,,ჩინეთმცოდნეობის საფუძვლები” – ახალი წიგნი გამოიცა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი ფუნდამენტური ნაშრომის – ,,ჩინეთმცოდნეობის საფუძვლები” – პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლები, რომლებმაც დადებითად შეაფასეს წიგნის გამოცემა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
წიგნი, რომლის შექმნაზე ქართველ ჩინეთმცოდნეთა საავტორო კოლეგია (ოთარ ჭიღლაძე, შალვა ჩიხლაძე, თეონა გელაშვილი, ნანა გელაშვილი, ნელი ახობაძე, ანნა მახარაძე, თამარ ქვლივიძე, თინათინ შიშინაშვილი) რამდენიმე წლის მანძილზე მუშაობდა, ჩინეთის ისტორიის, ეკონომიკის, ფილოსოფიის, საზოგადოების, კულტურის, ხელოვნების, ენის, პოლიტიკური სისტემის, რელიგიური რწმენა-წარმოდგენებისა და სინოლოგიის ისტორიის საკითხებზე გვიამბობს. ნაშრომი მოიცავს ჩინეთის ისტორიას უძველესი პერიოდიდან მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ჩათვლით.
„წიგნი გახლავთ ძალიან საინტერესო და საჭირო იმ კუთხით, რომ კომპლექსურად არის წარმოდგენილი ყველა სფერო ჩინური რეალობის: პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა, რელიგიები, ქალაქები, ხელოვნების დარგები… არ დარჩენილა თითქმის არც ერთი სფერო, რომელიც წიგნში არ არის განხილული. ამ წიგნის გამოცემა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ქართულ ენაზე ამგვარი ფუნდამენტური ნაშრომი დღემდე არ არსებობდა. დღეს ჩინეთის მიმართ საქართველოს მხრიდან ინტერესი გაზრდილია და ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი იყო ნაშრომის გამოცემა. წიგნი დააინტერესებს როგორც სინოლოგებს, ასევე მკითხველთა ფართო წრეს და, რაც მთავარია, სტუდენტებს. მკითხველი გაეცნობა ამ ქვეყნის მდიდარ და ეგზოტიკურ ისტორიას, რომელიც ჩინეთს გააჩნდა ჯერ კიდევ ათასწლეულების წინ“, – ამბობს თსუ-ს შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის ხელმძღვანელი ნანა გელაშვილი.
წიგნი სხვადასხვა თემატიკას აერთიანებს, რომელიც ათ ძირითად თავშია თავმოყრილი: ავტორთა ჯგუფის მიერ აღწერილია ჩინეთის ისტორიისა და კულტურული ცხოვრების ეტაპები; თემატური დაჯგუფების პრინციპით არის განხილული ჩინეთის საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფერო, მათი ცივილიზებური მონაპოვრები. წიგნში, ასევე, შეტანილია ფილოსოფიურ- რელიგიური მოძღვრებები ისეთი დიდი მოღვაწეეებისა, როგორებიც იყვნენ: ლაო ძი, კონფუცი… ნაშრომში საუბარია ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, რომელიც წლების მანძილზე ვითარდებოდა და დღეს, ძირითადად, ორიენტირებულია ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
