ბეგლარ (ბეგო) ბეჟუაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფილმის ჩვენება თსუ-ში გაიმართა

თარიღი: 2023-12-11 20:49:47

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობენ  ადამიანები, ვისი ცხოვრება, საქმიანობა, ადამიანური თვისებები და ღრმად განსწავლულობა დაუსრულებლად საუბრის საშუალებას გაძლევს,  რომლებიც ჩუმად, უხმაუროდ აკეთებენ  სამაგალითო საქმეებს,  ზრუნავენ მომავალი თაობის ღირსეულად  აღზრდისთვის და  ამ ქვეყნიდანაც ჩუმად,   უხმაუროდ  მიდიან… ხშირად ეს ადამიანები შეუმჩნეველნი  არიან,   ხშირად  დაუფასებელნიც, მაგრამ მათი  მოღვაწეობა და თავისი საქმისადმი დიდი სიყვარული  თითოეული კოლეგის,  თანამოაზრის,  სტუდენტის  გულში წარუშლელ კვალს ტოვებს და ამიტომ მათ ყოველთვის დიდი პატივისცემითა და სიყვარულით  იხსენებენ. ასეთი  ადამიანის, მეცნიერის,  სამაგალითო ხელმძღვანელისა და პედაგოგის – ბეგლარ ( ბეგო) ბეჟუაშვილის  ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გადაღებული დოკუმენტურ-ბიოგრაფიული  ფილმის „ცხოვრების პოლიფონია“ პრეზენტაცია გაიმართა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 

ფილმის რეჟისორია თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ტელე-კინო ხელოვნების მიმართულების პედაგოგი, რეჟისორი და პროდიუსერი  ნინო გელოვანი.  ბეგლარ ბეჟუაშვილზე ფილმის შექმნის იდეა  აკადემიკოსს,   პროფესორ ინესა მერაბიშვილს ეკუთვნის.  ფილმში გამოყენებულია  რეზო გოგუას საარქივო მასალა. ფილმი  საინტერესო და ინფორმაციული  გამოვიდა, რომელიც  ბატონ ბეგლარს (ბეგო)  სხვადასხვა რაკურსით გვაცნობს. ფილმში   ბეგო ბეჟუაშვილის  ცხოვრებისა  და  მოღვაწეობის შესახებ საუბრობენ:  ინესა მერაბიშვილი, კოტე ჯანდიერი,  მერაბ კოკოჩაშვილი, ლალი ბეჟუაშვილი,  ლადო მინაშვილი,  როინ მეტრეველი, ვლადიმერ ასათიანი, რეზო გოგია, თამთა ბეჟუაშვილი და სხვები, რომლებიც  დიდი სიყვარულითა და პატივისცემით, უსაზღვრო მონატრებით გვიყვებიან   ადამიანზე, რომელიც განათლების,  პატრიოტიზმის,  სამაგალითო მეგობრობის,  საქმისადმი ერთგულების, ღირსებისა და თავმდაბლობის   საუკეთესო მაგალითს აძლევდა ყველას, ვინც მის თვალსაწიერში მოხვდებოდა. 

„დოკუმენტური კინოს რეჟისურა მიმზიდველი და მშვენიერი პროფესიაა, ირჩევ გმირს და მის განვლილ გზას ადევნებ თვალს,  ვიზუალური ხერხით გადმოსცემ   ამ პიროვნების ხასიათს, სულიერ სწრაფვასა და ემოციებს.  დღეს საზოგადოებას წარვუდგინეთ ეკლექტური  ფილმი მრავალმხრივ განათლებულ ადამიანზე – ბეგო ბეჟუაშვილზე, რომლის კინოპორტრეტი  ამ დიდებული ადამიანის  უკვდავყოფაა.

მინდა, დიდი მადლობა  გადავუხადო ბატონ ბეგოს იმ კეთილი საქმეებისთვის, რასაც თსუ-ში ხელოვნების მიმართულებით აკეთებდა.  გულწრფელი მადლობა  თითეულ  ადამიანს, ვინც  ფილმს კეთილგანწყობით უყურა და  ფილმზე მომუშავე შემოქმედებითი ჯგუფის შრომა დააფასა“, – განაცხადა ფილმის რეჟისორმა  ნინო გელოვანმა, რომელიც  უნივერსიტეტში   მოღვაწე გამოჩენილ მეცნიერებზე რამდენიმე ფილმის შემქმნელია.   

