წლის გამარჯვება, რომელიც თსუ-ს საკალათბურთო გუნდმა მოუტანა

თარიღი: 2023-12-15 13:52:44

2023 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და, უნივერსიტეტის ისტორიაში პირველად, ევროპულ სარბიელზეც გავიდა. გუნდში საუკეთესო მოთამაშეების მობილიზებით და სწორი მენეჯმენტით თსუ ანგარიშგასაწევი ძალა გახდა, როგორც საქართველოს, ასევე ევროპის საკალათბურთო სამყაროში.

თსუ საკალათბურთო გუნდს ხელშეწყობა აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, რაც გამოიხატება მათ მუდმივ მხარდაჭერაში. როგორც ჩვენთან საუბარში თსუ-ს კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თსუ-ს საკალათბურთო გუნდის პრეზიდენტი ირაკლი ხარჯავანიძე ამბობს, 2023 წლის გამარჯვებებში უდიდესი ძალისხმევა ჩაიდო გუნდის ხელმძღვანელობისა და მოთამაშეების მხრიდან. „ეს წელი საინტერესო იმით იყო, რომ, უნივერსიტეტის 105-წლიან ისტორიაში პირველად, თსუ-ს საკალათბურთო გუნდმა მოიგო საქართველოს ჩემპიონატი, შემდეგ – ქვეყნის თასი და ბოლოს – სუპერ-თასი.  აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ,  წელს პირველად უნივერსიტეტის ისტორიაში, ევროასპარეზზე გავედით, რითაც ძალიან გავახარეთ თსუ-ს სტუდენტები და გუნდის გულშემატკივრები“, – გვითხრა ირაკლი ხარჯავანიძემ.

უნდა აღინიშნოს, რომ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და კონკრეტულად თსუ-ს სპორტისა და კულტურის დეპარტამენტმა ქმედითი და საჭირო ნაბიჯები გადადგა გუნდის ჩამოყალიბებისა და, ზოგადად, ქართული კალათბურთის განვითარებისთვის. ამას ისიც მოწმობს, რომ თსუ-ში საქართველოს ნაკრების ოთხი წევრი თამაშობს, ესენი არიან: გიორგი ტურძილაძე, გიორგი ცინცაძე, კახა ჯინჭარაძე და ალექსანდრე ფევაძე, რასაც ირაკლი ხარჯავანიძე მნიშვნელოვან ფაქტორად და წარმატებად მიიჩნევს.

გუნდის შეკრება და მათი ერთი მიზნისთვის გაერთიანება მისი მენეჯმენტისა და სამწვრთნელო შტაბის დამსახურებაა. პროფესიონალიზმი – ესაა უმთავრესი მახასიათებელი, რომლის მიხედვითაც გუნდი დაკომპლექტდა, ამას დაემატა  სწორი მენეჯმენტი და ყველა კომპონენტის  გამართულობა.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და ყველა პირობას ვქმნით იმისთვის, რომ გუნდის მოთამაშეებმა თავი კომფორტულად იგრძნონ – როგორც პროფესიონალებს შეეფერება.  გუნდში ყველა ვთანხმდებით, რომ თსუ – ესაა  კალათბურთის პროფესიონალური  გუნდი და მიზნისკენ მიმავალ გზაზე  მიდგომები  უნდა იყოს ერთნაირი. აქ ჩართულია საერთაშორისო ურთიერთობებიც და პირადი კონტაქტებიც, შედეგად კი, ვახერხებთ გავახაროთ გულშემატკივრები“, – ამბობს ირაკლი ხარჯავანიძე.

თსუ-ს საკალათბურთო გუნდს დიდი ისტორია აქვს. განვითარების გზაზე მას ჰქონდა გამარჯვებებიც და ჩავარდნებიც,  ისეთი დროც იდგა, როცა გუნდი უმაღლესი ლიგიდან გამოვარდა და, ფინანსური პრობლემების გამო, დაიშალა. სამწლიანი წყვეტის შემდეგ, 2016 წელს, კომპანია „ჰიუნდაის“   მხარდაჭერით, თსუ-ს საკალათბურთო გუნდი ისევ აღდგა  და დიდ ასპარეზობებში ჩაერთო.

