თსუ-ს როლი ეროვნული იდენტობის ფორმირებაში – ბექა ფაჩულიას კვლევა

თარიღი: 2025-04-28 19:14:37

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლი ეროვნული იდენტობის ფორმირებაში“ — ამ სახელწოდებით მოამზადა საკონფერენციო მოხსენება თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტმა ბექა ფაჩულიამ.

ბექასთვის სტუდენტური კონფერენცია ინტელექტუალური და აკადემიური ცოდნის თვითგამოხატვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. ,,ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა გვაძლევს საშუალებას, როგორც მკვლევარებმა, ჩვენი შესაძლებლობები განვავითაროთ“,  – ამბობს ბექა.

თავისი ნაშრომით სტუდენტი მიზნად ისახავდა წარმოეჩინა – თუ როგორ შეუწყო ხელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ქართული ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას. მისი თქმით, თსუ-ს ისტორია არა მხოლოდ საამაყოა, არამედ ნათლად ასახავს  – თუ რა გაიარა ქართულმა საზოგადოებამ დამოუკიდებლობისა და ეროვნული ღირებულებების დასაცავად.

კვლევის პროცესში ბექამ რამდენიმე ძირითად კითხვას გასცა პასუხი:

  • როგორი იყო ისტორიული კონტექსტი უნივერსიტეტის დაარსებისას?
  • როგორ ვითარდებოდა უნივერსიტეტი საბჭოთა ეპოქაში?
  • რა წვლილი მიუძღვის თსუ-ს ქართველი ხალხის წინაშე?

ისტორიული წყაროების ანალიზის საფუძველზე, ბექამ აჩვენა, რომ თსუ-მ გასულ საუკუნეში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეროვნული იდენტობის ფორმირებაში. ,,ეს იყო პირველი უმაღლესი სასწავლებელი, სადაც სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. ასევე, საჭიროა გავიხსენოთ 1978 წელი, როდესაც თსუ-ს სტუდენტებმა დიდი წვლილი შეიტანეს ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის დაცვაში“, — აღნიშნავს ბექა და დასძენს, რომ უნივერსიტეტი ზრდის ეროვნული შეგნების მქონე პიროვნებებს, რომლებიც შემდგომში თავიანთი ქვეყნის ღირებულებებს იცავენ.

ბექას კვლევა თანმიმდევრულად მიმოიხილავს ქართულ ეროვნულ იდენტობასთან დაკავშირებულ ისტორიულ გამოწვევებს – მე-19 საუკუნის რუსიფიკაციის მცდელობიდან მე-20 საუკუნის დამოუკიდებლობის აღდგენამდე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია გვესმოდეს ის გზა, რაც საქართველომ, ასევე, როგორც ერმა და, მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულებებმა გაიარეს დღევანდელი დამოუკიდებლობის მისაღწევად. მისი თქმით, კვლევისას ყველაზე დიდ გამოწვევას ისტორიული მასალის სიღრმისეული გაანალიზება წარმოადგენდა, რაც დროის ეფექტური განაწილების საჭიროებასაც გულისხმობდა. საბოლოოდ კი, ექსპერტების მხარდაჭერით, მან მოახერხა ნაშრომის ფოკუსის სწორად განსაზღვრა.

ბოლოს ბექას ვკითხეთ – რა პოტენციალს ხედავს თემის შემდგომი კვლევის მიმართულებით. როგორც გვიპასუხა, მიუხედავად იმისა, რომ თავისი ნაშრომი მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორიულ მოვლენებზეა ორიენტირებული, სიღრმისეულ კვლევას საჭიროებს მე-19 საუკუნეც – სწორედ ის საუკუნე, რომელმაც თერგდალეულების მოძრაობით მოამზადა ნიადაგი ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებისთვის და რომლის მემკვიდრეც უკვე მე-20 საუკუნის ეროვნული მოძრაობები იყო.

ბლიც-ინტერვიუ

რატომ აირჩიე შენი პროფესია და რამდენად მოგწონს?

– ყოველთვის მაინტერესებდა საზოგადოება, მისი ფორმირება და განვითარება. სკოლაში სწავლისას მიყვარდა ისტორია და ვფიქრობ, ჩემმა ინტერესებმა ლოგიკურად თავი მოიყარეს  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში.

რა ცოდნას გაძლევს უნივერსიტეტი?

– პირველ რიგში, უნივერსიტეტმა მასწავლა დამოუკიდებლობა და მომცა ის ცოდნა, რომელიც გამომადგება, როგორც პიროვნებას, პროფესიონალს და ქართველს.

ვინ არის/არიან უნივერსიტეტში შენი საყვარელი ლექტორ(ებ)ი?

– ჩემთვის საყვარელია ყველა ის ლექტორი, რომელიც ინტერესით ასწავლის თავის საგანს. საბედნიეროდ, შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი ლექტორი ბევრი მყავს!

რა სურვილები გაქვს, რაც უნივერსიტეტს და შენს სტუდენტობას უკავშირდება?  

– საგამოცდო ცხრილის გამოსწორებას ვისურვებდი…

Facebook
Twitter
LinkedIn