ბექა ბაღათურიას სლოვაკური საზაფხულო სკოლა
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის IV კურსის სტუდენტი, ფილოლოგთა კლუბის ხელმძღვანელი ბექა ბაღათურია, მიმდინარე წლის 26 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით, ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტის მონიჭებული სტიპენდიითა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, მონაწილეობას იღებდა სლოვაკური ენისა და კულტურის საზაფხულო სკოლის 2026 წლის პროგრამაში, საიდანაც შთაბეჭდილებებით სავსე დაბრუნდა.
ბექა სამკვირიანი კურსის ფარგლებში 37 ქვეყნის 150-მდე სტუდენტთან ერთად საზაფხულო სკოლის ყველა აქტივობაში აქტიურად ჩაერთო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იგი პროექტის ერთადერთი ქართველი მონაწილე და ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი იყო.
ბექა ბაღათურიას ინფორმაციით, საზაფხულო სკოლის შესახებ დეკანატისაგან გავრცელებული ინფორმაციით შეიტყო, რის შემდეგაც მაია მენთეშაშვილის დახმარებით შეავსო საჭირო დოკუმენტაცია და განაცხადი გააკეთა, – სამოტივაციო წერილის დაწერიდან ერთი კვირის თავზე კი დადებითი პასუხიც მიიღო, რომ წარმატებით გაიარა კონკურსი, დააკმაყოფილა პროექტის ყველა მოთხოვნა და საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისათვის სლოვაკეთის რესპუბლიკის განათლებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტიპენდია დაენიშნა.
„საზაფხულო სკოლის 3-კვირიანი პროგრამა საკმაოდ დატვირთული, საინტერესო და სასიამოვნო იყო, შეიძლება ითქვას, ჩემს მოლოდინებსაც კი გადააჭარბა. პროგრამა ითვალისწინებდა როგორც სლოვაკური ენის საბაზისო დონის შესწავლას, ასევე ქვეყნის კულტურის გაცნობას. ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, დილის საათებში გვიტარდებოდა ლექციები, რის შემდეგაც შუადღისა და საღამოს საათები ეთმობოდა ღონისძიებებს, ექსკურსიებს, კონცერტებს და კულტურულ-შემოქმედებით აქტივობებს. მინდა აღვნიშნო, რომ საორგანიზაციო გუნდი – „Studia Academica Slovaca”, თავიანთი საქმის ნამდვილი პროფესიონალებისგან იყო დაკომპლექტებული, რომლებიც აღნიშნულ საზაფხულო სკოლას უკვე 62-ე წელია მართავენ. მინდა ასევე გამოვყო ჩემი სლოვაკური ენის მასწავლებელიც, რომელიც ყოველ დილას თავისი ხალისითა და შემართებით არაჩვეულებრივ სასწავლო გარემოს ქმნიდა. სტუდენტები სწავლებისას ჯგუფებად ვიყავით განაწილებული, ჩემთან ერთად ჩემს ჯგუფში იყვნენ: ბერძენი, იაპონელი, პორტუგალიელი, თურქი და პალესტინელი სტუდენტები, რომლებიც სემინარებზე ერთმანეთს ვუზიარებდით ამბებს ჩვენ-ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ენის შესახებ, განსაკუთრებით სახალისოდ მახსენდება ლექტორის ის დავალება, როცა მან სლოვაკური ენის გასატეხები გვასწავლა, სანაცვლოდ კი ყველას ჩვენი ენის გასატეხი უნდა გვეთქვა, რათა შეგვედარებინა – რომელი უფრო რთულად წარმოსათქმელი იყო. რასაკვირველია, ქართული ენის გასატეხები ვერცერთმა დასძლია და შემდგომი 3 კვირის განმავლობაში ხშირად მამეორებინებდნენ ჩვენ რთულ თანხმოვნებს, თუმცა წარმოთქმა, 3-კვირიანი პრაქტიკის მიუხედავად, მაინც ვერ შეძლეს, სამაგიეროდ უფრო მეტად დაინტერესდნენ ჩვენი ენითა და კულტურით და მოწადინებულნი არიან, რომ საქართველოს ესტუმრნონ“ _ იხსენებს ბექა
საზაფხულო სკოლიდან ქართველ სტუდენტს ასევე განსაკუთრებით დაამახსოვრდა გასვლითი ღონისძიებები და ექსკურსიები როგორც დედაქალქში, ასევე ქვეყნის სხვადასხვა ულამაზეს ქალაქში. „ სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი ექსკურსიის დასკვნითი ნაწილი შატოში გაიმართა, სადაც მასპინძელმა თავისი ღვინის დეგუსტაცია შემოგვთავაზა, საუბრისას კი დიდი დრო დაუთმო ყურძნის ქართულ ჯიშებზე და ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციებზე საუბარს, რა დროსაც იკითხა, რომელიმე ხომ არ ვიყავით წარმოშობით საქართველოდან, რაზეც, ცხადია, სიამაყით წარმოვთქვი – დიახ, მე ღვინის სამშობლოდან ვარ“ .
