უკრაინული ლიტერატურის ქართული თარგმანი ბერლინის კოლოკვიუმზე

თარიღი: 2024-09-27 09:53:19

აგვისტოს თვეში ბერლინში გაიმართა ლიტერატურის მთარგმნელთა საერთაშორისო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ფილოლოგიის დოქტორმა, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეულმა ლექტორმა, ოთარ ბაქანიძის სახელობის უკრაინისტიკის ცენტრის უფროსმა სპეციალისტმა სოფიო ჩხატარაშვილმა. ლიტერატურულ კოლოკვიუმზე მან უკრაინელი მწერლის, კატერინა ბაბკინას რომანის – „ბაბუაჩემი ყველაზე უკეთ ცეკვავდა“ – თარგმანი წარადგინა.

უკრაინული ლიტერატურა მუდამ ითარგმნებოდა უცხო ენებზე, მაგრამ 2022 წელს განვითარებულმა მოვლენებმა უფრო აქტუალური და, შეიძლება ითქვას, პოპულარული გახადა იგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აღნიშნულიდან გამომდინარე გაჩნდა იდეა, რომ უკრაინული ლიტერატურის მთარგმნელები, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, შეხვედროდნენ ერთმანეთს და გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება, მთარგმნელობითი მეთოდები და მიდგომები. იდეა ევროპული ფონდების (მათ შორის არქიპელაგის ფონდის) დაფინანსებით განხორციელდა და 25-29 აგვისტოს მას  ბერლინის ლიტერატურულმა კოლოკვიუმმა უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრები, პრეზენტაციები, დისკუსიები  გერმანელ მთარგმნელთა ფონდის დირექტორის, იურგენ იაკობ ბეკერის ხელმძღვანელობითა და კლაუდია დატეს, სოფია ონუფრივისა და როქსოლანა სვიატოს კურატორობით წარიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ უკრაინული მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელები: საქართველოდან, უკრაინიდან, გერმანიიდან, ამერიკიდან, იტალიიდან, ხორვატიიდან, სერბეთიდან, შვედეთიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, ლიტვიდან, ნიდერლანდებიდან, ბულგარეთიდან, ნორვეგიიდან, ბელარუსიდან და მაკედონიიდან.

სოფიო ჩხატარაშვილი კოლოკვიუმის მიმდინარეობასა და მომავლის პერსპექტივებზე გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტს“ ესაუბრა:

– ქალბატონო სოფიო, როგორ გაჩნდა იდეა, გეთარგმნათ კატერინა ბაბკინას რომანი და რა გამოხმაურება მოჰყვა მას ბერლინის ლიტერატურულ კოლოკვიუმზე?

–  მხატვრული თარგმანის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებთან შეხება ჯერ კიდევ ბაკალავრიატში სწავლის პერიოდში მომიწია, როდესაც ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე ლიტერატურული ურთიერთობებისა და თარგმანის სპეციალობა ავირჩიე. დოქტორანტურაში სწავლის პერიოდში კი პარალელურად უკრაინისტიკის ინსტიტუტში დავიწყე მუშაობა და ორენოვანი კრებულების  შედგენისას თავადაც ჩავერთე თარგმნის პროცესში. ტარას შევჩენკოს, ანდრიი მალიშკოს, მიკოლა ვინგრანოვსკის, აგრეთვე თანამედროვე უკრაინელი პოეტების  ლექსების თარგმნის შემდეგ ლესია უკრაინკას წერილები ვთარგმნე; 2022 წელს კი გამომცემლობა „სიესტასგან“ მივიღე შემოთავაზება, მეთარგმნა თანამედროვე უკრაინელი მწერლის, კატერინა ბაბკინას რომანი „ბაბუაჩემი ყველაზე უკეთ ცეკვავდა“. ეს გახლავთ ერთ რომანში გაერთიანებული მოთხრობების კრებული. რადგან წიგნში ცალკეული მოთხრობები იყო, ჩემს კოლეგებს, უკრაინისტ ნინო ნასყიდაშვილსა და ივანე მჭედელაძეს ვთხოვე ერთად გვეთარგმნა ეს წიგნი და მათი თანხმობის შემდეგ სამივემ ჩვენ მიერ არჩეული მოთხრობები ვთარგმნეთ.

