რა გამოცდილება დააგროვეს თსუ-ს სტუდენტებმა, რომლებმა პეკინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ზუჰაის კამპუსში გამართულ ზამთრის სკოლაში მიიღეს მონაწილეობა

თარიღი: 2026-05-13 16:31:06

პეკინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ზუჰაის კამპუსში გამართულ ზამთრის სკოლაში მიიღეს მონაწილეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა – ნიკა ტეფნაძემ და ნაია სისაურმა, რომლებმაც ჩინეთში ვიზიტი მხოლოდ აკადემიურ გამოცდილებად კი არა, პიროვნული ტრანსფორმაციის პროცესადაც აღიქვეს.

პროგრამის ორგანიზატორი იყო პეკინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ზუჰაის კამპუსის საერთაშორისო სტუდენტთა ოფისი. ზამთრის სკოლაში თსუ-ს სტუდენტთა მონაწილეობა შესაძლებელი გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პეკინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან არსებული თანამშრომლობის ფარგლებში. შეიძლება ითქვას, რომ პროგრამა მიმდინარეობდა სამი კატეგორიის ფორმატში. პირველ რიგში, ეს იყო სალექციო შეხვედრები ჩინელ პროფესორებთან; მეორე მხრივ, პროგრამის ფარგლებში ეწყობოდა ჩინეთის წამყვან კომპანიებში ვიზიტი, როგორიც არის ვიზიტი სამედიცინო მრეწველობის ქარხნებში, ასევე ფიჭური კავშირგაბმულობის ოფისების მონახულება და სხვ.; მესამე ნაწილი ეთმობოდა კულტურულ აქტივობებს, როგორც არის ჩინური კალიგრაფია, დამწერლობის შემეცნება, კულტურული ტურები და სხვ.

ნიკა ტეფნაძისა და ნაია სისაურის გზა ჩინეთამდე, ერთი შეხედვით, შემთხვევით დაიწყო – უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებით. მაგრამ რეალურად, ეს იყო შანსი, რომელიც ორივემ დროულად დაინახა. ნაია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია საკუთარ მომავალს საერთაშორისო სამართალს უკავშირებს, იხსენებს: „მივხვდი, რომ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გამეშვა… თავიდან ჩინეთში გამგზავრება მასშტაბურად და ცოტა შოკისმომგვრელადაც კი ჟღერდა, მაგრამ რაც უფრო ვუახლოვდებოდი პროცესს, მით უფრო დიდი მოლოდინი მქონდა“. ნიკასთვის, რომელმაც იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის პროგრამა წარჩინებით დაასრულა, აზიური სივრცე სრულიად ახალი აღმოჩნდა: „ევროპასა და აშშ-ში ჩემი სასწავლო გამოცდილების შემდეგ აზიური პერსპექტივა სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა – ეს იყო ახალი ხედვა, რომელიც მანამდე არ მქონდა განცდილი“.

ზამთრის სკოლის მთავარი თემა გლობალური ლიდერობა იყო, თუმცა ეს მხოლოდ თეორიულ ჩარჩოში არ მოქცეულა. ნაია ამბობს: „პროგრამამ გაგვაერთიანა სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტები ერთ სივრცეში, სადაც ყოველდღიურად ვცვლიდით იდეებს, ვისმენდით ერთმანეთის განსხვავებულ ხედვებს და ერთად ვმუშაობდით. სწავლა აღარ იყო მხოლოდ აუდიტორიაში – ის რეალურ ცხოვრებაში გადმოდიოდა“. ნიკა კი პროგრამის სტრუქტურაზე ამახვილებს ყურადღებას: „ლექციები იყო ინტერაქციული… თითოეულს გვქონდა პასუხისმგებლობა, რომ ჩართულები ვყოფილიყავით პროცესში. გუნდური პროექტები, პრეზენტაციები და ანალიზი – ეს ყველაფერი გვაიძულებდა, რომ არა მხოლოდ გვესწავლა, არამედ გაგვეაზრებინა და გაგვეზიარებინა საკუთარი პოზიცია“.

