რუსთველური მხატვრული სახის ახალი ნიუანსი შექსპირის დრამატურგიაში

თარიღი: 2023-01-31 19:08:07

სამეცნიერო სესიაზე „ინოვაციები XXI საუკუნის ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში“, რომელიც მიმდინარე წლის 28 იანვარს  ჰუმანიტარულ მეცნიერებთა ფაკულტეტზე არსებული ქართველოლოგიური სკოლის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა, პროფესორმა ელგუჯა ხინთიბიძემ შექსპირის დრამატურგიაში რუსთველური მხატვრული სახის თაობაზე ერთი ახალი ნიუანსი წარმოადგინა. ელგუჯა ხინთიბიძეს არაერთი გამოკვლევა და მონოგრაფია აქვს გამოქვეყნებული როგორც საქართველოში, ასევე, საზღვარგარეთ, რომლებშიც ასაბუთებს, რომ შექსპირისა და მისი თანამედროვე დრამატურგების შემოქმედებაში „ვეფხისტყაოსანი“ გამოყენებულია ლიტერატურულ წყაროდ. კონფერენციაზე წარმოდგენილი სიახლე ნესტანის ტარიელისადმი მიწერილი წერილის ერთი ნიუანსის ალუზიას ეხება.

როგორც ელგუჯა ხინთიბიძე განმარტავს: „შექსპირის პიესაში „ციმბელინი“ „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტის თემაა გადატანილი, რომელიც რუსთველის მიერ საქართველოს XII საუკუნის დასასრულის ისტორიული მოვლენების მიხედვით არის მოაზრებული. ამავე პიესაში გადატანილია არა მხოლოდ სიუჟეტური ეპიზოდები, არამედ იურისპრუდენციული ტერმინები და მხატვრული სახეები, რომლებიც შექსპირის შემოქმედებაში მანამდე არ გვხვდება. ერთი მათგანია ნესტანის მიერ ქაჯეთის ციხიდან ტარიელისადმი მიწერილ წერილში ნახსენები ნაღვლის მელანი: „ტანი კალმად მაქვს, კალამი ნაღველსა ამონაწები“.

შექსპირის „ციმბელინში“, ისევე, როგორც „ვეფიხსტყაოსანში“, ნახსენებია მეფის მემკვიდრე ერთადერთი ქალიშვილის მიერ თავისი განშორებული სატრფოსადმი ნაღვლის მელნით დაწერილი წერილი. ნაღვლის მელნით დაწერილი წერილი პირველად შექსპირის შემოქმედებაში ჩანს პიესაში „მეთორმეტე ღამე“ (დაწერილია 1601-1602 წწ.)“.

ამჯერად პროფესორმა გამოავლინა, რომ „მეთორმეტე ღამეში“, ისევე, როგორც ნესტანის წერილში, მინიშნებულია კალამზეც, რომლითაც წერილი უნდა დაიწეროს, რაც ალუზია უნდა იყოს რუსთველისეულ იმავე მხატვრულ სახესთან: „ტანი კალმად მაქვს“.

ელგუჯა ხინთიბიძის მტკიცებით, „ვეფისტყაოსნის“ ამბავი შექსპირამდე სპარსეთში გაგზავნილი ინგლისელთა დიდი დელეგაციის წერილების საშუალებით მივიდა, რომელსაც ცნობილი დიპლომატი და მოგზაური ანტონი შერლი ხელმძღვანელობდა. ანტონი შერლის და მისი დელეგაციის დამფინანსებელ ინგლისელ გრაფებს ძალზე მჭიდრო კავშირი ჰქონდათ ინგლისის სამეფო კართან და, კერძოდ, თეატრალურ დასთან.

. . .

ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია „ინოვაციები XXI საუკუნის ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში“ თსუ-ს ქართული ლიტერატურის ისტორიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა. რიგით VI სამეცნიერო სესიაზე პროფესორებთან ერთად მოხსნებები დოქტორანტებმაც წაიკითხეს: ასოცირებული პროფესორი რუსუდან ნიშნიანიძე – „მითის ტრანსფორმაცია XX საუკუნის ქართულ მხატვრულ აზროვნებაში“; დოქტორანტი მაია კვირკველია – „ბესიკ ხარანაულის პოეზიის ძირითადი ასპექტები 70-იან წლებში“; პროფესორი ელგუჯა ხინთიბიძე  – „ახალი ნიუანსი შექსპირის დრამატურგიაში რუსთველური მხატვრული სახის თაობაზე“; ფილოლოგიის დოქტორი ირმა მაკარაძე -„ვარლაამისა და იოასაფის ისტორიის“ წყაროთა საკითხი“; ასოცირებული პროფესორი ზაზა ხინთიბიძე – „ვეფხისტყაოსნის “ქართული” და მისი მნიშვნელობა“; დოქტორანტი სოფიო გულიაშვილი – „ტექსტის ლინგვოკულტურული სპეციფიკის განმსაზღვრელი ელემენტების ასახვა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების რუსულ თარგმანებში“; დოქტორანტი კოტე ლომიძე – „რუსთველისა და დანტეს ერთი ეთიკური თვალსაზრისის შესახებ“; ფილოლოგიის დოქტორი ივანე მჭედელაძე – „ავტორი და მთარგმნელი: pro et contra?“; დოქტორანტი ნანა წოწონავა – „მგლის სიმბოლო იბერიულ სამყაროსა და მსოფლიო მითოსში“.

Facebook
Twitter
LinkedIn