სწორედ კატერინა ბაბკინას ზემოაღნიშნული წიგნი (რედაქტორი დავით კაკაბაძე) და ჩემ მიერ თარგმნილი მოთხრობები წარვადგინე შეხვედრაზე. წარდგენას თავისუფალი პრეზენტაციის სახე ჰქონდა და ვისაუბრე თარგმნის პროცესში შექმნილ სირთულეებსა და თავისებურებებზე. რეზონანსი საკმაოდ სასიამოვნო მოჰყვა. უცხოელი კოლეგები დაინტერესდნენ ქართულ ენაზე უკრაინული ტექსტის გადმოტანის სპეციფიკით. 

– როგორ შეირჩა შეხვედრის მონაწილენი და რა სამომავლო პერსპექტივები დაისახა მთარგმნელობითი კოლოკვიუმის მუშაობაში?

– როდესაც საკონკურსო განაცხადის პასუხად მოწვევის წერილი მივიღე, ცხადია, ძალიან გამიხარდა, თუმცა ვერც წარმოვიდგენდი, რომ ისეთ მწერლებთან, მთარგმნელებთან, მეცნიერებსა და პროფესორებთან მომიწევდა შეხვედრა, რომელთა  ნაშრომები თანამედროვე ლიტერატურული პროცესების ეპიცენტრს წარმოადგენს.

ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი სხვადასხვა ქვეყნიდან სამოცდაათზე მეტმა მთარგმნელმა გამოთქვა. მათ შორის შეირჩა 27 გამარჯვებული. უნდა აღინიშნოს, რომ ღონისძიების ფარგლებში სამი სამუშაო დღის განმავლობაში ჩატარდა არაერთი ფორმალური თუ არაფორმალური (მაგ. „ექსკურსია უკრაინულ ბერლინში“ და ა.შ.) ხასიათის შეხვედრა. ყოველი დღე იყო საკმაოდ დატვირთული – პრეზენტატორის, მოდერატორის, ხანაც უბრალოდ მსმენელის ამპლუა მონაწილეთათვის უდავოდ დიდი გამოცდილება იყო. საშუალება გვქონდა ერთმანეთი გაგვეცნო, დაგვეგეგმა მომავალი თანამშრომლობა. შეხვედრის ორგანიზატორებმა გაგვაცნეს უამრავი საგრანტო ფონდი და პროექტი, რომელიც თითოეული მთარგმნელისთვის უდავოდ მნიშვნელოვანია. მონაწილეთა და აუდიტორიის უკუკავშირმა მოლოდინს გადააჭარბა, რაც გვაფიქრებინებს, რომ სამომავლოდ უნდა ველოდოთ მსგავსი ღონისძიების ჩატარებას.

რაც შეეხება ჩემს შთაბეჭდილებებსა და შეხედულებებს, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ვთანამშრომლობთ უკრაინის მრავალ უნივერსიტეტთან, პოლონეთის, უნგრეთის, იტალიის, ხორვატიის (კონკურსის შესახებ სწორედ ხორვატი კოლეგებისგან შევიტყვე) უნივერსიტეტებთან, ბერლინში გავიცანი უამრავი ახალგაზრდა თუ უფროსი თაობის წარმომადგენელი და ჩვენი ცენტრის საკონტაქტო არეალი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ინტერნაციონალიზაციისათვის აუცილებელია. ყველაზე სასიამოვნო კი ის არის, რომ საშუალება მქონდა წარმედგინა არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ  ჩემი უნივერსიტეტი, რომლითაც ყოველთვის ვამაყობ და რომელიც მუდამ ხელს მიწყობს პიროვნულ თუ კარიერულ ზრდასა და წინსვლაში.

Facebook
Twitter
LinkedIn