როგორი იყო სტუდენტების პირველი შთაბეჭდილებები? „ქალაქი იყო ტრადიციულობისა და თანამედროვეობის იდეალური შერწყმის ადგილი – ერთ მხარეს ძველი ქუჩები და ტრადიციული ცხოვრება, მეორე მხარეს ცათამბჯენები და ტექნოლოგიური განვითარება“, – ამბობს ნაია. ეს კონტრასტი მხოლოდ არქიტექტურაში ან ურბანულ სივრცეში არ იგრძნობოდა. ის ბევრად უფრო ღრმად აღწევდა  –  ყოველდღიურობაში, ადამიანების ქცევაში, ცხოვრების ტემპში. ნაიასთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი სწორედ ეს რიტმი აღმოჩნდა – სისწრაფე, რომელიც თავიდან თითქოს აბნევს, მაგრამ შემდეგ თანდათან თავისი ლოგიკით გითრევს: „ცხოვრების სისწრაფე თითქოს 100-200 %-ით არის აჩქარებული, მაგრამ, ამავე დროს, ყველაფერი საოცრად ორგანიზებულია და ხარისხიანი. ენის ბარიერის მიუხედავად, კომუნიკაცია პრობლემა არ ყოფილა – ადამიანები ძალიან თბილები და გახსნილები იყვნენ. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ის, თუ როგორი პატივისცემით ეკიდებოდა თითოეული ადამიანი თავის საქმეს“. ამ დაკვირვებაში კარგად იკითხება ის განცდა, რომელსაც ხშირად აწყდება ადამიანი განვითარებულ, მაღალტექნოლოგიურ საზოგადოებაში, როცა სისწრაფე და წესრიგი ერთმანეთის პარალელურად არსებობს და არ არის წინააღმდეგობაში.

ამავე რეალობას ნიკა ტეფნაძე სხვა კუთხით აკვირდება – უფრო სისტემურად, ტექნოლოგიური განვითარების პერსპექტივიდან. მისთვის ჩინეთი პირველ რიგში არის სივრცე, სადაც მომავალი უკვე ყოველდღიურობაშია გადმოტანილი: „ჩინეთი სხვა განზომილებაში ცხოვრობს – დიგიტალიზაცია აქ პიკს აღწევს. ყოველდღიური ცხოვრება ტექნოლოგიებზეა აწყობილი და ეს სრულიად ახალ გამოცდილებას ქმნის. ჩინური ეტიკეტის გაცნობა, ენის საბაზისო ცოდნა, კულტურული აქტივობები – ეს ყველაფერი გვაძლევდა შესაძლებლობას, რომ ადგილობრივ გარემოში უფრო ბუნებრივად გვეგრძნო თავი“. სწორედ ამგვარი გარემო ქმნის იმ განსხვავებულ გამოცდილებას, რომელიც სტუდენტებისთვის მხოლოდ შთაბეჭდილებად არ რჩება, ის ხდება ახალი ხედვის დასაწყისიც.

რა რჩება ამ გამოცდილებიდან მაშინ, როცა პროგრამა სრულდება და სტუდენტები საკუთარ ქვეყნებში ბრუნდებიან? პასუხი ერთმნიშვნელოვანი არ არის, თუმცა ორივე რესპონდენტის გამოცდილება აჩვენებს, რომ ასეთი ვიზიტები მხოლოდ მოგონებად არ რჩება. ისინი ნელ-ნელა გადადის ყოველდღიურობაში – აზროვნებაში, გადაწყვეტილებებში, პროფესიულ ხედვაში. ნაია სისაური ამბობს:„ბევრ საკითხს უკვე სრულიად სხვა პერსპექტივიდან ვუყურებ – ეს გამოცდილება ჩემს ყოველდღიურ აზროვნებაშიც აისახა“. ნიკა ტეფნაძე ამ პროცესს უფრო პირდაპირ და მკაფიოდ აყალიბებს: „ასეთი პროგრამები გაძლევს შესაძლებლობას – დატოვო კომფორტის ზონა და საკუთარ თავს ახალი თვალით შეხედო… და სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“.

Facebook
Twitter
LinkedIn