ახდენილი ჩინური ოცნება

თარიღი: 2022-11-09 19:16:34

თორნიკე ტაბატაძე პეკინის ენებისა და კულტურის უნივერსიტეტში ისწავლის

თორნიკე ტაბატაძემ თსუ-ში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2018 წელს ჩააბარა. ისევე, როგორც ალბათ აბიტურიენტების უდიდეს ნაწილს, მასაც არ ჰქონდა ზუსტად გარკვეული, კონკრეტულად რისი სწავლა და კეთება მოუწევდა, თუმცა თუმცა ერთი რამ ზუსტად იცოდა  – უნდოდა ესწავლა რომელიმე აზიური ენა. ამ ოცნებას ღრმა ბავშვობიდან გაუდგამს ფესვი, რადგან, სკოლის ასაკიდან მოყოლებული, დაინტერესებული იყო აზიური კულტურით. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ თორნიკემ ძირითადი პროფესიის (სოციოლოგიის) პარალელურად ოცნების ახდენა გადაწყვიტა და არჩევანი ჩინურ ენაზე შეაჩერა.

„ჩემი აზრით, ჩინური ენა ყველაზე მეტად ამართლებს ჰაიდეგერის გამოთქმას: ,,ენა ყოფიერების სახლიაო”. მოგეხსენებათ, ჩინურში არ არსებობს ანბანი და ყველა სიტყვა დამოუკიდებელი, ინდივიდუალური იეროგლიფია, თუმცა იეროგლიფები არ არის აზრს მოკლებული ნახატები, მათ უკან უდიდესი ფილოსოფიური და კულტურული ცოდნა დგას. მაგალითისთვის მოვიყვან ჩინურის პირველ გაკვეთილზე ნასწავლ იეროგლიფს – 好 (ხაო), რომელიც კარგს ნიშნავს. თვითონ იეროგლიფი ორი ნაწილისგან შედგება: 女 (ნიუ, ქალი) და 子 (წი, ბავშვი). ანუ, ძველმა ჩინელებმა ჩათვალეს, რომ ყველაზე კარგი, რაც ამ ქვეყნად შეიძლება მოხდეს, არის ქალი, რომელსაც ბავშვი ჰყავს, შესაბამისად, თუ ჩვენ ამ ორ დამოუკიდებელ იეროგლიფს ერთად დავწერთ, მივიღებთ ახალ სიტყვას ,,კარგის” მნიშვნელობით.  ჩინური ენის თითქმის ყველა იეროგლიფის უკან მსგავსი ცოდნა დევს, რომლის აღმოჩენა და სწავლაც ერთი დიდი სიამოვნებაა. ამას გარდა, არჩევანის საფუძველი, რა თქმა უნდა, იყო ჩინური ენის პერსპექტიულობაც. მიუხედავად მისი სირთულისა, დღესდღეობით ჩინური ენა ინგლისური ენის შემდეგ ყველაზე მოთხოვნად ენად ითვლება მსოფლიოში და, შესაბამისად,  გააზრებული მქონდა, რომ ჩინურის ცოდნით ბევრი ახალი შესაძლებლობა გამოჩნდებოდა“, – ასე ხსნის ენის არჩევის მიზეზს თორნიკე, რომელიც იხსენებს, რომ, უნივერსიტეტში არსებული წესების გამო, ჩინური ენის არჩევა არცთუ ისე მარტივი აღმოჩნდა. 

„ჩინური ენის კურსი სოცილოგიის მიმართულებაზე არ არის მიბმული. ამიტომ თუ ამ ენის სწავლა თსუ-ში გინდა, საგანი უნდა აირჩიო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან ან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებიდან (რომელიც სოციოლოგიის პროგრამის სტუდენტებს არ ,,ეხსნებათ“). პირველი კურსის მეორე სემესტრის დაწყებამდე მე და ჩემმა რამდენიმე მეგობარმა, რომლებიც პოლიტიკის მიმართულებაზე სწავლობდნენ, მივმართეთ ჰუმანიტარულ ფაკულტეტს თხოვნით – ჩვენთვის ჩაესვათ ჩინური ენა, თუმცა პასუხად მივიღეთ ის, რომ ადგილები არ ჰქონდათ და თანაც სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების მიერ გადახდილი თანხა არ ხმარდება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს, ამიტომ ჩინურ ენას არ ჩაგვისვამდნენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გავაპროტესტეთ და საბოლოოდ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანამდე, ქალბატონ თამარ დოლბაიამდე მივედით, რომელიც დაგვპირდა, რომ მესამე სემესტრში მოგვცემდა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე არსებული ჩინური ენის არჩევის უფლებას. განსხვავება ის იყო, რომ ჰუმანიტარების ჩინური ხუთი სემესტრი ისწავლებოდა, ხოლო საერთაშორისო ურთიერთობების –  ოთხი სემესტრი“, –  ამბობს თორნიკე.

საბოლოოდ,  მესამე  სემესტრში  დაიწყო ჩინურის სწავლა და წელიწად-ნახევრის შემდეგ ჩააბარა ჩინური ენის საერთაშორისო გამოცდა B1 დონისთვის. ამის შემდეგ განაცხადი შეიტანა ჩინეთის სამთავრობო სტიპენდიაზე საელჩოში, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტებს სწავლა გააგრძელონ ჩინეთში სრულად დაფინანსებული საცხოვრებლითა და ყოველთვიური სტიპენდიით.

2021 წლის მარტში, საელჩოსთან გასაუბრების შემდეგ, თორნიკე ტაბატაძემ აღნიშნული სტიპენდია მოიპოვა და ჩაირიცხა პეკინის ენებისა და კულტურის უნივერსიტეტში ერთწლიან  ჩინური ენის კურსზე, რომელზეც სწავლა 2022 წლის სექტემბრიდან დაიწყო.

„დღესდღეობით ჩინეთში ცხოვრება, კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე, მეტნაკლებად,  სტრესულია, ვინაიდან ჩინეთი მკაცრად მიჰყვება სტრატეგიას ,,ნულოვანი ტოლერანტობა კოვიდს” (Zero Covid Policy). მიუხედავად ამისა, ჩინეთი მაინც  ის  ქვეყანაა, რომელშიც ნამდვილად ღირს მოგზაურობაც, სწავლაც და ცხოვრებაც. ჯერ-ჯერობით კვლავ არ გადამიწყვეტია  – მაგისტრატურას ისევ ჩინეთში გავარძელებ თუ არა, თუმცა ჩინეთის საელჩო ქართველი სტუდენტებისთვის სამაგისტრო  პროგრამებსაც აფინანსებს და, ჩემი აზრით, ეს ის შესაძლებლობაა, რომელიც  ყველამ,  ვინც ამ ქვეყნითა და ენითაა დაინტერესებული, უნდა გამოიყენოს“, – ამბობს თორნიკე.

Facebook
Twitter
LinkedIn