საერთაშორისო მასშტაბის ქართული საქმე
(ორიოდე სიტყვით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე V“-ის შესახებ)
საბედნიეროდ, ქართული ჰუმანიტარული აკადემიური სივრცე სამეცნიერო კონფერენციების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის. პირიქით, ტარდება მრავალნაირი და მრავალფეროვანი ამგვარი ღონისძიებები, ზოგიერთის მასშტაბი საფაკულტეტო-საუნივერსიტეტოთი შემოიფარგლება, ზოგიერთი ეროვნულ-რესპუბლიკურის არის, ბევრი კონფერენციაც საერთაშორისო დონეზე ტარდება. ცხადია, განსხვავებული დაფარვის არეალი თითოეულ მათგანს სრულებითაც არ აკნინებს, პირიქით, ყოველ მათგანს თავისი სამიზნე აუდიტორია ჰყავს და შესაბამისი გათვლებიც გააჩნია.
მიმდინარე წლის 25-26 სექტემბერს ჩატარდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის სამი მონოთეისტური რელიგიისა და კანონიკური სამართლის შესწავლის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე V“.

ყოველი მსგავსი ღონისძების ჩატარებას კონკრეტული ადამიანები უზრუნველყოფენ. ამ შემთხვევაში ჩვენ მხედველობაში გვაქვს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის თანამშრომელთა პიროვნული ღირსებებით, ეროვნული აზროვნებით, მონდომებით, მაღალი პროფესიონალიზმით და მეცნიერული კეთილსინდისიერებით უხვად დაჯილდოვებული გუნდი ისტორიის დოქტორ, პროფესორ როინ მალაყმაძის ხელმძღვანელობით.
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, წლეულს საიუბილეო მეხუთე კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციაში 10-ზე მეტი ქვეყნის სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე 350-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.
კონფერენციაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და დოქტორანტები, ჩვენი უნივერსიტეტი აღნიშნულ ღონისძებაზე 50-მდე მკვლევრით იყო წარმოდგენილი. მოხსენებები ეხებოდა როგორც არქეოლოგიის, ისტორიის, ეთნოლოგიის, ლიტერატურათმცოდნეობის, ენათმეცნიერების, გეოგრაფია-ტურიზმის, ეკოლოგიის, პოლიტიკა-სამართალი-მმართველობის, განათლების, ფსიქოლოგიის, ხელოვნებათმცოდნეობა-რელიგიის ისტორიის თემატიკას.
სამეცნიერო კონფერენციის მთავარი მიზანი იყო კულტურათა და ცივილიზაციათა შეხვედრების ისტორიული გზაჯვარედინის – შავი ზღვის რეგიონის შემსწავლელი კომპლექსური ჰუმანიტარული კვლევების შედეგების წარმოჩენა. ღონისძიება, ასევე, მიზნად ისახავს ინტერდისციპლინური კვლევების წახალისებასა და საერთო კულტურული მემკვიდრეობის ირგვლივ აკადემიური დიალოგის გაღრმავებას. კონფერენციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა შავი ზღვის რეგიონის სამეცნიერო სივრცეში საქართველოს, კერძოდ კი, ბათუმის, როგორც ინტელექტუალური ცენტრის, როლის განმტკიცება.
სამეცნიერო კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, რუმინეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ოსტრავას უნივერსიტეტი (ჩეხეთის რესპუბლიკა).
კონფერენციის მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმენენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი, ისტორიის დოქტორი, პროფესორი როინ მალაყმაძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის როინ მეტრეველის მისასალმებელი სიტყვა წაიკითხა ამავე აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა ლია მელიქიშვილმა, დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი, ბათუმისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი ნიკოლაე დურა და სხვები.
კონფერნციაზე გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „შავიზღვისპირეთის გეოსტრატეგიული მნიშვნელობა მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში“, რომელსაც უძღვებოდნენ „ტროკადეროს ფორუმის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი ელენა ვასილინა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების საერთაშორისო ასოციაციის წევრი ვახტანგ მაისაია.
კონფერენციის მუშაობა აქტიურად მიმდინაროებდა 20-ზე მეტ სექციაში, სადაც მოხსენებები თემატურად იყო განაწილებული არქეოლოგიის, ისტორიის, ეთნოლოგიის, ლიტერატურათმცოდნეობის, ენათმეცნიერების, გეოგრაფია-ტურიზმის, ეკოლოგიის, პოლიტიკა-სამართალი-მმართველობის, განათლების, ფსიქოლოგიის, ხელოვნებათმცოდნეობა-რელიგიის ისტორიის მიმართულებით. კონფერენციაზე მუშაობდა ონლაინ სექციებიც. თითოეულ მათგანში სამეცნიერო საკითხების განხილვა მაღალ აკადემიურ და დინამიურ პროცესში მიმდინარეობდა.
კონფერენციაზე წაკითხული ნაშრომები იბეჭდება ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში ,,შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე”, რომელიც ინდექსირებულია საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში ERIH PLUS (Humanities and Social Sciences).
ამგვარ ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის თანამშრომლები, როინ მალაყმაძის ხელმძღვანელობით, ერთგვარ მეციხოვნეებად გვევლინებიან, რომლებიც ახერხებენ თავიანთი სამეცნიერო საქმიანობა სახელმწიფოებრივ დონეზე აიყვანონ.
კონფერენციის ბოლოს გაიმართა შეჯამება, სადაც ორგანიზატორებმა, სექციის ხელმძღვანელებმა და დამსწრე საზოგადოებამ შეაფასეს უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიება. ხაზგასმით აღინიშნა, რომ აღნიშნულ კონფერენციას, ისევე, როგორც ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ სხვა ღონისძიებებს, სამეცნიერო პროფესიონალიზმთან ერთად, ხაზგასმულად ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დატვირთვა და მნიშვნელობა გამოარჩევს.
მიხეილ ქართველიშვილი
ისტორიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მსოფლიო ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის ასისტენტ-პროფესორი
