გამოვიდა ახალი მონოგრაფია – „ანტიკური ხანის ბერძნულ-ლათინური წარწერები, როგორც საქართველოს ისტორიის წყარო“
გამოვიდა ახალი მონოგრაფია „ანტიკური ხანის ბერძნულ-ლათინური წარწერები, როგორც საქართველოს ისტორიის წყარო“. ნაშრომზე ერთობლივად მუშაობდნენ თსუ-ს საქართველოს ისტორიის ინსტიტუტისა და თსუ-ს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის თანამშრომლები. წიგნის ავტორები არიან ნათია ფიფია, ეკატერინე კობახიძე და თედო დუნდუა. კვლევა დაფინანსებული იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ფუნდამენტური მეცნიერებებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ფარგლებში.
ნაშრომში შესწავლილია საქართველოში და საზღვარგარეთ აღმოჩენილი ანტიკური ხანის ბერძნული და ლათინური წარწერები, როგორც საქართველოს ისტორიის წყარო. საქართველოში აღმოჩენილი ბერძნული წარწერები ადრეც იყო შესწავლილი თინათინ ყაუხჩიშვილის მიერ, თუმცა, უახლესი გამოკვლევების ფონზე, შეხედულებები ყველაზე მნიშვნელოვან წარწერებთან დაკავშირებით რამდენადმე შეცვლილი იყო. შესაბამისად, საქართველოს ისტორიის კუთხით ამ ახალი მოსაზრებების შესწავლა, წარწერების თავიდან გაშუქება და ისტორიული კომენტარების დართვა აუცილებლობას წარმოადგენდა.
კვლევის შედეგად, ფაქტობრივად, სრული სურათი აღდგა, რადგან უცხოეთში აღმოჩენილი ბერძნული წარწერები ნაწილობრივ იყო შესწავლილი, შეუსწავლელი წარწერები კი მკვლევრების მიერ მოძიებულ იქნა ბერძნული წარწერების მონაცემთა ბაზების მიხედვით. ასევე, რადგან ანტიკური ხანის ლათინური წარწერებიდან ქართულ სამეცნიერო სივრცეში მხოლოდ მნიშვნელოვანი წარწერები იყო შესწავლილი, დარჩენილი წარწერები მოძიებულ იქნა ლათინური წარწერების მონაცემთა ბაზების მიხედვით.
მონოგრაფიაში განხილულია ქართულ საისტორიო წყაროებში შედარებით მწირად წარმოდგენილი და, შესაბამისად, ძირითადად უცხოენოვან წყაროებზე დაყრდნობით შესწავლილი პერიოდი, რომლის ტრადიციული ქრონოლოგიური ჩარჩოებია ძვ. წ. აღ. VI ს – ახ. წ. აღ. IV საუკუნეები. ანტიკური ხანის საქართველოს ისტორიისთვის ამ უცხოენოვან წყაროთა შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბერძნულ და ლათინურ წარწერებს, რომლებიც როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთაა დაცული.
კვლევის პროცესში რამდენიმე წარწერის მონაცემთა შეჯერების, მათი საერთო კონტექსტის და ზოგჯერ წარწერის ახლებურად წაკითხვის ვარიანტის გათვალისწინებით, შესაძლებელი გახდა ანტიკური ხანის საქართველოსთვის არაერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი და ბოლომდე დაუდგენელი ისტორიული ფაქტის გარკვევა: კერძოდ, ახლადაღმოჩენილ წარწერაზე სოხუმის ციხიდან დადასტურდა სანიგთა მეფე სპადაგასის მოხსენიება; ეშერის, ფაზისის და სოხუმის წარწერებისა თუ დამღების მიხედვით დაზუსტდა საქართველოში ბერძნული ახალშენების სტატუსი; ოსტიის წარწერის მიხედვით, ზედმიწევნით დაკონკრეტდა ფარსმანის რომში ვიზიტის თარიღი და გარემოებები; რომში აღმოჩენილი ერთ-ერთი წარწერისა და სხვადასხვა ანტიკური და ქართული წყაროების საფუძველზე გაირკვა ლუციუს ვერუსის პართული ექსპედიციის დროს რომაელთა სამხედრო შენაერთების იბერიაში ლაშქრობის ფაქტი და მიზეზები; მცხეთაში აღმოჩენილი რამდენიმე წარწერის შეჯერების საფუძველზე დაზუსტდა წარწერაში მოხსენიებულ პირთა: დედოფალ დრაკონტისის, ანაგრანესის და მეფე ამაზასპის ვინაობის საკითხი; მცხეთაში აღმოჩენილ ცნობილ სამარხში დაკრძალული ულპია დედოფლის წარწერისა და ამაზასპოსის ეპიტაფიის ერთ კონტექსტში შესწავლის ფარგლებში განიმარტა დედოფლის სახელის წარმომავლობის საკითხი და ეპიტაფიაში დასახელებული ამაზასპოსისა და მითრიდატეს ვინაობა; პარიზის მედალიონთა კაბინეტში დაცული ბეჭდის გემისა და ანტიკური წყაროების გამოყენებით დაზუსტდა „კარქედონელ იბერთა“ პიტიახშის, უსას ვინაობა, მისი სამფლობელო და მმართველობის სავარაუდო პერიოდი; ბაკურთან დაკავშირებული რამდენიმე წარწერის შეპირისპირებით, ასევე ლუციუს ვერუსის ექსპედიციასთან დაკავშირებული ლათინური წარწერის და მასთან ერთად ფრონტონის მარკუს ავრელიუსისადმი მიწერილი წერილის ქართულ ისტორიოგრაფიაში სამეცნიერო მიმოქცევაში შემოტანამ შესაძლებელი გახადა ფარსმან ქველის გარდაცვალების შემდეგ მომხდარი მოვლენების რეკონსტრუქცია და სხვა.
„საყურადღებოა, რომ უკვე კარგად ცნობილი და კვლევისას ახლად გამოვლენილი მონაცემები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ არმენიის, საბერძნეთის, რომის, პართიისა და ანტიკური პერიოდის სხვა ქვეყნების ისტორიის კვლევის კონტექსტშიც. საქართველოსა და საზღვარგარეთ არსებული ბერძნულ-რომაული წარწერები, რომლებიც შეიცავენ ინფორმაციას ანტიკური ხანის საქართველოს ისტორიის შესახებ, ამავდროულად, გვაწვდიან ცნობებს მეზობელი ქვეყნების ისტორიისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მაგალითად: საბერძნეთსა და რომში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლების და მათი შთამომავლების უფლებრივი და სოციალური სტატუსის შესახებ, რომაული სამხედრო აქტივობების და საჯარისო შენაერთების ფუნქციონირებაზე სხვადასხვა პროვინციებსა და მეზობელ ქვეყნებში, ბერძნული და რომაული რელიგიური კულტების არსებობაზე კოლხეთსა და იბერიაში, რომის მეგობარი ქვეყნების მმართველებისათვის რომის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე და ა.შ.“ – აღნიშნა ჩვენთან საუბარში მონოგრაფიის ერთ-ერთმა თანაავტორმა ნათია ფიფიამ.
მონოგრაფიაზე მუშაობის პერიოდში ავტორებმა ნაშრომის წინასწარი ვერსია წარადგინეს ათამდე საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაზე, მათ შორის, ანტიკური ხანის ბერძნული და ლათინური ეპიგრაფიკისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონგრესზე (ბორდო, საფრანგეთი, 2022 წ.) და მოამზადეს ათამდე სტატია.
მონოგრაფია ორ ენაზე – ქართულად და ინგლისურად არის შესრულებული.