თსუ-დან პოტსდამამდე – ბექა ხუცურაულის ევროპული გამოცდილება

თარიღი: 2026-09-22 16:21:18

ბექა ხუცურაული თსუ ინგლისურენოვანი ეკონომიკის პროგრამის (ISET) მესამე კურსის სტუდენტია. გაცვლითი პროგრამით  გერმანიაში, კერძოდ, პოტსდამის უნივერსიტეტში იმყოფებოდა. მისი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ დღეს გაცვლითი პროგრამა ხელმისაწვდომია თსუ ნებისმიერი სტუდენტისთვის, რომლებსაც შეუძლიათ დააგროვონ გამოცდილება და ცოდნა საზღვარგარეთ გაიღმავონ.

„მე  განაცხადი  თსუ-ს ვებსაიტის საშუალებით გავაკეთე.  რაც შეეხება სირთულეებს, რეგისტრაციის პროცესი არ იყო ადვილი და ბევრი სხვადასხვა დეტალის გათვალისწინება იყო საჭირო. კონკურსის მიმდინარეობისას  ჩემი GPA-ს და სხვა უნარების გათვალისწინებით  იმედი მქონდა, რომ შესაბამისი კანდიდატი ვიქნებოდი და მოვიპოვებდი უფლებას, უცხოეთში გამეგრძელებინა სწავლა. კონკურსის დროს მეტი ყურადღება მივაქციე ინტერვიუს და ვფიქრობ, რომ ჩემმა მიზანდასახულობამ  და სწორად ჩამოყალიბებულმა პასუხებმა მომიტანეს წარმატება. ერთი რამ აშკარაა: ძალიან მნიშვნელოვანია თავიდანვე იმის ცოდნა, თუ რას ელი გაცვლითი პროგრამისგან“, – ამბობს ბექა.

მისი თქმით, გერმანიაში გატარებული   სემესტრის დროს დიდი გამოცდილება დააგროვა. „პოტსდამში სწავლის პერიოდმა მომცა შესაძლებლობა, გავცნობოდი ქვეყნის კულტურას, დაწყებული ცხოვრების სტილით და დამთავრებული გერმანიის დაუვიწყარი ატმოსფეროთი. განსაკუთრებით მომეწონა მათი სამუშაო ეთიკა და მონდომება. ამასთანავე, ვცდილობდი, რომ ეს თვისებები პოტსდამის უნივერსიტეტში შეძენილი მეგობრებისგან გამეთავისებინა. რა თქმა უნდა, საქართველოშიც უამრავი მოტივირებული და შრომისმოყვარე სტუდენტი გვყავს, მაგრამ გერმანული სწავლის მეთოდები და მიდგომები სიახლე იყო ჩემთვის. პოტსდამიც თავისი ღრმა ისტორიით, ძალიან ლამაზი ქალაქი აღმოჩნდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო პოტსდამის ინფრასტრუქტურა და გარემო.  ამ  ქალაქში იდეალურად ერწყმის ერთმანეთს წარსული, თავისი მრავალწლიანი ისტორიით, და თანამედროვეობა. ჩემთვის საინტერესო იყო  1900-იანი წლების არქიტექტურის გაცნობა.  მიუხედავად იმისა, რომ გერმანული ენა ვიცოდი, რაც ყოველდღიურ ურთიერთობაში მეხმარებოდა და გარკვეული დროის შემდეგ თავს უცხო ადამიანად აღარ ვგრძნობდი პოტსდამში, ეს აშკარად მათი ტოლერანტული ბუნების დამსახურებაა. საბოლოოდ, შემიძლია ვთქვა, რომ მადლობელი ვარ  ერაზმუსის პროგრამის, რამაც  შესაძლებლობა მომცა, გავმხდარიყავი ევროპული უნივერსიტეტის სტუდენტი; გამეღრმავებინა  ცოდნა და გამოცდილება და საქართველოში უფრო განვითარებული და მოტივირებული ჩამოვსულიყავი“, – ასე ისხენებს ბექა განვლილი სემესტრის შთაბეჭდილებებს.

მისი აზრით,  პოტსდამში ამ გამოცდილებებს ვერ მიიღებდა თსუ-ს მხარდაჭერის გარეშე. „ჩემმა უნივერსიტეტმა მომცა ის საჭირო უნარები, რაც აუცილებელია ევროპაში სწავლისთვის. თსუ-ში, კერძოდ, ISET-ში, სწავლის დროს ვერ ვამჩნევდი, თუ როგორ ხარისხიან და მომთხოვნ პირობებში ვიყავი ხუთი სემესტრის განმავლობაში. მხოლოდ იმის მერე, რაც მოვხვდი პოტსდამში და შევადარე ორივე უნივერსიტეტი, მივხვდი, რომ მათ ბევრი საერთო აქვთ. ISET-ში შევიძინე ის უნარები, რომლებმაც ჩემი გაცვლითი სემესტრი ბევრად სასიამოვნო და კომფორტული გახადა. რაც შეეხება ჩემს წარმატებას, თავიდანვე მსურდა გერმანიაში გაცვლითი პროგრამით წასვლა, რადგან გერმანულ ენას შევისწავლიდი (გერმანული სკოლა დავამთავრე) და ყოველთვის ვიყავი ამ ქვეყნით დაინტერესებული. საბოლოოდ, პოტსდამი ყველაზე კარგი არჩევანი აღმოჩნდა და საკმაოდ კმაყოფილი დავრჩი ამ გაცვლითი სემესტრით. არჩევანის პროცესში, ვფიქრობ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა იმასაც, რომ ვიცოდი, სად მინდოდა წასვლა და, ასევე, კარგ GPA-სთან ერთად, გერმანულ ენასაც ვფლობდი. საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ თსუ გერმანიის ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტს არ ჩამოუვარდება. რა განსხვავებაც აშკარად დავინახე, ეს იყო შეფასების სისტემა. გერმანიაში საკმაოდ უცნაური შეფასების სისტემა აქვთ, რაც ზოგჯერ დამაბნეველი იყო. მაგალითად, საუკეთესო ქულა არის 1, ხოლო ყველაზე ცუდი ქულაა 5. ასევე, ცოტა რთული აღსაქმელი იყო იქაური ქულათა სისტემისა და GPA-ს სისტემის შესაბამისობა. სამომავლოდ ვფიქრობ მაგისტრატურა გავიარო გერმანიაში, რადგან მოხიბლული დავრჩი ამ ქვეყნით. რა თქმა უნდა, ჯერ არ მაქვს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. თუმცა, პოტსდამის უნივერსიტეტში გატარებული სემესტრი მაძლევს მოტივაციას, სიამოვნებით გავაგრძელო გერმანიაში სწავლა მაგისტრატურის საფეხურზეც“, – ამბობს  ბექა ხუცურაული.

Facebook
Twitter
LinkedIn