წლის საუნივერსიტეტო მოვლენად დასახელდა საერთაშორისო კონფერენცია ჰააგის სასამართლოს ხუთი მოსამართლის, ქართველი და უცხოელი პროფესორების მონაწილეობით
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიისა და ევროპის რეგიონში უნიკალური სამეცნიერო კონფერენცია – „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო – მიმდინარე გამოწვევები და სამართლებრივი ასპექტები“ გაიმართა. კონფერენციაში, ქართველ და უცხოელ პროფესორებთან, სტუდენტებთან ერთად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხუთი მოსამართლე მონაწილეობდა: ქართველი მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე, ფრანგი მოსამართლე მარკ პერინ დე ბრიშამბო, კანადელი მოსამართლე კიმბერლი პროსტი, ბრიტანელი მოსამართლე იოანა კორნერი, იტალიელი მოსამართლე როსარიო სალვატორე აიტალა.
ფრანგი მოსამართლე მარკ პერინ დე ბრიშამბო იყო ეუთოს გენერალური მდივანი, ფრანგული დელეგაციის წარმომადგენელი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების ხელმოწერისას და წლების განმავლობაში მუშაობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში.
კანადელი მოსამართლე კიმბერლი პროსტი მუშაობდა უშიშროების საბჭოს ალ-ქაიდას სანქციების კომიტეტის ომბუდსმენად და გახლდათ ყოფილი იუგოსლავიის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის მოსამართლე.
ბრიტანელი მოსამართლე იოანა კორნერი იყო იუგოსლავიის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის უფროსი პროკურორი, რომლის ფარგლებშიც არაერთი გახმაურებული საქმე აქვს განხილული.
იტალიელი მოსამართლე როსარიო სალვატორე აიტალა განიხილავს ისეთ საქმეებს, როგორებიცაა: დარფურის, უკრაინის, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკისა და ავღანეთის შემთხვევები. მას აქვს მაფიასთან, ტერორიზმთან, ზოგადად, ტრანსნაციონალურ და საერთაშორისო დანაშაულებთან ბრძოლის მრავალწლიანი გამოცდილება.
ქართველ მოსამართლეს გოჩა ლორთქიფანიძეს აქვს საერთაშორისო სამართლის მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, 1991-2005 წლებში ეკავა სხვადასხვა მაღალი თანამდებობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და აქტიურად იყო ჩართული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების მიღების პროცესში.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ორგანიზებული იყო თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტის მიერ ფოლკსვაგენის ფონდის სამეცნიერო პროექტის ფარგლებში და ხელმძღვანელობდნენ ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის პროფესორი ედვარდ შრამი, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტისა და მარბურგის ფილიპეს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი ბორის ბურგჰარდტი და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი გიორგი დგებუაძე.
„აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს საქართველოში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოზე ცნობიერების ამაღლებას. საქართველო 2003 წლიდან არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ, შესაბამისად, რატიფიცირებული აქვს რომის სტატუტი და ვფიქრობ, რომ მონაწილეობას მიიღებს იმ დისკუსიებში და იმ სამუშო პროცესში, რომელიც მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის შემდგომი სრულყოფისათვის. საქართველო არის ყველა საერთაშორისო დისკუსიის მონაწილე როგორც სამეცნიერო, ასევე დიპლომატიურ დონეზე და ვფიქრობ, რომ ეს ურთიერთობები საერთაშორისო საზოგადოებასთან სისხლის სამართლის საერთაშორისო მართლმსაჯულების სრულყოფის მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა თსუ-ს პროფესორმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ.
„ერთის მხრივ, რომის სტატუტს, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებას, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ყველა მხარე სახელმწიფოს სამართლებრივ სისტემაში, მეორეს მხრივ, მხარე სახელმწიფოს სამართალი და სამართლებრივი სისტემები რომის სტატუტის 21-ე მუხლის მიხედვით, წარმოადგენენ სამართლის წყაროს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, შესაბამისად, რომის სტატუტის სამართლის განვითარება ნიშნავს მხარე სახელმწიფოს სამართლის განვითარებას და პირიქით. ამ მიდგომის გამოხატულებაა, თუნდაც, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოწვეული პროფესიონალების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სააპელაციო პალატაში, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, ქართველი მოწვეული პროფესიონალების გამოჩენა უკვე ჩვეულებრივი მოვლენა ხდება. აღნიშნული პროგრამა წარმატებით გაიარეს უკვე თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ გიორგი დგებუაძემ და ვიადრინას სამართლის სკოლის დოქტორანტმა მარიამ ბეჟანიშვილმა“, – აღნიშნა ჰააგის სასამართლოს მოსამართლემ გოჩა ლორთქიფანიძემ.
