თსუ-ს წიაღში ბიბლიის ძველი ქართული ტექსტების ციფრული დამუშავება და ელექტრონული გამოცემების მომზადება იწყება

თარიღი: 2024-05-31 14:57:39

თსუ-ს პროფესორ ანა ხარანაულის ხელმძღვანელობითა და პროგრამის დოქტორანტების (ლალი ვაშაყმაძე, თამარ მაგრაქველიძე) მონაწილეობით ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის ბიბლიოლოგიის მიმართულება ახორციელებს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ ფუნდამენტურ კვლევას — „მცირე წინასწარმეტყველთა წიგნების ძველი ქართული თარგმანები (ტექსტის გამოცემა, გამოკვლევა)“.

ფუნდამენტური კვლევის მიზანს წარმოადგენს მცირე წინასწარმეტყველთა ძველი ქართული თარგმანისა და მისი წყაროების გამოცემა და კვლევა. პროექტის ფარგლებში მომზადდება ორი ტიპის – სინოპტიკური და კრიტიკული – გამოცემა, ხოლო კვლევითი ნაწილი დაეთმობა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: თარგმანის წარმომავლობა, ტექსტის ისტორია, თარგმანის ენა და თარგმანის ტექნიკა. ასევე, მომზადდება მცირე წინასწარმეტყველთა ქართული თარგმანების შემცველი ბიბლიური, ეგზეგეტიკური და ლიტურგიკული ხელნაწერების კატალოგი. გამოცემის დაბეჭდვა გიოტინგენის სეპტუაგინტას ინსტიტუტის სერიაში იგეგმება, რომელიც სეპტუაგინტას თარგმანებს დაეთმობა.

,,მოგეხსენებათ, ბიბლიის კვლევას საქართველოში საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომლის პირველი ეტაპიც 2017 წელს ბიბლიის ძველი ქართული თარგმანის გამოცემით დასრულდა. თუმცა ახალი ეპოქა ახალ მოთხოვნებს აყენებს და უკვე აუცილებელი ხდება და, შეიძლება ითქვას, დაგვიანებულიც კია ბიბლიის ძველი ქართული ტექსტების ციფრული დამუშავება და ელექტრონული გამოცემების მომზადება. ამ მიმართულებით ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევებისცენტრსა და გიოტინგენის სეპტუაგინტას ინსტიტუტს ჰუმბოლდტის ფონდის დაფინანსების მოსაპოვებლად წარდგენილი გვაქვს ერთობლივი პროექტი, თუმცა ჯერ კონკურსის შედეგების მოლოდინში ვართ“, – აღნიშნავს ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის თანამშრომელი ნინო გიორგაძე.

რა თემას ეხება  გიოტინგენის სეპტუაგინტას ინსტიტუტთან ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში ჰუმბოლდტის გრანტზე შეტანილი კვლევითი პროექტი? – ამ კითხვაზე ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის თანამშრომელი ნათია მიროტაძე გვპასუხობს: ,,უპირველეს ყოვლისა, გვსურს, რომ თანამშრომლობას, რომელსაც ცალკეული მკვლევრების დონეზე უკვე ხანგრძლივი ისტორია აქვს, ინსტიტუციური სახე მიეცეს. შესაბამისად, ანა ხარანაულის, როგორც „ჰუმბოლდტელისა“ და ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის დირექტორის, ხელმძღვანელობით გიოტინგენის სეპტუაგინტას ინსტიტუტთან ერთად მომზადდა ინტერინსტიტუციური პროექტი – „მცირე წინასწარმეტყველთა წიგნებისა და მეოთხე და მეექვსე გალობათა ელექტრონული გამოცემა“. ჯერჯერობით, შედეგების მოლოდინში ვართ და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პროექტი მოიპოვებს დაფინანსებას. ამ თანამშრომლობის უმთავრესი მიზანი, გარდა ტექსტების ელექტრონული გამოცემისა, არის ის, რომ დაიხვეწოს როგორც ბერძნული, ასევე, ქართული ბიბლიისათვის ელექტრონული გამოცემების მომზადების მეთოდოლოგია, შემუშავებულ და გამოყენებულ იქნეს ერთი და იგივე მიდგომები თუ პროგრამული ხელსაწყოები. თანამშრომლობით შექმნილი სამეცნიერო პროდუქცია და ორი ინსტიტუციის საერთო მიზნები, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში მიიღწევა, იმის გარანტიცაა, რომ მომავალში, თუნდაც, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად განხორციელებული კვლევები თუ მომზადებული გამოცემები იქნება ურთიერთთავსებადი და, რაც მთავარია, სანდო ორივე ინსტიტუციისთვის. აღნიშნული კიდევ უფრო გაზრდის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და ასპარეზს. ამასთან, თავად ჰუმბოლდტის ფონდის მოთხოვნაა, რომ პროექტში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა მეცნიერი – მაგისტრანტები და დოქტორანტები – იყოს ჩართული ორივე ინსტიტუციიდან, რაც კარგი საშუალება იქნება ჩვენთვის როგორც კონტაქტების დასამყარებლად, ასევე კვალიფიკაციის ამაღლებისა თუ კარიერული წინსვლისათვის. მოკლედ, პროექტზე დიდ იმედს ვამყარებთ და, იმედია, გამოვა“, – ამბობს ნათია მიროტაძე.

ცნობისთვის: თსუ-ში 2008 წლიდან მოქმედებს სამაგისტრო პროგრამა – „შუა საუკუნეების ქრისტიანული აღმოსავლეთის ფილოლოგია“ (პროგრამის ხელმძღვანელები: ანა ხარანაული და ნათია ჩანტლაძე), 2012 წლიდან კი სადოქტორო პროგრამა – „ქართული ბიბლიის ფილოლოგია“ (პროგრამის ხელმძღვანელები: ანა ხარანაული და დარეჯან თვალთვაძე). ამასთანავე, 2019 წლიდან თსუ-ში ფუნქციონირებს ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრი.

ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს: ბიბლიოლოგიას, არმენოლოგიას, ხელოვნებათმცოდნეობას, ისტორიულ გეოგრაფიას.  ცენტრისა და სასწავლო პროგრამების მიზანია – წაახალისოს და გაააქტიუროს საქართველოში ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევები, რათა სამეცნიერო პროდუქციით წარმოჩინდეს ქართული ქრისტიანული კულტურა, როგორც ერთიანი ქრისტიანული კულტურული სამყაროს ნაწილი, მისი მემატიანე და ზოგჯერ ერთადერთი მოწმეც კი.  ამასთან, ცენტრის მიზანია შეიტანოს წვლილი და თავისი ხედვა ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევის ევროპულ სკოლებში.

Facebook
Twitter
LinkedIn