ანთროპოლოგიური პერსპექტივით დანახული რუსეთ-უკრაინის ომი ბრიტანეთის სოციალურ ანთროპოლოგთა ასოციაციის ფორუმზე

თარიღი: 2023-05-10 15:26:45

აპრილის თვეში ლონდონში, ბრიტანეთის სოციალურ ანთროპოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით, ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია, რომლის მუშაობაშიც თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი ქეთევან ხუციშვილიც მონაწილეობდა. მისი მოხსენების თემა იყო: „ახალი დისკურსები რეგიონთაშორის პროექტებზე: საქართველო ევროკავშირის ,,გლობალური კარიბჭისსტრატეგიაში“ (New discourses on interregional economic projects: Georgia in EU’s “Global Gateway” strategy).  რა თემებზე გამახვილდა ფორუმზე ყურადღება და რა იყო მოხსენების ძირითადი ასპექტები, გვესაუბრება პროფესორი ქეთევან ხუციშვილი:

– ქალბატონო ქეთევან, ცნობილია, რომ ასეთი დიდი ფორუმები მნიშვნელოვანია სამეცნიერო აზრთა გაცვლა-გამოცვლისა და მომავალი თანამშრომლობების გაღრმავების კუთხით. როგორ შეაფასებთ ბრიტანეთის სამეცნიერო კონფერენციას, რამდენად მრავალფეროვანი თემატიკა იყო წარმოდგენილი მოხსენებების სახით?

– ანთროპოლოგიის მიმართულებით მსოფლიოში რამდენიმე მნიშვნელოვანი ასოციაცია მუშაობს – მაგალითად, „ევროპის სოციალურ ანთროპოლოგთა ასოციაცია“ (European Association of Social Anthropologists), „ამერიკის ანთროპოლოგთა ასოციაცია (American Anthropological Association)“ და სხვ. ამ დიდ ორგანიზაციათა შორის არის „ბრიტანეთის სოციალურ ანთროპოლოგთა ასოციაცია“ (Association of Social Anthropologists of The UK), რომელშიც გაწევრიანებულები არიან ანთროპოლოგები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ისინი პერიოდულად დიდ ღონისძიებებს – კონფერენციებს და სემინარებს მართავენ, რაც ანთროპოლოგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სივრცეა იმისთვის, რომ დარგში მიმდინარე მეთოდოლოგიური, თეორიული, თემატური და სხვა პროცესები თვალსაჩინოდ წარმოჩნდეს. ამ ტიპის ფორუმები ყველა ასაკის ანთროპოლოგისთვის – დამწყებისა თუ უკვე ჩამოყალიბებული მკვლევრისთვის, მნიშვნელოვანია აზრთა გაცვლისა და იმაზე დაკვირვებისთვის, თუ რა პერსპექტივები გააჩნია ანთროპოლოგიას, როგორც მეცნიერებას.

ბრიტანეთის სოციალურ ანთროპოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით სწორედ ასეთი დიდი ფორუმი ჩატარდა 11-14 აპრილს ლონდონის უნივერსიტეტში. ფორუმი და მასში შემავალი სესიები თემატურად საინტერესოდ იყო დალაგებული და სრულ შესაძლებლობას იძლეოდა სამეცნიერო მუშაობისთვის. სესიებზე ძირითადი მსჯელობა იმართებოდა მიმდინარე მოვლენებზე – თუ რა გავლენა იქონია და როგორ იმოქმედა განვლილმა წლებმა, პირველ რიგში კი, პანდემიამ, ანთროპოლოგთათვის ველის აღქმასა და მასალის მოპოვების ხერხებზე, რა არის ის ახალი საშუალებები, რომლებიც ისევ დარჩება ჩვენს „აღჭურვილობაში“, ან რა არის ის, რაზეც შეიძლება ვიკამათოთ, ვიდავოთ და შევთანხმდეთ.

– რას შეეხებოდა თქვენი მოხსენება და რა ძირითად ასპექტებზე გაამახვილეთ ყურადღება?

