წიგნის ფესტივალი – „ვაზი, ხორბალი, მემკვიდრეობა“ – თსუ-ში გაიმართა
თსუ-ში ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი აკადემიური წიგნის ფესტივალი – „ვაზი, ხორბალი, მემკვიდრეობა“ – გაიმართა. 18 და 19 მაისს ღონისძიებამ სამი ეროვნული სიმბოლო გააერთიანა და სტუმრებს ქართული ენდემური ხორბლის ჯიშების, ტრადიციული პურისა და ღვინის დეგუსტაციის პარალელურად უახლესი სამეცნიერო გამოცემები გააცნო.
ერთი შეხედვით, შესაძლოა, უჩვეულოდ მოგვეჩვენოს წიგნის, ხორბლისა და ვაზის ერთ სივრცეში გაერთიანება, თუმცა, ორგანიზატორების თქმით, ეს ტრიადა ივანე ჯავახიშვილის მრავალმხრივ მემკვიდრეობას ასახავს. როგორც თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მისასალმებელი სიტყვისას აღნიშნა, უნივერსიტეტის დამფუძნებლის კვლევის სფერო სოფლის მეურნეობასაც უკავშირდებოდა: „ივანე ჯავახიშვილი არის ადამიანი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოში როგორც ღვინისა და ვაზის, ისე ხორბლის მეცნიერულ შესწავლას. სწორედ მან მოგვცა უძველესი ადგილობრივი ჯიშების კლასიფიკაცია და ამ ორი კულტურის ისტორიული განმარტება“. ამ სამი სიმბოლოს კავშირს კიდევ ერთი საინტერესო მისტიკური ისტორიული ფაქტიც ამყარებს, რომელიც ფესტივალზე თსუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა გაიხსენა: „1900 წლის 14 ოქტომბერს, როდესაც ამ შენობის საძირკველი გაითხარა, წესის მიხედვით, შიგ ოქრო უნდა ჩაეყარათ. თუმცა, მაშინდელ ქართველებს ოქრო არ ჰქონდათ. სამაგიეროდ, ჰქონდათ ბევრად უფრო ძვირფასი საგანძური – საძირკველში ღვინის ბოთლები და არსებული საზოგადოებების წესდებები, ანუ ინტელექტუალური შრომები ჩადეს. ფაქტობრივად, შენობის საფუძველშივე დაუკავშირდა ერთმანეთს ვაზი, ღვინო და ინტელექტი და ეს მადლი უნივერსიტეტს მარადიულად მოჰყვება“.
ივანე ჯავახიშვილის მიერ დაწყებულ საქმეს დღეს უკვე საერთაშორისო სამეცნიერო აღიარება აქვს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის, აკადემიკოს ლევან უჯმაჯურიძის განმარტებით, ჯავახიშვილის სახელს უკავშირდება ვაზის 525 ადგილობრივი ჯიშის პირველი აღწერა. მისივე თქმით, საქართველო მსოფლიოში აღიარებულია არა მხოლოდ ვაზის, არამედ კულტურული ხორბლის სამშობლოდაც: „სულ ახლახან ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში დაიბეჭდა კვლევა, რომელიც ადასტურებს საქართველოში 8000 წლის წინანდელი კულტურული ხორბლის არსებობას. ამასთან, მსოფლიოში ცნობილი ხორბლის 20 სახეობიდან 14-ის სამშობლო საქართველოა, საიდანაც 5 ენდემურია. დღეს ეს ჯიშები აღდგენილია და მათი ნუტრიციული კვლევები აჩვენებს, რომ ისინი დაავადებების მიმართ მედეგობითა და უნიკალური თვისებებით გამოირჩევიან“.

ღონისძიებაზე საკუთარი აკადემიური გამოცემები 14-მა უნივერსიტეტმა წარმოადგინა, გაიმართა წიგნების პრეზენტაციები და თემატური სამეცნიერო კონფერენცია. ფესტივალმა, რომელიც თსუ-ს ბიბლიოთეკის, ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის, თბილისის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა, სტუმრების ყურადღება ერთი გამორჩეული დეტალითაც მიიპყრო – ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო კომპანია „მილდიანის“ მიერ საგანგებოდ ამ თარიღისთვის ჩამოსხმული ივანე ჯავახიშვილის სახელობითი ღვინო.