ფილმის ჩვენების შემდეგ ფილმის იდეის ავტორმა, პროფესორმა ინესა მერაბიშვილმა ვრცლად ისაუბრა  ბეგო ბეჟუაშვილის ცხოვრებასა და  მოღვაწეობაზე, მის პიროვნულ ხიბლსა და  ინტელექტზე.  

„ბეგო იყო აბსოლუტურად უნიკალური  მოვლენა. თსუ-ს  ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის  პოპულარიზაციას მან თავისი ინტელექტითა და  ხასიათით შეუწყო ხელი. გარდა იმისა,  რომ  ის  თავისი ბუნებით    უნივერსიტეტის უერთგულესი ადამიანი  იყო,  ეროვნული სულისკვეთების მატარებელი კაციც იყო.  აი, ამ ფონზე მან შესძლო  ფაკულტეტის პროფესიული საქმიანობა ისე აეწყო, რომ შესაშური ყოფილიყო. მან ფაკულტეტზე  ისეთი პროფესურა მოიწვია და მოიზიდა, რომელიც ნებისმიერ ფაკულტეტს     „თეთრი შურით“ შეშურდებოდა.

როდესაც  ხელოვნების ფაკულტეტზე  თარგმანის განყოფილება დავაარსე, მასთან შეთანხმებით უნივერსიტეტის საუკეთესო  პედაგოგები მოვიწვიე. ბეგოს ძალისხმევითა და კონტაქტებით მის მიერ ფაკულტეტზე  შეკრებილ გუნდს შეემატნენ მერაბ მამარდაშვილი და აკაკი გაწერელია. ვის არ შეხვდებოდით ამ ფაკულტეტზე:  ცნობილ ლიტერატორებს, დრამატურგებს, რეჟისორებს, მხატვრებს,  მუსიკისმცოდნეებს, მელომანებს, თავად მომღერლებსა და მსახიობებს… ბეგო ანდამატივით იზიდავდა ყველას და მათაც თავისი ღირსეული წვლილი  შეჰქონდათ ამ ფაკულტეტისა და მთლიანად  უნივერსიტეტის მუშაობაში.   დავასახელებ კიდევ რამდენიმე მათგანს:  მერაბ კოკოჩაშვილი, ელდარ შენგელაია,  რეზო ესაძე, ტატა თვალჭრელიძე, ბუბა ხოტივარი, გოგი ნიჟარაძე,  ანზორ ერქომაიშვილი,  ვახტანგ როდონაია,  გულავერ ჭარელიშვილი,  კოტე ჯანდიერი,  გოგი ხუციშვილი,  ლადო ასათიანი, რომელიც   ფერწერის მიმართულებას უძღვება უნივერსიტეტში და მერაბ კოკოჩაშვილი, რომელიც დღესაც აგრძელებს თსუ-ში კინოხელოვნების კათედრის ხელმძღვანელობას. ბეგოს მოღვაწეობის დროს  ხელოვნების ფაკულტეტს, ასე ვთქვათ, ,,თაფლი“ ეცხო… მისი უშურველი რჩევები და ფართო მსოფლმხედველობითი ხედვა  ყველასათვის ჰაერივით იყო საჭირო. ჰქონდა არაჩვეულებრივი ლიტერატურული გემოვნება და ალღო.

თსუ-ს ხელოვნების ფაკულტეტს უნივერსიტეტში ბეგოს ფაკულტეტად მოიხსენიებდნენ. სამწუხაროდ, საუნივერსიტეტო რეფორმამ მთლიანად დაშალა ეს კერა, ხოლო ბეგოს ადგილი უნივერსიტეტში აღარ მოიძებნა. თქვენ თავად განსაჯეთ, რა დაკარგა ამით დედაუნივერსიტეტმა და რა ტკივილი შესძინა ამან თავად ბეგო ბეჟუაშვილს“, – განაცხადა  პროფესორმა ინესა მერაბიშვილმა, რომელმაც  დიდი ინტელექტუალის  ადამიანურ თვისებებსა და  სამაგალითო მეგობრობაზეც ისაუბრა.

მრავალმხრივ მოღვაწედ და დიდი საქმის მკეთებლად მოიხსენია   ბეგო ბეჟუაშვილი   მერაბ კოკოჩაშვილმა, რომელმაც  ფილმი დადებითად შეაფასა და დამსწრე საზოგადოებას  კიდევ ერთხელ შეახსენა ბატონი ბეგოს მოღვაწეობის მნიშვნელობა და  უნიკალურობა: აქ ბრძანდებით ბატონი ბეგოს  მოწაფეები, მეგობრები, კოლეგები და  ყველა თქვენგანისთვის ძვირფასია  არსებობა ისეთი შესანიშნავი და უგანათლებულესი ადამიანისა, რომელმაც  მთელი თაობები მოიწვია უნივერსიტეტში ხელოვნების, კულტურის, ზნეობის,  სულიერების შესასწავლად და ამაზე ფიქრი ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ დაიწყო, როცა განჭვრიტა, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს საფუძველი  განათლება და  სულიერება უნდა ყოფილიყო.