– ჩვენი სესია სპეციფიკური იყო იმ თვალსაზრისით, რომ ის ეძღვნებოდა არა მეთოდოლოგიას,  არამედ  იმას, თუ როგორ იცვლება სამყარო, რომლებია ჩვენთვის საინტერესო საკითხები ამ ცვალებად სამყაროში და როგორ ვიკვლევთ მათ. ერთ-ერთი თემა იყო უკრაინის ომის გავლენა უშუალოდ  ჩვენსა და ჩვენთან დაახლოებულ სხვა რეგიონებზე –  ჩვენ განვიხილეთ ეთნოლოგიური პერსპექტივით  შიგნიდან დანახული პროცესები. ამ თემაზე რამდენიმე მოხსენება იყო წარმოდგენილი. მათ შორის იყო ჩემიც, რომელიც ეხებოდა ახალ კავშირებს და ომით სტიმულირებულ ახალ იდეებს – როგორ შეიქმნა ახალი რეგიონული თანხმობები და ალიანსები, როგორ არის ეს ყველაფერი აღქმული ჩვეულებრივი მოსახლეობის მიერ, როგორ ჩანს საზოგადოების შიგნიდან ანთროპოლოგიური პერსპექტივით ეს პროცესები და რა გავლენას ახდენს იგი ყოველდღიურ ურთიერთობებზე.

– რამდენად დიდი იყო დაინტერესება აღნიშნული თემით?

– ინტერესი დიდი იყო, ვინაიდან ჩვენი თემა ეხებოდა საქართველოს – რა გავლენა იქონია ამ ყველაფერმა ჩვენს ქვეყანაზე, ასევე, მოიცავდა მწვანე ენერგიასა და უნგრეთ-რუმინეთ-საქართველო-აზერბაიჯანის კავშირის თემას. აქვე გეტყვით, რომ კვლევა ჯერ არ დასრულებულა და ჯერ მხოლოდ მიმდინარე პროცესებზე დაკვირვების შედეგები წარვადგინეთ.

შუალედური კვლევის მიხედვით, შეიძლება ვთქვათ, რომ ხშირ შემთხვევაში ერთგვარი პარალელური სივრცეები იქმნება – ერთი მხრივ, შეინიშნება აქტიურობა პოლიტიკურ, ან ეკონომიკურ დონეზე, იქმნება პოლიტიკური კავშირები და ალიანსები, მეორე მხრივ კი, იკვეთება სივრცე, რომელშიც ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურობა მიმდინარეობს. ეს სივრცეები დამოუკიდებლად არსებობს და მათ შორის გადაკვეთა არ ჩანს, რადგან საზოგადოებისთვის ის საკითხებია უფრო აქტუალური, რომლებზეც კონცენტრირებულები არიან. ანუ  თუ არ იქნება ინფორმაციის ინტენსიური მიწოდება მედიასაშუალებებით, აღარ რჩება იმის დრო ადამიანების ყოველდღიურობაში, რომ ასეთი დიდი საკითხები განიხილონ. ამ კვლევის შედეგად,  ჩანს, რომ ინტერესთა ჯგუფების მხრიდან ნაწილობრივი ინფორმაციის მიწოდება ხდება ხანდახან, რაც არ იწვევს იმის სტიმულირებას, რომ საზოგადოება სრულად იყოს ჩართული ამ განხილვებში.

– ხომ არ გამოიკვეთა ახალი პარტნიორები და ერთობლივი კვლევების შესაძლებლობები?

– მსგავსი შეხვედრებისა და კონფერენციების დიდი უპირატესობა ახალი კონტაქტების დამყარება და ამ კონტაქტების საფუძველზე იმის ფიქრია, თუ რა შეიძლება ერთობლივად გაკეთდეს – კვლევა, სხვადასხვა სამეცნიერო თუ სასწავლო პროექტი და ა.შ. ჯერჯერობით მხოლოდ მონახაზები გვაქვს, თუმცა არის ასეთი კავშირები და ვფიქრობთ, რომ ახლო მომავალში უფრო  მეტი გვექნება თქვენთვის სათქმელი.

Facebook
Twitter
LinkedIn