ბექას თქმით, პროგრამის განსაკუთრებული ნაწილი მისთვის იყო „ვორქშოპები“, სადაც ყველა მონაწილეს, სურვილის მიხედვით, შეეძლო ბოლო ერთი კვირა დაეთმო სასურველი ვორქშოპისთვის და აერჩია, რომელ თვითშემოქმედებით წრეში ჩაეწერებოდა, პროგრამის ბოლო დღეს კი სკოლის მონაწილეებმა თავიანთი წარმოდგენები სააქტო დარბაზის სცენაზე გამართეს, სადაც შეასრულეს სლოვაკური ტრადიციული სიმღერები, ცეკვები, დაიდგა მცირე თეატრალური ინსცენირებები, მხატვრულად წაიკითხეს სლოვაკ პოეტთა ლექსები და მოეწყო ნახატების გამოფენა, რის შემდეგაც გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.

„უამრავი მოგონებითა და თავგადასავლით აღსავსე საზაფხულო სკოლის პროგრამა დასასრულს მიუახლოვდა. ამ პროექტის დახმარებით ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო გამოცდილება დავაგროვე, ამასთანავე, შევიძინე უდიდესი ცოდნა ამ ქვეყნის, ხალხის, მათი ენის, ისტორიისა და კულტურის შესახებ, რამაც კიდევ უფრო მეტად აღმიძრა ინტერესი იმისა, რომ სამომავლოდ აუცილებლად ვეწვიო ამ შესანიშნავ ქვეყანას და კიდევ უფრო მეტი გავიგო მის შესახებ. შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ ის მიზანი, რაც საზაფხულო სკოლას ჰქონდა, პირნათლად შესრულდა. ამ პროექტმა, როგორც სტუდენტს, კარგად მაჩვენა ისიც, თუ როგორი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და კულტურის გაცნობა უცხოელთათვის. 3-კვირიანი პროგრამის ბოლოს 150-მდე სტუდენტმა თითქმის ყველაფერი ვიცოდით ამ ქვეყნის შესახებ, ამიტომაც ვისურვებდი, რომ მსგავსი ტიპის საზაფხულო სკოლები, მსგავს ფორმატში, ჩვენს ქვეყანაშიც ხშირად გაიმართოს, რადგანაც თანამედროვე სამყაროში, გლობალიზაციისა და უამრავი სხვა გამოწვევის პარალელურად, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტ უცხოელ სტუდენტს ჰქონდეს შესაძლებლობა, მეტი გაიგოს ჩვენ შესახებაც, რათა გაუჩნდეთ სურვილი, შეისწავლონ ჩვენი ენა, ჩვენი კულტურა, ისტორია, მწერლობა და ა.შ. აღნიშნული პროექტების განხორციელება და ორგანიზება კი, ვფიქრობ, რომ ძალზე აუცილებელია, რათა მოხდეს ცნობიერების უფრო მეტად ამაღლება. აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ პირად საუბრებში ბევრი სტუდენტისგან მოვისმინე, რომ აქვთ სურვილი უფრო მეტი იცოდნენ საქართველოზე და ერთ დღესაც ეწვიონ ჩვენს ქვეყანას. ვიმედოვნებ, ეს ასეც იქნება და ჩემს საერთაშორისო მეგობრებს კვლავ შევხვდები, ამჯერად ჩემა სამშობლოში“, – ამბობს ბექა ბაღათურია.