ირაკლი ხარჯავანიძე: ჩვენ ამ უნივერსიტეტის მუნდირი გვაცვია და მას ვუფრთხილდებით

ამ პროცესებში აქტიურად იყო ჩართული გუნდის პრეზიდენტი ირაკლი ხარჯავანიძე, რომელიც  იხსენებს, რომ თითოეული ასპარეზობა დიდ ემოციურ ფონს ქმნის და დამარცხების შემდეგ გამარჯვებისთვის მზადება კოლოსალურ ენერგიას და ძალისხმევას მოითხოვს: „ადამიანებს ჰგონიათ, რომ წარმატება თავისით მოდის. რეალურად კი ამას ძალიან ბევრი შრომა და ენერგია სჭირდება. თუ გუნდის ყველა რგოლი გამართული არაა, წარმატებას ვერ მიაღწევ. ცხადია, ჩემთვის ეს  ძალიან რთულია, მაგრამ, როდესაც გულშემატკივრებისაგან ამხელა ემოცია მოდის, სხვა პასუხისმგებლობას გრძნობ გუნდის ფანკლუბისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე, ჩვენ ამ უნივერსიტეტის მუნდირი გვაცვია და მას ვუფრთხილდებით“, – ამბობს ირაკლი ხარჯავანიძე.

მოპოვებული წარმატებებისთვის თსუ-ს საკალათბურთო გუნდი მედლებით, ხოლო მისი პრეზიდენტი უნივერსიტეტის მედლით დაჯილდოვდა. მათთვის ეს დიდი პატივია და კარგად აჩვენებს, რომ ერთიანობა გუნდში მიზნისკენ სვლას ამარტივებს, ის თავგანწირვა კი, რომელიც თსუ-ს საკალათბურთო გუნდის მოთამაშეებმა და ხელმძღვანელებმა აჩვენეს, უნივერსიტეტის და, ზოგადად, ქართული საქმისადმი ერთგულებაა.  „ეს არ იყო ერთი ადამიანის ან მხოლოდ გუნდის წარმატებები. ამ გამარჯვებებში თავისი წვლილი შეიტანეს უნივერსიტეტის სტუდენტებმა და გუნდის ფანკლუბმა, რომელთა მხარდაჭერას მოედანზეც და მის გარეთაც ვგრძნობდით. მადლობა იმისთვის, რომ ჩვენი ძალისხმევა დაინახა უნივერსიტეტმა, რექტორმა, კანცლერმა და თითოეულმა იმ ადამიანმა, ვისაც გულწრფელად გაუხარდა ეს ჯილდოები“, – აღნიშნა გუნდის პრეზიდენტმა.

                                   ირაკლი ხარჯავანიძის საახალწლო სურვილი

ირაკლი ხარჯავანიძე  საახალწლო სურვილებშიც კი საკალათბურთო გუნდზე ფიქრობს. ჩვენს კითხვაზე – თუ  რას ინატრებდა მომავალ წელს, დაუფიქრებლად გვიპასუხა, რომ მისთვის სანატრელი თსუ-ში თანამედროვე სპორტული დარბაზის გახსნაა: „როცა უნივერსიტეტში 25000 სტუდენტი სწავლობს და გყავს ორი წარმატებული გუნდი კალათბურთსა და გოგონების ფრენბურთში, ერთი თანამედროვე სტანდარტების სპორტული დარბაზი უნდა გქონდეს. ჩემი ოცნებაა -აშენდეს და მუდმივად ჰქონდეს თავისი ბაზა უნივერსიტეტის გუნდებს, მათ შორის ფუტსალის გუნდსაც. ყველამ ერთად უნდა განვავითაროთ ქართული კალათბურთი (სხვა გუნდური სახეობები) და გამარჯვებისკენ წავიყვანოთ ჩვენი უნივერსიტეტი“!

Facebook
Twitter
LinkedIn