეგში კათალიკოსი მოსე III ტატეველი (1629-1632) 1628 წელს ერევანში შეხვდა. ამ უკანასკნელმა დუშ სანტუშისაგან გაიგო თუ არა პორტუგალიელმა ავგუსტინელმა მისიონერებმა ბინა დაიდეს გორში, მადლი შესწირა უფალს და ეს მიიჩნია „…ადრე გაგონილი წინასწარმეტყველების ნიშნად, მოვა დრო და ქრისტიანები მივლენ კონსტანტინოპოლში მის დასახსნელად“. ყოველივე ეს იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მსგავსი წინასწარმეტყველება სინამდვილეში არსებობდა.
თუ ამ ცნობას ობიექტურობის მახასიათებლად მივიჩნევთ, მაშინ უნდა დავასკვნათ შემდეგი: მეტი ალბათობით ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა და მის თანაბრად შემდეგში დასავლეთში დაუსრულებელი ანტიოსმალური კოალიციების მოწყობის გეგმებმა ქართულ ისტორიულ მახსოვრობაში დატოვეს ის იდეალი, რომ დასავლელი ქრისტიანები აუცილებლად მოვიდოდნენ აღმოსავლელი ქრისტიანების გასათავისუფლებლად. სწორედ ამ ორი მოვლენის იმპულსი იქცა იმ წინასწარმეტყველებად, რომელზეც გვაძლევს ცნობას პაოლო ჩიტადინი და ფაენცა. ამ შემთხვევაში კი ქართული მართლმადიდებელი ეკლესია აღმოჩნდა ის ძალა, რომელმაც ეს განმათავისუფლებელი იდეა მტკიცედ შეინახა და დასავლეთის მიერ აღმოსავლეთის ქრისტიანების გამოხსნის მოლოდინი წინასწარმეტყველებად აქცია. ამიტომ დაუკავშირდა გათავისუფლების იდეა კათოლიკური ქრისტიანობის სულიერ წინამძღოლობას. საგულისხმოა, რომ სომეხთა პატრიარქი მოვსეს III ტატეველი საქართველოში კათოლიკე მისიონერების დაფუძნებას არსებული წინასწარმეტყველების ბედნიერი წინსწარგანზრახვის ნიშნად მიიჩნევდა.
დასასრულ კი, ამ პატარა ბროშურით დომინიკელმა მისიონერმა პაოლო მარია ჩიტადინი და ფაენცამ შექმნა ის კონსტანტა, რომელიც უცვლელი იყო არა მარტო მომდევნო საუკუნეებში, არამედ დღესაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მართალი გითხრათ, დღეს მე თვითონ ვარ ამ წინასწარმეტყველების გავლენის ქვეშ.