პრაქტიკული უნარ-ჩვევების გასაღრმავებლად უცხოეთში
ბაია ბენდელიანი თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია, რომელიც გაცვლითი პროექტის – ,,Act For Good”-ის საშუალებით 10 დღით გაემგზავრება კვიპროსში.
ბაია ამჟამად დასაქმებულია ექსპედიტორ კომპანიაში, სადაც მუშაობა დაიწყო ორი წლის წინ ქოლ-ცენტრის ოპერატორად, შემდგომ გადაინაცვლა მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტად, ამ დროისთვის კი არის დეკლარანტი. ბაიამ თავის სამუშაო გამოცდილებაში კომპანიაში არსებული ყველა შესაძლო პოზიცია გაიარა და, მოკლე დროში მიღებული დასამახსოვრებელი შედეგების დამსახურებით, კომპანიაში რამდენჯერმე დაწინაურდა.
მისი საქმიანობის პერიოდში ბაიამ შეისწავლა გლობალური გადაზიდვის ქსელთა სირთულეები და ლოჯისტიკის კოორდინაცია; განავითარა სოციალური ურთიერთობების ისეთი სახე, რომლის დროსაც აუცილებელია პრობლემის გადაჭრის უნარები და მოულოდნელი გამოწვევებისგან თავის დაღწევის მყისიერი გზების აღმოჩენა. ამ უნარებმა და სამუშაო პერიოდში მიღებულმა გამოცდილებამ მისცა მყარი საფუძველი – გაეღრმავებინა უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა სოციალური მიმართულებით, რომელიც გაცვლითი პროგრამის ძირითადი მიზანი იყო.
პროექტის საშუალებით 5 ქართველი სტუდენტი და, მათ შორის, ბაია გაემგზავრება კვიპროსში 10 დღიანი ვიზიტით.
ბაიასთვის გაცვლითი პროგრამით უცხოეთში ცოდნის მისაღებად გამგზავრება პირველი გამოდილებაა. მისი თქმით, არსებობს რამდენიმე რჩევა, რომელიც საზღვარგარეთ სწავლებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის გამოსადეგი იქნება.
- პროგრამაში მონაწილეობისთვის ყველაზე მნიშვნელვანი საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და პრიორიტეტების სწორად წარმოჩენაა;
- სტუდენტის მონდომება მაქსიმალურად უნდა ჩანდეს სამოტივაციო წერილში, რომელიც შესარჩევ ჯგუფს გაეგზავნება;
- უცხოური გაცვლითი პროგრამებისთვის მნიშვნელოვანია აკადემიური ცნობები/სარეკომენდაციო წერილები, რომლის მომზადებაც შეგვიძლია ვთხოვოთ ლექტორებს;
- ხშირ შემთხვევაში უმჯობესია ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი, რომლის მიღებაც სხვადასხვა ტესტირებებით არის შესაძლებელი, თუმცა თბილისის სახელმიფო უნივერსიტეტიც წელიწადში ორჯერ ატარებს დამოუკიდებელ ტესტირებას;
- გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან პროგრამაში მონაწილეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო კომპონენტია, რომელიც კონკურსანტისთვის უმეტესად ინფორმაციული ხასიათისაა, მთავარია დაძაბულობამ არ გადაფაროს გამოცდილება და ენთუზიაზმი.
ბაია ამ დროისთვის დაინტერესებულია პოლიტიკის მიმართულებით და ცდილობს – მაქსიმალური გამოცდილება მიიღოს ქვეყნის როგორც შიდა, ისე საგარეო პროგრამების დახმარებით. მან გაცვლითი პროგრამების მოძიება დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო და ამ დროის განმავლობაში პროგრამის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად ყველა საჭირო ინფორმაცია შეაგროვა.
გაცვლითი პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი სამოტივაციო წერილი იყო, რომელშიც ბაია წერდა – ,,Erasmus Social Entrepreneurship პროგრამა არის ჩემთვის შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება მივიღო ამ სფეროში. მე ვარ ძალიან მოტივირებული ადამიანი, რომელსაც სურს ისწავლოს და წვლილი შეიტანოს სოციალური მეწარმეობის განვითარებასა და ზრდაში. მე მჯერა, რომ სოციალურ მეცნიერებებში ჩემმა გამოცდილებამ მომცა ძლიერი საფუძველი ბიზნეს სამყაროს სირთულეების გასაგებად და ვიცი, რომ ჩემი უნარები იქნება ამ პროგრამისთვის უპირატესობა”.
ქართველ მოხალისეებს საზღვარგარეთ აგზავნიან ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროგრამის ფარგლებში. ეს არის Erasmus +-ის მიერ მოწოდებული მოკლე/გრძელვადიანი შესაძლებლობა და ის ღიაა 18-30 წლის ახალგაზრდებისთვის. მოხალისეები ცხოვრობენ ევროკავშირის ქვეყანაში და ეწევიან სხვადასხვა აქტივობას.
„მიმაჩნია, რომ Erasmus Social Entrepreneurship პროგრამა არის შესანიშნავი შესაძლებლობა ამ სფეროში ჩემი ცოდნის გასაღრმავებლად. დარწმუნებული ვარ, რომ მაქვს საჭირო უნარები და ენთუზიაზმი ამ პროგრამაში ჩემი წვლილი შევიტანო და მივიღო ყველა გამოწვევა, რომელსაც პროგრამა შემოგვთავაზებს”, – ამბობს ბაია ბენდელიანი.
სალომე სიმონია,
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი