თსუ-ს სტუდენტებმა ბათუმში წარმოებულ მასშტაბურ მშენებლობებზე კვლევა ჩაატარეს
,,ბათუმის ურბანული გამოწვევები – თანამედროვე არქიტექტურა (მასშტაბური მშენებლობები) და მისი ეფექტი ქალაქის ეკოლოგიაზე” – ამ სახელწოდებით დაამუშავეს პრობლემური თემა თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტებმა მარიამ გაფრინდაშვილმა და ია ნადირაშვილმა.
თუ რატომ დაინტერესდნენ ამ თემით – კითვაზე მარიამ გაფრინდაშვილი გვპასუხობს: ,,ბოლო პერიოდში საკმაოდ გახშირდა მასშტაბური მშენებლობები საქართველოს დიდ ქალაქებში. ცხადია, ეს ყოველივე ურბანიზაციის თანმდევი ნაწილია. ბათუმი დღეს ქვეყნის მეორე ურბანული ცენტრია, სადაც 15 წლის განმავლობაში მასშტაბური მშენებლობები მიმდინარეობს, რაც ტურიზმის, ეკონომიკისა და ბიზნეს სექტორის სფეროში საფუძვლიანი ძვრების მიზეზია. თუმცა, ვფიქრობ, ისეთი გამორჩეული საკურორტო ქალაქისთვის, როგორიც ბათუმია, ეკოლოგიას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შავი ზღვის დაბინძურება, სანაპირო ზოლის სიახლოვეს მიმდინარე მშენებლობები, ნარჩენების მართვა, მოსახლეობის დაბალი ეკოლოგიური თვითშეგნება – წლებია აქტუალობას არ კარგავს. ქალაქში, უკანასკნელ წლებში, ეკოლოგიური თვალსაზრისით ვითარება საგრძნობლად გაუარესდა, რაც სწორედ მასშტაბური მშენებლობების შედეგია, ეს ყოველივე კი არაერთი ეკოლოგიური საფრთხის მაპროვოცირებელი ფაქტორი ხდება“, – აღნიშნავს მარიამი.
,,მე და მარიკომ საკვლევი თემა მისი აქტუალურობიდან გამომდინარე შევარჩიეთ. სიახლე არ არის, რომ ბათუმში მიმდინარე მასშტაბური მშენებლობები ქალაქისთვის ბევრ პრობლემას წამოჭრის, მათ შორის, ეკოლოგიის კუთხით. ეს არ არის მხოლოდ ლოკალური პრობლემა, მისი გავლენა ბევრად მასშტაბურია. თანაც მშენებლობების მიერ გამოწვეული ფაქტორები მხოლოდ სამომავლო საფრთხეს არ გულისხმობს, არამედ დღესაც მკაფიოდ შესამჩნევია, რასაც ადგილობრივებთან ჩატარებული ინტერვიუებიც ადასტურებს. ასევე, პრობლემის სიმძაფრეს დოკუმენტური მასალაც ცხადყოფს, რაც საკმაოდ ჭარბადაა და კვლევაში მონაწილე ექსპერტებიც ადასტურებენ, რომლებიც თავადაც აქტიურად მუშაობენ ბათუმის პრობლემების გადაჭრის საკითხებზე“, – ამბობს ია ნადირაშვილი.
კვლევის თანახმად სტუდენტებმა დასკვნები კონფერენციაზე წარადგინეს. მათ მიერ შემუშავებული საკითხები მოიცავდა იმ ძირითადი ეკოლოგიური საფრთხეების შესწავლას, რის წინაშეც დგას ბათუმი ურბანული ტრანსფორმაციის ფონზე. სტუდენტებმა იკვლიეს ბათუმში არსებული მასშტაბური მშენებლობების ეკოლოგიური ეფექტი და ელემენტარული უსაფრთხოების საკითხი ადგილობრივი მოსახლეობის მაგალითზე.
,,ბათუმში არსებული მასშტაბური მშენებლობები მეტწილად მოქმედებს ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე; გამოიკვეთა ეკოლოგიური პრობლემები, როგორც ჰაერის, ლანდშაფტის, ისე წყლის რესურსებთან მიმართებით. პრობლემის აქტუალობას ხაზი გაუსვა ადგილობრივ მოქალაქეებსა და ექსპერტებთან ჩატარებულმა სიღრმისეულმა ინტერივუებმა.
კვლევამ გამოავლინა პრობლემასთან ბრძოლის სხვადასხვა გზა, რომელთაგან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება, მწვანე პოლიტიკის გატარება და ქალაქის გენერალური გეგმის ხელახალი დამუშავება.
მნიშვნელოვანია ბათუმის ფუნქციური პროფილის გაძლიერება და დივერსიფიკაცია, მისი ქალაქწარმომქმნელი დარგების გამრავალფეროვნება და მათში უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვა. ერთი მხრივ, ეს ნიშნავს ახალი ინდუსტრიული/საწარმოო ბიზნესცენტრის შექმნას, რაც არის მიზანმიმართული პოლიტიკა ქალაქწარმომქმნელი ახალი დარგების (მაგ., მსუბუქი მრეწველობა) სტიმულირების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით. უნდა აღინიშნოს, რომ ეკოლოგიურ საკითხებში უმნიშვნელოვანესია საზოგადოების როლი. აუცილებელია მათი ინტერესის გათვალისწინება, რაც გულისხმობს რესურსების სწორად გამოყენებას, გარემოს დაბინძურების თავიდან არიდებას და მაღალ სამოქალაქო ჩართულობას“, – აღნიშნავს მარიამ გაფრინდაშვილი კვლევის შედეგებზე საუბრისას.