ინგლისურენოვანი სახელმძღვანელო – ბიზნესი (მე-12 გამოცემა) – ქართულად ითარგმნა
ბიზნესის გარემო; ბიზნესის სამართლებრივი ფორმები და მეწარმეობა; მენეჯმენტი და ორგანიზაცია; ადამიანური რესურსები; მარკეტინგი; სოციალური მედია, ელექტრონული ბიზნესი და ბუღალტრული აღრიცხვა; ფინანსები და ინვესტიციები – ამ თემატიკით დაინტერესებულ სტუდენტებსა და სხვა მკითხველს თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი სთავაზობს სახელმძღვანელოს – „ბიზნესი“ (მე-12 გამოცემა.) ის ერთ-ერთი პოპულარული წიგნია, რომელიც ბიზნესის ადმინისტრირების სწავლების პროცესში აქტიურად გამოიყენება. მისი ავტორები გახლავთ უილიამ მ. პრაიდი (ტეხასის უნივერსიტეტი), რობერტ ჯ. ჰაგსი (დალას ქანთრი ქომიუნითი კოლეჯი), ჯეკ რ. კაპური (დიუპეიჯის კოლეჯი). ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოს – ბიზნესი – ავტორიზებული თარგმანი ქართულ ენაზე მომზადდა თსუ-ს მიერ ორგანიზებული სახელმძღვანელოების თარგმნის პროექტის ფარგლებში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. სამეცნიერო რედაქტორია ეკონომიკის დოქტორი, თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი ლ. ქადაგიშვილი; რედაქტორები: ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ლ. ყორღანაშვილი; ეკონომიკის დოქტორი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი შ. შაბურიშვილი; მთარგმნელები: ეკონომიკის დოქტორი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი დ. სიხარულიძე; ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი თორნიკე ხოშტარია, თსუ-ს დოქტორანტები – ნ. მაისურაძე და ს. ტყებუჩავა. წიგნის გამოცემაზე მუშობდნენ: რ. მიქენაია (თსუ-ს გამომცემლობის რედაქტორი), ნ. დვალი, ლ. წიკლაური, ნ. ებრალიძე, მ. ებრალიძე, რომელთაც უზრუნველყვეს ამ წიგნის მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემა.
წიგნის თითოეული თავი იწყება ქეისით – „ბიზნესის წიაღში“, რომელიც ასახავს, თუ როგორ აწარმოებენ ბიზნესს მსოფლიოს წარმატებული კომპანიები. ტექსტში მოცემულ კონცეფციებს ყოველი თავის ბოლოს წარმოდგენილი ქეისები – „დაბრუნება ბიზნესის წიაღში“ – აჯამებენ.
კარგად სტრუქტურიზებული თეორიული მასალის ფუნდამენტური საკითხების გარდა, სახელმძღვანელოში შემოთავაზებულია პრაქტიკული ხასიათის დავალებები, რაც წიგნის განსაკუთრებული ღირსებაა.
ყველა თავში მოცემულია „წარმატების თემატიკასთან“ „პლანეტის დაცვასა“ და „სოციალურ მედიასთან“ დაკავშირებული ჩანართები, ასევე – ორი „პერსონალური აპლიკაცია“, რომლებშიც განხილული მაგალითები სტუდენტებს კონკრეტულ თავში წარმოდგენილი მასალის პრაქტიკაში გამოყენების მხრივ დაეხმარება. თეორიული და პრაქტიკული მასალის ამგვარი თანაფარდობა სტუდენტს ხელს უწყობს „ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლების“ უკეთ აღქმასა და გააზრებაში.
„ამდენად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმღვანელო – ბიზნესი (მეთორმეტე გამოცემა) – წარმოადგენს ბიზნესის ადმინისტრირების დარგში გლობალურად დაგროვილი მდიდარი თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების ოპტიმალურ შეხამებას. მასში თავმოყრილია უახლესი მეცნიერული მიღწევები და ეყრდნობა სწავლების თანამედროვე მეთოდებს, რაც დიდ დახმარებას გაუწევს როგორც პროფესორებს, ასევე სტუდენტებს „ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლების“ სწავლების პროცესში“, – აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი, წიგნის პირველი ქართულენოვანი გამოცემის სამეცნიერო რედაქტორი, ეკონომიკის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი ლეილა ქადაგიშვილი.