ბეგო ბეჟუაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კინოს მიმართულების დამაარსებლია.   თავიდან ის  მეორადი  სასწავლო მიმართულება იყო,  რომელიც შემდგომ  ძირითად მიმართულებად გადაიქცა, სადაც კინოშემოქმედების ძირითადი სპეციალობები ისწავლებოდა.    ამ მიმართულებაზე   გაერთიანებულმა მეცნიერთა ჯგუფმა კინოს, ენისა და სტრუქტურის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია შექმნა, სადაც ჩვენი კინომცოდნეები მოღვაწეობდნენ. ლაბორატორიაში მათ მიერ მომზადდა ქართული და მსოფლიო კინოს  ენციკლოპედია, რომლის პროექტზე მუშაობისას  ბატონი ბეგო განსაკუთრებული  აქტიურობით გამოირჩეოდა.

ბატონი ბეგოს კაბინეტი სავსე იყო კინოფირებით, დისკებითა და ჩანაწერებით. იგი უდიდესი მოყვარული იყო ხელოვნების, საოპერო მუსიკის.  ის  ასევე  შემდგენელ-რედაქტორი  და ავტორია  შესანიშნავი კრებულებისა, საინტერესო სამეცნიერო კვლევითი ნამუშევრებისა.   ბეგო ბეჟუაშვილი  სტუდენტების განვითარების მიზნით დაინტერესებული იყო  ფაკულტეტზე  გამოჩენილი მეცნიერების, მოღვაწეების  მოწვევით“, – განაცხადა  მერაბ კოკოჩაშვილმა.    

„ბეგოს ფაკულტეტზე რა დროსაც არ უნდა  მისულიყავი, წააწყდებოდი მშვიდ მსჯელობას  ან გაცხარებულ კამათს  ლიტერატურაზე, კინოზე,  თეატრზე,  ათასგვარ  საინტერესო  ამბავზე და სხვა.  როცა საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა,  ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი  ჩამოყალიბდა, შეიქმნა კათედრები და ახალი განყოფილებები. ცოტა ხნის შემდეგ ბეგო ბეჟუაშვილი უკვე დეკანად დაინიშნა, მანაც ასე ვთქვათ „ფრთები გაშალა“ და, ამას თამამად ვამბობ, ფაკულტეტი არა მხოლოდ საუნივერსიტეტო, არამედ ეროვნული კულტურის მნიშვნელოვან კერად აქცია“, – აღნიშნა თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა თამაზ ჯოლოგუამ, რომელმაც ბატონი ბეგოს შესახებ სხვა საინტერესო  ცხოვრებისეული მომენტებიც გაიხსენა. 

„ათეული წლების განმავლობაში, რაც ბეგოსთან  სამსახურეობრივი და მეგობრული  ურთიერთობის ბედნიერება მქონდა, მასზე თავიდან ჩამომიყალიბდა და  დროთა განმავლობაში  სულ უფრო მიმტკიცდებოდა აზრი,  რომ ის იყო იშვიათი ინტელექტუალური ალღოთი  დაჯილდოებული,  ღრმად განსწავლული  ჰუმანიტარი, რომლისთვისაც კულტურისა და ხელოვნების ყველა სფერო შინაგანად ახლო,  აზრობრივად მისაწვდომი და ნათელი იყო…

ბეგოს ჰქონდა  გამორჩეული ინტერესის სფეროები: ლიტერატურა, საოპერო ხელოვნება და კინემატოგრაფია, მაგრამ, პირადად ჩემთვის, მისი აზრი არა მარტო კულტურისა და ხელოვნების, არამედ ცხოვრების ყველა სფეროში იყო მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი. ალბათ, ასეთ უნარს  უწოდებენ სიბრძნეს და ასეთ პიროვნებებს – ბრძენებს!“ – განაცხადა მხატვარმა, ფილოსოფიის დოქტორმა, თსუ-ს პროფესორმა     ვლადიმერ ასათიანმა, რომელმაც დიდი სითბოთი და სიყვარულით  გაიხსენა ბატონ ბეგოსთან ერთად გატარებული წლები.   

