ბაჩო ხუროშვილი თსუ-ში გატარებულ სტუდენტობის წლებს დიდ და გენიალურ თავგადასავალს უწოდებს
ბაჩო ხუროშვილისთვის უნივერსიტეტი მხოლოდ საგანმანათლებლო სივრცე არასოდეს ყოფილა. მისთვის იგი არის ღირებულებითი სისტემა, აზროვნების ფორმირების ადგილი და ის ინსტიტუციური გარემო, სადაც ცოდნა თავისუფლებასთან, მრავალფეროვნებასთან და პასუხისმგებლობასთან ერთად ყალიბდება. პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის არჩევაც სწორედ ამ გააზრებულ დამოკიდებულებას უკავშირდება – სურვილს, მიეღო ხარისხიანი, ფუნდამენტური და არალიმიტირებული ცოდნა იმ სფეროში, რომლისკენაც ბავშვობიდან ჰქონდა მიდრეკილება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გატარებული წლები ბაჩოსთვის ინტელექტუალური და ადამიანური ჩამოყალიბების პერიოდია. ის თსუ-ს მოიხსენიებს – როგორც სივრცეს, სადაც ერთდროულად სწავლობ მეცნიერებას და ცხოვრებას, იძენ არა მხოლოდ დარგობრივ კომპეტენციებს, არამედ სწავლობ კრიტიკულ აზროვნებას, სამართლიანობის მნიშვნელობას, დამოუკიდებლობასა და სოციალური რეალობის გააზრებას. თსუ-ში გატარებულ სტუდენტობის წლებს იგი დიდ და გენიალურ თავგადასავალს უწოდებს და ასე იხსენებს: „მოვედი ჰიპერაქტიური ბიჭი, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა ის ცოდნა, კომპეტენციები და უნარები, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მომცა. რთულია ზედმიწევნით აღწერო, თუმცა თსუ-ში სწავლობ ორ რამეს. 1. მეცნიერებას და 2. ცხოვრებას. სწავლობ ბრძოლისუნარიანობას, სწავლობ – რას ნიშნავს სამართლიანობა, სწავლობ იმ ყოფით საკითხებს, რომლებიც გეხმარება, რომ გზა დამოუკიდებლად გაიკვალო. ხედავ და გრძნობ სოციალურ პრობლემებსა და რეალობას, აღიქვამ კონტრასტს. ხვდები – რას ნიშნავს აკადემია და ინსტიტუცია, განიცდი ღირებულებათა ცვლილებას და ფასეულობათა ტრანსფორმაციას“.
ბაჩოსთვის განსაკუთრებით ფასეულია თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მრავალფეროვანი აკადემიური გარემო, განსხვავებული კურსელები და აკადემიური პერსონალი, რაც, მისი თქმით, ქმნის სივრცეს, სადაც სტუდენტი თავისუფალია. „ეს ურთიერთობები არის ძალიან დიდი გამოცდილება, რომელიც მთელი ცხოვრება მიგყვება. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი არის მრავალფეროვნება და ინდოქტრინაციის წინააღმდეგობა. შენ კი აქ შეგიძლია იყო ის, ვინც ხარ და გინდა, რომ იყო იქ, სადაც აუცილებლად იპოვი შენს თანამოაზრეებს“, – იხსენებს ბაჩო.
კითხვაზე – თუ რა მისცა უნივერსიტეტმა, ბაჩო ამბობს, რომ ეს მაშინ გააცნობიერა, როცა თსუ-დან წავიდა და ვროცლავის უნივერსიტეტში დოქტორანტურის მისაღებ გამოცდებზე რთული კითხვები წარმატებით დაძლია. „ძალიან ღირსეულად ჩავაბარე იმ ცოდნით, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საბაკალავრო დონეზე მომცა და მგონია, რომ ესაა ინდიკატორი, საზომი და ვერიფიკატორი იმისა, თუ რა მომცა უნივერსიტეტმა. მაგისტრატურის საფეხურზეც უკვე დამოუკიდებლად ვაქვეყნებდი სამეცნიერო ნაშრომებს, რაც, ცხადია, კომპლექსურ ცოდნას მოითხოვდა. ზოგადად ვფიქრობ, რომ თსუ-ში მიღებული ეს ცოდნა უნიკალურია: აქ შენ, ერთი მხრივ, სწავლობ სპეციალობას და, მეორე მხრივ, იმას, რაც ამ უკანასკნელის იქით შეიძლება კიდევ გაინტერესებდეს. მე მქონდა ამის შესაძლებლობა, რომ ფაკულტეტის მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა საგანი გამევლო და შევხვედრილიყავი ძალიან საინტერესო ადამიანებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი ცოდნის და გამოცდილების გაზიარება შეეძლოთ“.
