ბექა ბაიაშვილი თავისი მისწრაფებებით უნივერსიტეტს ,,ვალს“ უბრუნებს

თარიღი: 2023-09-26 19:35:13

ბექა ბაიაშვილმა როგორც ბაკალავრიატი, ასევე, მაგისტრატურა თსუ-ში დაამთავრა და დღეს უკვე თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზევე დოქტორანტურაში აგრძელებს სწავლას. ჯერ კიდევ ბაკალავრიატში სწავლისას დააინტერესა მდგრადი განვითარების კონცეფციამ და, უფრო კონკრეტულად, წრიულმა (ცირკულარულმა) ეკონომიკამ. ამ საკითხის გარშემო შექმნა სამაგისტრო ნაშრომიც.

,,დოქტორანტურის პერიოდში ვაგრძელებ ამ საკითხზე მუშაობას და მსურს შევისწავლო წრიული ეკონომიკის ბიზნესმოდელების ჩამოყალიბება-დანერგვის თავისებურებები საქართველოს ეკონომიკური სექტორების მიხედვით“, – ამბობს ბექა ბაიაშვილი. მას სურს აკადემიურ საქმიანობაში უფრო ღრმად ჩაიხედოს და უკეთ შეძლოს მისთვის საინტერესო მიმართულებების კვლევა.

ბექას მოლოდინები დიდი აქვს. სჯერა, რომ თსუ-სგან მიიღებს ყველაფერს, რაც მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საკითხის სიღრმისეულად დამუშავებაში დაეხმარება. ასევე, მისთვის პრიორიტეტულია, რომ შეძლოს არჩეული თემის გარშემო მაქსიმალურად ბევრგან გაავრცელოს ინფორმაცია. ამ კუთხით იგი  უნივერსიტეტისგან ელის კარგი შესაძლებლობების შექმნას.

უნივერსიტეტში სწავლისას, ვინც განსაკუთრებით დაეხმარა, გამოარჩევს პროფესორ ინეზა გაგნიძეს, რომელიც მისი სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი გახლდათ. ,,მისი სამეცნიერო ხელმძღვანელობით მონაწილეობა მაქვს, ასევე, მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციაში და გამოქვეყნებული მაქვს ნაშრომებიც. დოქტორანტურაზეც სწორედ ქალბატონი ინეზა მიხელმძღვანელებს ყველა ეტაპზე. მისგან ყოველთვის ვგრძნობ უდიდეს თანადგომას და საკუთარი საქმის სიყვარულს. არ არსებობს საკითხი, რომელშიც ბოლომდე არ მეხმარება და სწორ გზას არ მაჩვენებს“, – ამბობს ბექა ბაიაშვილი.

დოქტორანტმა იცის, რაც მისცა უნივერსიტეტმა, რომელსაც ,,ვალი“ უნდა დაუბრუნოს თავისი პროფესიული წინსვლით. ,,არ ვთვლი, რომ უნივერსიტეტმა კონკრეტულ მიმართულებაზე ამომწურავი და სრულფასოვანი ინფორმაცია უნდა მოგაწოდოს. არამედ, მან უნდა გასწავლოს  – თუ როგორ იმუშაო საკუთარ თავზე და შეგეძლოს ისწავლო ის, რაც შენ გჭირდება. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ თუ მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის, კაცობრიობის ცოდნა, დაახლოებით, საუკუნეში ერთხელ ორმაგდებოდა, დღეს ეს ტემპი სულ რაღაც 13 თვემდეა შემცირებული (ფაქტობრივი ინფორმაციის წყარო: https://lodestarsolutions.com/keeping-up-with-the-surge-of-information-and-human-knowledge/). შესაბამისად, უნივერსიტეტის ვალია საკუთარი თავის უკეთეს ვარიანტად გაქციოს და, ვთვლი, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეს ძალიან კარგადაა შესაძლებელი“, – აღნიშნავს ბექა.

Facebook
Twitter
LinkedIn