ბექა შავლიაშვილს უკვე თითქმის ყველა კონტინენტზე ჰყავს ნაცნობი

თარიღი: 2025-02-19 12:58:52

ბექა შავლიაშვილი თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფრანგულ ფილოლოგიას ეუფლება. ისიც, როგორც უნივერსიტეტის ბევრი სხვა სტუდენტი, პირველივე კურსიდან დაინტერესებული იყო გაცვლითი პროგრამებით და გასულ სემესტრში ეს მიზანიც აიხდინა. ის ERASMUS+ გაცვლითი პროგრამით ერთი სემესტრი იმყოფებოდა პარიზის უნივერსიტეტში. 

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის მანაც ჩვეულებრივი გზა გაიარა – გაეცნო საკონკურსო განცხადებას, წარადგინა ენის დამადასტურებელი B2 დონის დიპლომი და სამოტივაციო წერილი, რის შემდეგაც გაიარა გასაუბრება კომისიასთან და შეირჩა საფრანგეთში სწავლის მსურველთა შორის.

ის ახლა ამბობს, რომ საზღვარგარეთ ერთი სემესტრით ყოფნამ დიდი გამოცდილება შესძინა: „პარიზში ვცხოვრობდი თავად უნივერსიტეტის კამპუსში (International Residence), სადაც ჩემთან ერთად ცხოვრობდნენ  სხვადასხვა ერის წარმომადგენელი სტუდენტები, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია  ურთიერთობების დამყარებისთვის. ამჟამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა კონტინენტზე ვიღაცას ვიცნობ“, – ამბობს ის.

ბექას მიაჩნია, რომ მიზნის ასრულებაში მისთვის სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია ის მთავარი საყრდენი, რომელმაც გზა გაუხსნა ცოდნისა და გამოცდილების შესაძენად. რაც შეეხება სხვაობას მშობლიურ და  მიმღები უნივერსიტეტების სწავლების მეთოდებს  შორის,  ამბობს, რომ ეს განსხვავება ნამდვილად შეიმჩნევა: „თსუ-ში გარკვეული ფაკულტეტის პროგრამა სრული და კომპლექსურია, ხოლო სადაც ვიმყოფებოდი, აქცენტს აკეთებდნენ მხოლოდ მნიშვნელოვანზე. აქედან გამომდინარე,  ვფიქრობ,  რომ  ცოდნის  არეალი  მცირდება და არ სცდები შენივე ცოდნის მინიმალურ ზღვარს. ასევე შეიძლება აღინიშნოს განსხვავება საგამოცდო სისტემებს შორის, რომელიც საინტერესოა. ყველას მოგეხსენებათ თსუ-ს შუალედური და ფინალური გამოცდები, ხოლო პარიზის უნივერსიტეტში გამოცდებს განსხვავებულად აბარებენ, ეს დამოკიდებულია პროფესორზე. შესაძლებელია, მან მოითხოვოს სემესტრის განმავლობაში რამდენიმე ტიპის დავალების შესრულება, რომელსაც სემესტრის ბოლოს შეაჯამებს – იქნება ეს პრეზენტაციები თუ ჯგუფური სამუშაოები“, – გვითხრა მან.

ყველაზე დიდი შთაბეჭდილება კი ბექაზე პარიზის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ მოახდინა. ის იხსენებს:  „ეს იყო უზარმაზარი ბიბლიოთეკა, რომელიც იშლებოდა ორ ქუჩაზე და ერთდებოდა ხიდით. მოიცავდა მრავალ განყოფილებას, იყო ცალკე სამუშაო მაგიდები, კომპიუტერები, წიგნების დიდი კატალოგი, ასევე  სპეციალური მოწყობილობები მუსიკის მოსასმენად, თუმცა, ყველაზე მეტად რაც მომეწონა, ეს იყო ფილმების პატარა დარბაზი დიდი არჩევანით, დიდი ტელევიზორებითა და ყურსასმენებით“.

ფაქტია, გაცვლითი პროგრამების ყველა მონაწილეს ჩამოაქვს იდეები სასწავლო გარემოს გაუმჯობესებისთვის. ოდესმე, ალბათ, ბექასაც ექნება შესაძლებლობა – თსუ-ში იხილოს სწორედ ის გარემო, რამაც პარიზში ასე მოხიბლა. 

Facebook
Twitter
LinkedIn