მომავალ ზაფხულს ბულგარელი და ქართველი კოლეგები ერთობლივად გაუძღვებიან  ანთროპოლოგიურ საზაფხულო სკოლას

თარიღი: 2023-06-08 18:41:26

ქართულ-ბულგარული ურთიერთობები: ისტორიული და თანამედროვე პერსპექტივები“ – ამ სახელწოდებით   თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით  კონფერენცია  გაიმართა, რომელშიც ქართველმა და ბულგარელმა მეცნიერებმა მიიღეს მონაწილეობა.

თსუ-ს ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ქეთევან ხუციშვილის ინფორმაციით,  კონფერენცია თსუ-ს ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტისა და კლიმენტ ორჰიდელის სახელობის სოფიის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ერთობლივი  თანამშრომლობის შედეგია, რომლის ფარგლებში, ჯერ კიდევ  2022 წლის ივლისში, სოფიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ჯულიეტა რუხაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში – „ეთნოლოგიური კვლევების ისტორია და პერსპექტივები“.

აღსანიშნავია ის ფაქტიც,  რომ  შემოდგომაზე თსუ-ს პროფესორები ქეთევან ხუციშვილი და როზეტა გუჯეჯიანი  სოფიის უნივერსიტეტის მიწვევით იმყოფებოდნენ ბულგარეთში, სადაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და კოლეგებს შეხვდნენ და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს. ამის შედეგად, ამა წლის  3-6 ივნისს, ბულგარელთა დელეგაცია სოფიის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ მირა მარკოვასა და ეთნოლოგიისა და კულტურული ანთროპოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ  ილია ილევის შემადგენლობით თსუ-ს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა რექტორთან, ბატონ ჯაბა სამუშიასთან, სადაც განიხილეს თანამშრომლობის რეალური გეგმა.

კონფერენციაზე პროფესორმა ქეთევან ხუციშვილმა ისაუბრა ქართულ-ბულგარული კულტურულ-ისტორიული კავშირების შესახებ და ხაზი გაუსვა თანამშრომლობის აუცილებლობას მიმდინარე ეტაპზე ისტორიული და კულტურული პარალელების გათვალისწინებით.

საინტერესო იყო  ბულგარელი მეცნიერების მოხსენებების თემატიკა:  პროფესორმა მირა მარკოვამ  ქართულ-ბულგარული აკადემიური ურთიერთობების პერსპექტივებზე ისაუბრა და  კონფერენციის მონაწილეებს უფრო ახლოს გააცნო  სოფიის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი თავისი დეპარტამენტებითა და პროგრამებით. როგორც ბულგარელმა მეცნიერმა აღნიშნა, თსუ-ს ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტის სასწავლო პროგრამებსა და სოფიის უნივერსიტეტის პროგრამებს შორის არსებული მსგავსება საშუალებას იძლევა გააქტიურდეს ,,ერაზმუს +“-ის გაცვლითი პროგრამა. საინტერესო იყო, ასევე, პროფესორ ილია ილევის მოხსენება: „ორფეოსი კოლხეთში. კლასიკური ანტიკურობა და ევროპული იდენტობა“,  რომელიც  ეხებოდა ევროპული იდენტობის არსს, განვითარების ტენდენციებს, განსხვავებული პერსპექტივების არსებობასა და ევროპული მომავლის ხედვებს. მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში. გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თსუ-ს პროფესორებმა და სტუდენტებმა.

როგორც ბულგარელმა პროფესორმა მირა მარკოვამ აღნიშნა, ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია იმითაც, რომ გამოიკვეთა  კონკრეტული შედეგი: მომავალ ზაფხულს ბულგარელი და ქართველი კოლეგები ერთობლივად  გაუძღვებიან  ანთროპოლოგიურ საზაფხულო სკოლას.

უკვე არსებობს თემატური და საორგანიზაციო გეგმა, რომლის განხორციელებაც ახალ პერსპექტივებს ქმნის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში. მან მადლობა გამოუცხადა თსუ-ს  რექტორ ჯაბა სამუშიასა და კოლეგებს გულთბილი მიღებისათვის. მისი აზრით, მნიშვნელოვანია პირდაპირი კომუნიკაცია და ერთობლივი  პროექტები, რათა გავაღრმავოთ ცოდნა ჩვენი ქვეყნების შესახებ.

ღონისძიებაზე პროფესორმა როზეტა გუჯეჯიანმა ხაზი გაუსვა ბულგარეთისა და საქართველოს ისტორიის გარკვეულ მსგავსებას, ისაუბრა ბაჩკოვოს მონასტრის მნიშვნელობის შესახებ; აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ 1900-იანი წლის დასაწყისში თედო სახოკიას აქვს გამოცემული პოპულარული ნაშრომი  ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ ბულგარელთა ბრძოლის შესახებ  მე-19  საუკუნეში  – „სამშობლოსათვის თავდადებულნი“. მან იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე თანამშრომლობა საშუალებას მოგვცემს ახალი ცნობები შევმატოთ საქართველოს ისტორიას, გავიღრმავოთ ცოდნა ბულგარეთის ეთნოგრაფიის შესახებ და ერთად ვიმუშაოთ ისეთ პროექტებზე, რომელთა თემატიკაც ორივე ქვეყნისათვის საჭირო და მნიშვნელოვანია. როგორც პროფესორმა ქეთევან ხუციშვილმა აღნიშნა,  „კლიმენტ ორჰიდელის სახელობის სოფიის უნივერსიტეტი უძველესი და წამყვანი უნივერსიტეტია ბულგარეთში, მაღალი აკადემიური ავტორიტეტით. ბულგარელ კოლეგებთან ქართველ ეთნოლოგებს მანამდეც ჰქონიათ ურთიერთობა: 1988 წელს ქართული ეთნოლოგიური სკოლის ფუძემდებლის გიორგი ჩიტაიას ხელმძღვანელობით დაიცვა დისერტაცია (ისტორია/ეთნოგრაფიის სპეციალობით) ვალენტინ ლაზაროვმა თემაზე – „ქართულ-ბულგარული პარალელები სახალხო მეურნეობაში – მეღვინეობა და მევენახეობა“. ვალენტინ ლაზაროვი დღეს ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიაში მოღვაწეობს. არსებობს ნ. ბრეგაძის შრომები ქართული და ბულგარული აგრარულ-საგაზაფხულო დღესასწაულების შედარებითი ანალიზის, პურის სახეობის შესახებ და სხვა. ბულგარელ კოლეგებთან თანამშრომლობენ ბათუმელი ეთნოლოგებიც. პროფესორ მარკოვასა და პროფესორ ილიევის ვიზიტი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კონკრეტული გეგმების შემუშავებისათვის“,  – განაცხადა ქეთევან ხუციშვილმა.

Facebook
Twitter
LinkedIn