თსუ-ს გუნდმა ,,წიგნების თაროს” სატელევიზიო კონკურსში გაიმარჯვა
თსუ-ს სტუდენტებისგან შემდგარმა გუნდმა სატელევიზიო პროექტ ,,წიგნების თაროს” მე-13 სტუდენტურ სეზონში გაიმარჯვა.
2024 წლის გაზაფხულზე თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა ნიკა სიჭინავამ და მარიამ ხაზალიამ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტ გიორგი ხაინდრავასთან ერთად გუნდი ,,აბერტო” შექმნეს. პირველ ცდაზე ნახევარფინალში გამოეთიშნენ კონკურსს, თუმცა მომდევნო სეზონში უკვე განახლებული ძალებით დაიწყეს ასპარეზობა, ფინალში კავკასიის უნივერსიტეტის გუნდი ,,კარიატიდა” დაამარცხეს და მთავარი პრიზიც მოიპოვეს – სწავლა დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში.
გამარჯვებულმა სტუდენტებმა თავიანთი მიღწევის შესახებ გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტთან” ისაუბრეს.
,,ვფიქრობ, კემბრიჯი ის ადგილია, სადაც სტუდენტი რეალურად გრძნობს, რომ აკადემიის ნაწილია. როგორც ჩემი კურსდამთავრებული მეგობრებისაგან მსმენია, საზაფხულო სკოლაში სწავლების პროცესი დინამიური და სახალისოა. ლექტორები სტუდენტებს არა მხოლოდ საგნის უკეთ ათვისებაში, არამედ ისეთი მნიშვნელოვანი უნარების განვითარებაში უწყობენ ხელს, როგორებიცაა საჯარო გამოსვლა, დებატები და ინტერკულტურული კომუნიკაცია. მოუთმენლად ველოდები დაგეგმილ ექსკურსიებსა და რასაკვირველია, კემბრიჯის სავიზიტო ბარათს – მდინარე კემზე ნავით სეირნობას. ამრიგად, ვიმედოვნებ, რომ კემბრიჯში გატარებული დღეები ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩემს მეხსიერებაში”,- აღნიშნავს მარიამ ხაზალია.
საინტერესოა ის გრძელი გზაც, რომელიც ახალგაზრდებმა მთავარ პრიზამდე გაიარეს. მთელი სეზონის განმავლობაში ,,აბერტომ” ოთხი გამარჯვება მოიპოვა – მერვედფინალში, მეოთხედფინალში, ნახევარფინალსა და ფინალში. გუნდის თითოეულ წევრს მანამდეც ჰქონდა ,,წიგნების თაროში” თამაშის გამოცდილება – როგორც სასკოლო, ისე სტუდენტურ სეზონებში. როგორც თავად ამბობენ, გუნდურობა, გამოცდილება და შრომა ის მთავარი ფაქტორებია, რამაც მათი გამარჯვება განაპირობა.
,,ამ დიდი დროის განმავლობაში, რაც ერთად ვთამაშობთ, განსაკუთრებულად შევთამაშდით და უსიტყვოდ ვუგებდით ერთმანეთს. ძალიან ინტენსიური განხილვები გვქონდა, რომლებსაც ძირითადად სწორ პასუხამდე მივყავდით. ვფიქრობ, ძალიან კარგად დაბალანსებული გუნდი ვართ. სამივე განსხვავებული სტილით ვთამაშობთ, სხვადასხვა სიძლიერე და სისუსტე გვაქვს. ამ ყველაფრის შერწყმამ გამოიწვია, რომ ვიბრძოდით ყველა ქულის მოსაპოვებლად”, – ასე აფასებს ნიკა სიჭინავა თავის გუნდს.
თავის გამოცდილებაზე საუბრისას გამარჯვებული გუნდის მესამე წევრი გიორგი ხაინდრავა გვიამბობს: ,,წიგნების თაროში“ პირველი თამაში 2020 წელს ჩავატარე. პროექტში პირველი ნაბიჯების გადადგმისას გამარჯვება ცოტა მიუღწევლად ჩანდა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ მიზნამდე ძალიან ცოტა მაკლდებოდა (ორჯერ დავმარცხდი ფინალში) და თამაშისთვის თავის დანებებასაც ვაპირებდი, რაც ასეც მოხდა – ავიღე პაუზა, თუმცა არ მასვენებდა ის განცდა, რომ რაღაც არ გამომდიოდა და სტუდენტურ სეზონებში კიდევ ვცადე ბედი. თავდაპირველი წარუმატებლობების შემდეგ საბოლოოდ მარიამთან და ნიკასთან ერთად მაინც მოვახერხე გამარჯვება. ეს გამარჯვება ჩემთვის ბევრს ნიშნავს, პირველ რიგში იმიტომ, რომ წარმატებამ კიდევ ერთხელ დამანახა – თუ რაღაც ძალიან გინდა, ის ადრე თუ გვიან გამოვა. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტი ისაა, რომ თამაშში გამარჯვება, ფაქტობრივად, შეუძლებელია კარგი გუნდის გარეშე, დარწმუნებული უნდა იყო იმაში, რომ გუნდელები გვერდს მყარად გიმაგრებენ. საბოლოოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ,,წიგნების თარო” ჩემთვის არის ძალიან დიდი, მნიშვნელოვანი და უსაყვარლესი მოგონება, რომელმაც უამრავი რამ მასწავლა”. საყურადღებოა, რომ ,,წიგნების თაროს” ისტორიაში ყველაზე მეტი – 23 – თამაში სწორედ გიორგის აქვს ჩატარებული და ეს რეკორდული მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ ეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების რიგით მე-6 გამარჯვებაა პროექტში. ახალგაზრდული ტელე-შოუ ,,წიგნების თარო” ყოველკვირეულად გადის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში და ლიტერატურის მოყვარულ ადამიანებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
