პროექტის – ,,წიგნების თარო“ – გამარჯვებული უნივერსიტეტელები
თსუ-ს სტუდენტებისგან შემდგარმა გუნდმა სატელევიზიო პროექტ ,,წიგნების თაროს” XII სტუდენტურ სეზონში გაიმარჯვა.
მთელი სეზონის განმავლობაში თსუ-ს გუნდი ასპარეზობდა სახელით ,,კრატა რეპოა”, მისი წევრები კი გიორგი ადამაშვილი, სანდრო ქართველიშვილი და ალექსანდრე სიდამონიძე იყვნენ. ფინალში მათ თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი ,,Indie Aura” დაამარცხეს და მთავარი პრიზიც მოიპოვეს – სწავლა დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში.
გიორგი და ალექსანდრე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობენ მათემატიკის მიმართულებით, სანდრო კი პოლიტიკის მეცნიერებების სტუდენტია. თითოეულ მათგანს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ.
,,კემბრიჯი ისტორიული და პრესტიჟული ადგილია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში განათლების სიმბოლოდ ითვლება. იქ ყოფნა ნამდვილად შთამაგონებელი იქნება – უნიკალური არქიტექტურა, აკადემიური გარემო და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა დამატებით მოტივაციას მომცემს. ვფიქრობ, რომ კემბრიჯში გატარებული ორი კვირის განმავლობაში მივიღებთ ახალ ცოდნას, ჩავერთვებით საინტერესო დისკუსიებში და გავეცნობით განსხვავებულ კულტურებს”, – აღნიშნავს გიორგი ადამაშვილი.
საინტერესოა ის გრძელი გზაც, რომელიც ახალგაზრდებმა მთავარ პრიზამდე გაიარეს. მთელი სეზონის განმავლობაში ,,კრატა რეპოა“-მ ოთხი გამარჯვება მოიპოვა – მერვედფინალში, მეოთხედფინალში, ნახევარფინალსა და ფინალში. ბიჭებს მანამდეც ჰქონდათ ,,წიგნების თაროში” თამაშის გამოცდილება – როგორც სასკოლო, ისე სტუდენტურ სეზონებში. როგორც თავად ამბობენ, გამოცდილება, შრომა და მენტალური მზადყოფნა ის მთავარი ფაქტორები იყო, რამაც მათი გამარჯვება განაპირობა.
,,ვერ ვიტყვი, რომ ერთი კონკრეტული რამ იყო გამარჯვების მთავარი გასაღები. ზურგს გვიმაგრებდა ცოდნა – გინდ ლიტერატურული, გინდ ზოგადი. ბევრს ვკითხულობთ, სხვადასხვა ინტელექტუალურ თამაშს ვთამაშობთ. ამას ემატებოდა (განსაკუთრებით ალექსის და გიორგის) გამოცდილება – ფაქტობრივად, სხეულში გამჯდარი გვაქვს თამაშის პულსაციის გრძნობა. ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და ეს გვეხმარება თამაშისას როგორც საკუთარი თავის, ისე ერთმანეთის მართვაში, რადგან ,,წიგნების თარო“ გუნდური თამაშია. თუმცა, ყველაზე მნიშველოვანი, რაც განსხვავდებოდა სხვა სეზონებში ჩვენი პერფორმანსებისგან, იყო მენტალური მზაობა. ყველა თამაშის დაწყებამდე უზომოდ მოტივირებულები ვიყავით. ყველა თამაშის წინ ვამბობდით, რომ ვინც არ უნდა დამდგარიყო მეორე მხარეს, შედეგი ყოველთვის ერთი იქნებოდა – მოვიგებდით. საბოლოოდ, ასეც მოხდა – მოვიგეთ”! – გვიყვება სანდრო ქართველიშვილი.
გუნდის კიდევ ერთ წევრს, ალექსანდრე სიდამონიძეს ვკითხეთ – თუ რას ნიშნავდა მისთვის ეს გამარჯვება და მან ასე გვიპასუხა: ,,ჩემთვის, პირადად, ეს გამარჯვება არდანებების და საკუთარი მიზნებისკენ ემოციური სწრაფვის შედეგია. მიმაჩნია, ამ გამარჯვებამ მე და ჩემი გუნდელები კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ ფარ-ხმალის დაყრა არცერთ ვარიანტში არ ღირს და რომ გზა სულ არის, სანამ მას ადგახარ და მიუყვები”.
ახალგაზრდული კონკურსის გამარჯვებული პირველი არხის სატელევიზიო ეთერში 21 დეკემბერს ფინალურ დაპირისპირებაში გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ ეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების რიგით მე-5 გამარჯვებაა პროექტში. ახალგაზრდული ტელე-შოუ ,,წიგნების თარო” ყოველკვირეულად გადის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში და ლიტერატურის მოყვარულ ადამიანებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ნინო ჩარკვიანი
გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის” ჟურნალისტი