„ახალი ტექნოლოგიები – გამოწვევები განათლების სისტემისთვის“

თარიღი: 2025-02-20 14:23:10

,,მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშიდან (WEF, 2023) ცნობილია, რომ ამჟამად დასაქმებულთა უნარების 44% აღარ იქნება საჭირო მომდევნო ხუთი წლის შემდგომ; 10 დასაქმებულიდან 6 მათგანს დასჭირდება ტრენინგი 2027 წლამდე, მაგრამ დღეს დასაქმებულთა მხოლოდ ნახევარს აქვს წვდომა ადექვატურ ტრენინგზე; ბიზნესის წარმომადგენლები პესიმისტურად უყურებენ განვითარების შესაძლებლობებს იმის გამო, რომ შრომით ბაზარზე არაა ხელმისაწვდომი სათანადო უნარების მქონე სამუშაო ძალა და სხვა“, – ამის შესახებაა საუბარი თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ინეზა გაგნიძის მოხსენებაში („ახალი ტექნოლოგიები – გამოწვევები განათლების სისტემისთვის“), რომელიც მან იტალიის ქალაქ ვარეზეში, ინსუბრიის უნივერსიტეტის ეკონომიკის დეპარტამენტში ჩატარებულ მე-9 საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობისას გააკეთა. ინსუბრიის უნივერსიტეტის ეკონომიკის დეპარტამენტის ბიზნეს სისტემების ლაბორატორიის (Business Systems Laboratory) მე-9 საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართა სახელწოდებით – „ტექნოლოგია და საზოგადოება: სიკეთე თუ განსაცდელი?“

მომხსენებელმა ზემოთ აღნიშნული მოსალოდნელი სირთულეების საპასუხოდ დაინახა უნივერსიტეტების განსაკუთრებული როლი. ამის შესახებ ვრცლად იქნება მოთხრობილი Springer წიგნების სერიულ გამოცემაში, სადაც ინეზა გაგნიძის ნაშრომი გამზადებულია დასაბეჭდად.

ქალბატონმა ინეზამ ისაუბრა იმ საკითხებზეც, თუ როგორ შეცვალა ტექნოლოგიამ ჩვენი ურთიერთობები, ცხოვრების წესი, სამუშაო გარემო, სოციალური კავშირები და ბიზნეს ოპერაციები. „ტექნოლოგია აგრძელებს განვითარებას, გვპირდება ახალ წინსვლას, რომელიც შეცვლის ჩვენს ცხოვრებასა და პროფესიულ პეიზაჟებს. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია ხელს უწყობს უწყვეტ კომუნიკაციას, ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, მოგზაურობას, იდეების გაზიარებას, ცოდნის შექმნისას იზრდება შიში – საზოგადოებაზე მისი პოტენციური უარყოფითი ზემოქმედების შესახებ მომავალში. აღსანიშნავია, რომ შეშფოთება წარმოიშვა ხელოვნური ინტელექტის (AI) და ავტომატიზაციის პოტენციურ უარყოფით შედეგებთან დაკავშირებით. აღნიშნულის გარდა, დიდია სოციალური მედიის გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რაც მზარდი შეშფოთების საგანია. ტექნოლოგიის სოციალური ეფექტი შეიძლება იყოს როგორც მომგებიანი, ასევე საზიანო“, -აღნიშნა ასოცირებულმა პროფესორმა ინეზა გაგნიძემ.

სიმპოზიუმში – „ტექნოლოგია და საზოგადოება: სიკეთე თუ განსაცდელი?“ – ქართველ მომხსენებლებთან ერთად 20-მდე ქვეყნის 80-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.
როგორც პროფესორმა ინეზა გაგნიძემ აღნიშნა: „BSLab Symposium 2025 შეეცადა წარმოეჩინა საზოგადოებაზე ტექნოლოგიის დადებითი და უარყოფითი გავლენის კვლევა.
,,ღონისძიების მიზანი იყო ბუნებრივ, სოციალურ და ეკონომიკურ სისტემებს შორის რთული ურთიერთქმედების გაშუქება – მიეღო მულტიდისციპლინურ მიდგომათა მრავალფეროვნება, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სფეროებს, როგორიცაა მენეჯმენტი, ეკონომიკა, სოციოლოგია, ქცევითი მეცნიერება, ფსიქოლოგია, ეთიკა, ინჟინერია, დიზაინი, განათლება და სხვა.
აღნიშნულ სიმპოზიუმებზე თსუ-ს დელეგაცია პირველივე ღონისძიებიდან უწყვეტად მონაწილეობს, რასაც მალევე მოჰყვა შედეგები. თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი არჩეულია ბიზნეს სისტემების ლაბორატორიის სამეცნიერო საბჭოს წევრებად (http://www.bslaboratory.net/WEB/Scientific%20Board.htm), სამეცნიერო საზოგადოე¬ბას¬თან დაკავშირებული მაღალრეიტინგული ჟურნალების სარედაქციო საბჭოს წევრებად და სხვა. უცხოელ კოლეგებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია ერთობლივი სტატიები იმპაქტფაქტორიან და აღიარებულ გამომცემლობებში დაბეჭდილი სტატიები და მოხსენებები (მ.შ. Kybernetes; Springer book of proceedings და ა.შ.). “ – განაცხადა ინეზა გაგნიძემ, რომელიც სიმპოზიუმის ერთი სექციის „ნავიგაცია მომავალში: აღმოცენებადი ტექნოლოგიების ეკონომიკური გავლენა“ ხელმძღვანელი და მეორე სექციის თანახელმძღვანელი იყო.

Facebook
Twitter
LinkedIn