სამეცნიერო კონფერენცია თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილის, ასოცირებული პროფესორის გიორგი დგებუაძის პოსტსადოქტორო საგრანტო პროგრამის – „ინსტიტუციური ცვლილება და სოციალური პრაქტიკა. კვლევა პოლიტიკური სისტემის, ეკონომიკისა და საზოგადოების შესახებ ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში“ – ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ბერლინის ჰუმბოლდტის, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის, მარბურგის ფილიპეს სახელობის უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულეტეტებსა და ბილეფელდის უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტთან ერთად ფოლკსვაგენის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის მთავარი მიზანია საერთაშორისო სისხლის სამართლის როლის გაზრდა საქართველოში, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და სხვა ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საერთაშორისო მართლმსაჯულების ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
„ამ პროექტის შემუშავებისას ვერ წარმოვიდგენდით, რომ რუსეთი უკრაინაში ომს წამოიწყებდა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტი კიდევ უფრო მძიმე ფორმას მიიღებდა … ეს ამ კონფერენციის მნიშვნელოვანი კონტექსტია, რადგან ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დე ფაქტო საზღვარი თბილისიდან რამდენიმე კილომეტრშია, აზერბაიჯანამდე რამდენიმე ათეული კილომეტრი გვაშორებს, არც უკრაინა მდებარეობს საქართველოდან ძალიან შორს. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ თბილისი სწორედ ის ადგილია, სადაც უნდა ვიმყოფებოდეთ და საერთაშორისო სისხლის სამართლის აქტუალურ საკითხებზე ვმსჯელობდეთ. საერთაშორისო სისხლის სამართლის მოსამართლეს ტომას ბურმენტალს, რომელმაც ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკი გამოიარა, სჯეროდა მშვიდობის საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მეშვეობით. საქართველოს ხშირად უწოდებენ ევროპის აივანს და მე მომწონს ეს მეტაფორა… იმედი მაქვს, რომ ეს ქვეყანა არ დაზიანდება ისე, როგორც უკრაინა და განაგრძობს ევროინტეგრაციის გზას“, – აღნიშნა ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის პროფესორმა ედვარდ შრამმა, რომელიც ფოლკსვაგენის სამეცნიერო ფონდის პროექტის ,,საერთაშორისო სისხლის სამართლის როლი საქართველოში” პარტნიორი და თანახელმძღვანელია.
ღონისძიებათა ციკლი სამეცნიერო კვლევის, საგანმანათლებლო, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების მიზნობრივ ჭრილში მიმდინარეობდა, რისთვისაც სამეცნიერო კონფერენციასთან ერთად სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლა – „საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულება – თეორიული და შედარებითი ასპექტები“ – გაიმართა. საზაფხულო სკოლის ფარგლებში მოხსენებებით ქართველი და უცხოელი პროფესორები და პრაქტიკოსი იურისტები წარდგნენ: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პროფესორი მერაბ ტურავა, მარბურგის ფილიპეს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი სტეფანი ბოკი, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტიდან პროფესორი ანეტე ვაინკე, ჰამბურგიდან სამართლის დოქტორი მაიელ ჰიერამენტე, ბრიტანელი ბარისტერი ადეტოკუნბო ჰუსეინი, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტიდან პროფესორი ედვარდ შრამი; ბერლინის ჰუმბოლდტისა და მარბურგის ფილიპეს სახელობის უნივერსიტეტიდან პროფესორი ბორის ბურგჰარდტი.
„კონფერენციისა და საზაფხულო სკოლის მიზანია სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებში გააღრმავოს ცოდნა და დაინტერესება საერთაშორისო სისხლის სამართლის დოქტრინისა და განსაკუთრებით სასამართლოების პრაქტიკის მიმართ. საერთაშორისო სისხლის სამართლის როლი საქართველოსა და რეგიონში, მნიშვნელოვანია რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომისა და უკრაინის მოვლენების კონტექსტში. სტუდენტებს, მეცნიერებს, იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროს სპეციალისტებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ რომის სტატუტის მოლაპარაკებების მონაწილეებთან ერთად ემსჯელათ სისხლის სამართლის საერთაშორისო მართლმსაჯულების აქტუალურ საკითხებზე და ამ მიმართულებით საქართველოს გამოცდილებაზე“, – აღნიშნა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი დგებუაძემ.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და საზაფხულო სკოლა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის, ბერლინის ჰუმბოლდტის, მარბურგის ფილიპეს სახელობის უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულეტეტებსა და ბილეფელდის უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტთან ერთად ფოლკსვაგენის სამეცნიერო ფონდმა განახორციელა. ფონდის პროექტი – „საერთაშორისო სისხლის სამართლის როლი საქართველოში“ – 2019 წელს დაიწყო და დღემდე მის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა. პროექტის საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოსა და უცხოეთის უნივერსიტეტების წამყვანი პროფესორები, ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლოების მოსამართლეები და ექსპერტები, მათ შორის, 2022 წელს გერმანიაში ჩატარდა საზაფხულო სკოლა, რომლის ფარგლებშიც ათობით ქართველ სტუდენტს შესაძლებლობა ჰქონდა ცოდნა მიეღო საერთაშორისო სისხლის სამართლის კუთხით. ღონისძიება გაიმართა ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის, ბილეფელდის უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობით.
„ამ დროისთვის პროექტის ფარგლებში გერმანელ კოლეგებთან ერთად საერთაშორისო სისხლის სამართალში ინტენსიური და გრძელვადიანი სასწავლო კურსები მუშავდება, საერთაშორისო სისხლის სამართლის აქტუალურ საკითხებზე რამდენიმე სამეცნიერო სტატია უკვე გამოქვეყნებულია. კონტაქტების წრე ფართოვდება როგორც სტუდენტებისთვის, ასევე, აკადემიური პერსონალისთვის და იმედი გვაქვს, 2024 წელს, პროექტის დასრულების შემდეგ თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავა“, – ამბობს გიორგი დგებუაძე.