დღეს ბაჩო ხუროშვილი პოლიტიკის მეცნიერების მკვლევარი და ლექტორია. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს საჯარო პოლიტიკას, მმართველობასა და ადმინისტრირებას, დემოკრატიზაციისა და ევროინტეგრაციის პროცესებს. სადოქტორო დისერტაციას ვროცლავის უნივერსიტეტში იცავს, თუმცა მისი აკადემიური გამოცდილება სცდება ერთ ინსტიტუციას – იგი მუშაობდა და იკვლევდა ბერლინის ჰუმბოლდტის, ოქსფორდის, მასარიკის უნივერსიტეტებში, ასევე ევროკავშირის წამყვან სტრუქტურებში.
მისი დამოკიდებულება ცოდნისადმი პირდაპირ უკავშირდება პასუხისმგებლობას მომავალ თაობებზე. იგი დარწმუნებულია, რომ ქართველ ახალგაზრდებს აქვთ იგივე პოტენციალი, რაც მათ ევროპელ თანატოლებს და სჭირდებათ მხოლოდ მეტი მხარდაჭერა და შესაძლებლობა. ასევე მნიშვნელოვანია მისთვის ქართული აკადემიური სივრცის დაფასება და ინტეგრაცია ევროპულ სამეცნიერო კონტექსტში.
ბაჩო ხუროშვილისთვის უნივერსიტეტი არის აკადემიური თავისუფლების, ავტონომიისა და ღირებულებებზე დაფუძნებული განათლების უწყვეტი იდეა. სწორედ ამ იდეის ერთგულება აერთიანებს მის აკადემიურ გზას და ცოდნისადმი დამოკიდებულებას.
რაც შეეხება სურვილებს, რომელიც ახალ წელთან ასოცირდება, არ სცდება ახალგაზრდების მომავლისადმი პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას. ბაჩო ამბობს: „ძალიან მინდა, რომ ქართველ ახალგაზრდებს ჰქონდეთ ის შესაძლებლობები, რომლებიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არსებობს. ამას წინათ თსუ-ში ვესწრებოდი პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო ნაშრომების დაცვას და გაოგნებული ვიყავი – საოცარი ახალგაზრდები გვყვავს. მე პოლონეთში ვასწავლი პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე, აგრეთვე შეხება მაქვს ევროკავშირის წამყვან უნივერსიტეტებთან და მათ სტუდენტებთან – უბრალოდ არაფრით ჩამოუვარდებიან ჩვენი ბავშვები, რომელთაც მეტი მხარდაჭერა და შესაძლებლობები სჭირდებათ. ასევე ძალიან მინდა, რომ ქართველი აკადემიური პერსონალი იყოს მეტად დაფასებული და რეალიზებული კონტინენტური ევროპის მასშტაბით – მე მათი ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ და წარმატება მინდა ვუსურვო. ცოტა ბანალურია, მაგრამ მართლა მთელი გულით მინდა, რომ ქვეყანას ევროპული მომავალი და ადამიანებს ბედნიერება, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ვუსურვო. უნივერსიტეტს კი დაებედოს – მრავალი წელი შეძლოს ივანე ჯავახიშვილის ტრადიციების გაგრძელება. ესაა აკადემიური თავისუფლების, ავტონომიის, იმ სტანდარტისა და კულტურის შემოთავაზება და განვითარება/გაგრძელება, რომელსაც თსუ წლებია ქმნის“.