პრეზენტაციაზე ბეგლარ ბეჟუაშვილის მეუღლემ  ლალი ბეჟუაშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა  ფილმის შემქმნელებს, ღონისძიების ორგანიზატორებს, გამომსვლელებს  მისი მეუღლის   მიმართ ასეთი დიდი სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვის გამო და აღნიშნა, რომ „მთელი ორმოცი  წლის განმავლობაში ბეგო თავდადებით ემსახურებოდა  ფაკულტეტსა და  მთლიანად უნივერსიტეტს. იგი არა მარტო მომსწრე იყო ამ პერიოდის უნივერსიტეტის ისტორიისა , არამედ თავადაც ქმნიდა  მის ისტორიას.  უნივერსიტეტი  ბეგოსთვის   არა მარტო სამსახური,  არამედ მისი არსების,  სულის ნაწილიც გახლდათ.

ბეგოსთან ხშირად იკრიბებოდნენ  უნივერსიტეტელი თუ არაუნივერსიტეტელი მეგობრები:  გოგი ნიჟარაძე, გურამ შარაძე, გოგი დემეტრაძე,  გულავერ ჭარელიშვილი,  ვახტანგ გოგოუაძე, ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა,  გუჩა კვარაცხელია და სხვები. მათი ურთიერთობა მეგობრული სიყვარულის მაგალითი იყო.  მათ საუბრებში ჩანდა  დიდი შინაგანი კულტურა  და განათლება“, –  განაცხადა   ლალი ბეჟუაშვილმა, რომელმაც საინტერესოდ დახატა ბატონი ბეგოს ოჯახური პორტრეტი, როგორც უაღრესად მზრუნველი, მოსიყვარულე,   გულისხმიერი მამისა და ბაბუისა.

პრეზენტაციაზე  დიდი სითბოთი და სიყვარულით ისაუბრეს  ბეგლარ  ბეჟუაშვილის მეგობრებმა და მოსწავლეებმა: რეზო გოგიამ, გოჩა ბეჟუაშვილმა და სხვებმა, რომლებმაც  ბატონი ბეგო ძალიან ფაქიზი სულის ადამიანად, უღალატო მეგობრად, დიდი ერუდიციისა და  დიდი ორგანიზატორული ნიჭის მქონე  ადამიანად  მოიხსენიეს. ყველა გამომსვლელი ხაზს უსვამდა მის მოკრძალებულ, მშვიდ და  უხმაურო  ბუნებას, რომელმაც შეძლო  უმწიკვლო, შეუბღალავი  კაცის სახელი დაეტოვებინა.  

      ბეგლარ   (ბეგო)  ბეჟუაშვილი დაიბადა 1940 წლის  18 ნოემბერს ქ. სამტრედიაში. აქვე დაამთავრა  საშუალო სკოლა წარჩინებით და  1956 წელს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.  სწავლის დამთავრების შემდეგ  მუშაობა დაიწყო  თსუ-ს   ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის წამყვან სპეციალისტად.  1985-1993 წლებში  ის  ამავე ფაკულტეტის დეკანის მოადგილეა, ხოლო 1993 წელს  დეკანის თანამდებობაზე  ინიშნება.  

ბეგო ბეჟუაშვილმა თსუ-ში   კულტურისა და ხელოვნების ინტერდისციპლინარული სამეცნიერო კვლევის ლაბორატორია ჩამოაყალიბა,  ფილოლოგიური  ფაკულტეტის ტექნიკური ბაზა  თანამედროვე ციფრული კომპიუტრული კინო-ტელე სამომნტაჟო ტექნიკით შეავსო და გამოყენებითი ხელოვნების სპეციალობები  უცხოური წარმოების საქსოვ-საკერავი მანქანებით აღჭურვა. მისი უდიდესი ძალისხმევით,    ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი,  საუნივერსიტეტო განათლების ნიშნით, გამორჩეულ ხელოვნების კერად გადაიქცა. 

სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის გარდა,   ბეგო ბეჟუაშვილი რამდენიმე წიგნის:  „მსოფლიო ლიტერატურა“, ,,რჩეული მოთხრობები“ (12 ტომეული)  და „დიმიტრი ყიფიანი – თხზულებანი 10 ტომად“ შემდგენელი და მთავარი რედაქტორია. 

ბეგო ბეჟუაშვილი იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დამფუძნებელი (წევრი) ზვიად გამსახურდიას, მერამ კოსტავასა და ვიქტორ რცხილაძესთან ერთად. ბეგო ბეჟუაშვილი 1998 წლის    18 აგვისტოს  ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. 

Facebook
Twitter
LinkedIn